მაკა ხარაზიშვილი
19.08.2015

 ქართული ატამი რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის. თუმცა ოპერატიული მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, წელს ატმის ფასმა რეკორდი მოხსნა. ამ ფაქტს, კახელი ფერმერები შემცირებული მოსავლითა და დიდი მოთხოვნით ხსნიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი კარგი ხარისხით.

ზაფხული იწურება და 1 კილოგრამი ატმის ღირებულება 2 ლარს არ ჩამოსცდა, მაღალი ხარისხის ატამი 2,5 ლარიც ღირს. სადგურის მოედანზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრე დალი კაპანაძე ამბობს, რომ ატამი წელს ნაკლებად შემოდის, კახეთში ადგილზევე იყიდება, ამიტომაც მისი ფასი გაიზარდა.

"შარშან ბაზარი კახელებით იყო სავსე. საკუთარი ავტომანქანებით ჩამოჰქონდათ, ნაწილს საბითუმოდ აბარებდნენ ნაწილს თავად ყიდდნენ. ახლა კახელების მანქანებს ნაკლებად ნახავთ. ადგილზევე ყიდიან, როგორც ამბობენ აზერბაიჯანელებს გააქვთო. თან მოსავალიც არ იყო ისეთი დიდი. კარგი ატმის ჩაბარების ფასი 1,8-2,1 ლარამდე მერყეობს. წელს ძალიან ძვირია. მყიდველი ფასის გამო ზოგჯერ მხოლოდ 2-3 ცალს ყიდულობს. ფასს გაიგებენ თუ არა ჩვენ გვეჩხუბებიან - არა გრცხვენიათო. რა ჩვენი ბრალია. ჩემი სახლისთვისაც კი ვერ მიყიდია, პირველად კომპოტის გარეშე დავრჩი", - ამბობს დალი კაპანაძე.

გურჯაანელი ვაჟა ბეჟანიშვილი ამბობს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა შეიძლება საშუალოდ შეფასდეს. მისი თქმით, რეალიზაციის პრობლემა არ ყოფილა, ვინაიდან ადგილზევე ყიდულობდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი გადამყიდველები.

"წელს ნორმალური მოსავალი იყო, თუმცა ბევრად უკეთესი იყო შარშან. მე მთელი ჩემი მოსავალი გავყიდე, ნაწილი ადგილობრივმა ვაჭრებმა წაიღეს, ნაწილი აზერბაიჯანელებმა. რუსეთისნომრიანი ავტომობილებითაც იყვნენ შემოსულები და სოფელ-სოფელ დადიოდნენ. ასე რომ, რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვქონია. შარშანდელივით უხვი მოსავალი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა უფრო დიდ შემოსავალს მივიღებდით", - ამბობს ვაჟა ბეჟანიშვილი.

ჩუმლაყელი ირაკლი ნესუაშვილის თქმით, მისი მთლიანი მოსავალი ოსმა და რუსმა გადამყიდველებმა წაიღეს. ნესუაშვილი ამბობს, რომ კახელი შუამავლების დახმარებით ოსები ტრაილერებით დადიოდნენ და ატამს აგროვებდნენ.

"წელს მოსავალი მაინც და მაინც დიდი არ იყო. რეალიზაცია ნამდვილად არ გაგვჭირვებია. მთლიანად ოსებსა და რუსებს გავატანეთ. ადგილობრივი შუამავლების თანხლებით ტრაილერებით დადიოდნენ და ატამს ეძებდნენ. ერთი კილოგრამი ხარისხის მიხედვით 80 თეთრიდან 1,5 ლარის ფარგლებში ჩავაბარე. მოსავალი ცოტა იყო და მაღალი ფასი სწორედ ამან განაპირობა. წლევანდელი წლით კმაყოფილი ვარ", - ამბობს ირაკლი ნესუაშვილი.

კახელი ფერმერი გიორგი ნატროშვილის თქმით, კახეთის ზოგიერთ რაიონში ატამი გაფუჭდა და მოსავლის რაოდენობა მცირე იყო, ამიტომაც ატმის ღირებულება წელს მკვეთრად გაიზარდა.

"წელს ჩვენ ცუდი მოსავალი გვქონდა, ჯერ იყო სიცივე, ნაწილი დაისეტყვა, შემდეგ გვალვა დაემთხვა და ძალიან ცოტა მოვკრიფეთ, განსაკუთრებით ვაჩნაძიანში, მუკუზანისა და წინანდლის მხარეს. მთლიანი მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე ორ კვირაში გავყიდეთ. უცხოელი იმპორტიორებისთვის არ ჩაგვიბარებია, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით იმდენი არ მოვიდა, რომ მსხვილი მყიდველი გვეძებნა", - ამბობს გიორგი ნატროშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, ივნისში შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ატმის ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული. წელს ივნისში 11 ათასი დოლარის ატამია ექსპორტირებული, მაშინ როდესაც შარშან ამავე პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 106 ათას დოლარს აღწევდა. ზოგადად, ატმის ექსპორტის პიკი ივლისსა და აგვისტოშია. მაგალითად, შარშან ივლისში საზღვრებს გარეთ 1,303 მილიონი დოლარის ატამი გაიყიდა, მთლიანობაში ატმის ექსპორტმა 2,519 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2015 წლის ივლისის მონაცემებს რამდენიმე დღეში დადებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ზვიადაძის ინფორმაციით, ივლისში ექსპორტი წელსაც დიდი იყო და ამ დროისთვის 4,516 ტონა ატამია ექსპორტირებული. "თითქმის იმ მოცულობის ექსპორტია, რამდენიც იყოს შარშან", - აღნიშნა ეკატერინე ზვიადაძემ. ყველაზე დიდი რაოდენობის ატამი რუსეთში გადის, მთლიანი ექსპორტის 51%, აზერბაიჯანში - 36%, დანარჩენი უკრაინაში, ყაზახეთსა და სომხეთში ნაწილდება.

"გარდა ამისა, საკმაოდ დიდია მოთხოვნა შიდა ბაზარზე. მოგეხსენებათ, რომ ივლისსა და აგვისტოში ტურისტების პიკია. ატმისთვის კარგი წელი იყო", - ამბობს ეკატერინე ზვიადაძე.

რაც შეეხება ფასს, მისი აზრით, ატმის სიძვირე კარგ ხარისხს უკავშირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულტაციო ცენტრებში აგროვადების დაცვასა და მცენარეთა მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით გლეხებს მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას, გარდა ამისა სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებმა სოფლების უმეტესობას სეტყვაა ააცილა. ამ ყველაფრის შედეგად კი წელს განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ატმის მოსავალი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×