მოსაზრება
20.08.2015

გოჩა ჭანიშვილი

დამოუკიდებელი ჟურნალისტი

თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ძნელია სხვა პრობლემის წამოჭრა, რადგან საზოგადოება დაძაბულია და სტიქიური უბედურებისაგან მიყენებული ტკივილი დიდხანს გაჰყვება. თუმცა, არამარტო დედაქალაქში, რეგიონებში არსებულ მოსალოდნელ საფრთხეებზე დიდი ხანია საუბრობს მოსახლეობა და მედია, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს და საგანგაშო არაფერია.

სხვა, უფრო დიდსა და მძლავრ სახელმწიფოშიც არაერთხელ მომხდარა სტიქიური უბედურება, მსხვერპლი და ზარალიც გაცილებით მეტი ყოფილა, მაგრამ იმ სახელმწიფოთა ხელისუფლება სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს იმისათვის, რომ საფრთხე თავიდან აიცილოს და ხალხი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს.

ორ ათეულ წელზე მეტია, მედიის სხვადასხვა საშუალებით სისტემატიურად შუქდება გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. ამ საკითხით "ბი-ბი-სი" გასული წლის ივლისში დაინტერესდა და ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა თემას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება "ამოწურულად" მიიჩნევს.

გარდა არსებული პრობლემებისა, თავი იჩინა ახალმა საფრთხემ, რომელიც გურიაში მდინარეებიდან ინერტული მასალების ამოღებას ეხება. არავინ იცის, თავს როდის იჩენს საფრთხე, რომელიც მოსახლეობას საშიშროებას უქადის. ამ და სხვა პრობლემებით შეწუხებული ხალხი ხშირად მიმართავს ადგილობრივ მედიას, რის საფუძველზეც შეიქმნა ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც თხოვნით მიმართა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, დახმარებოდა გურიის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში.

პარლამენტის წევრი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, გაეცნო ჟურნალისტთა მიმართვას და ხალხის თხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პრემიერის დავალებით შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა და დაევალა არსებული პრობლემების შესწავლა-მოგვარება.

თბილისში შეკრების შემდეგ, კომისიის სამუშაო ჯგუფი ოზურგეთს 12 მარტს ესტუმრა და ლამის ქარცეცხლში გაატარა ჟურნალისტი, რომელიც ამ თემაზე დიდი ხანია მუშაობს და შეჭირვებული მოსახლეობის თხოვნას ასრულებს თავისი პროფესიული მოვალეობის შეგნებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ კომისიის წევრებს მხოლოდ ერთი ჟურნალისტი აცნობდა წლების მანძილზე შექმნილ არასახარბიელო ვითარებას.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები განმარტებას მოითხოვდნენ ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც პარლამენტში გაგზავნილ მიმართვაში იყო მოყვანილი.

კომისიის წევრებს სათითაოდ ედოთ წინ სხვადასხვა ფერის მარკერით ხაზგასმული ჟურნალისტების მიერ პარლამენტში გაგზავნილი მიმართვის ქსეროასლი და თავიანთი უწყებების შესაბამისად ითხოვდნენ პასუხს ჟურნალისტისაგან, თუმცა მათ მიერ თავიდანვე ხელაღებით იყო უარყოფილი ყველა აღნიშნული პრობლემის არსებობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხატია ჯიქურიძე გამორიცხავს ოზურგეთში და ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე რადიაციული საფრთხის საშიშროებას. მისი განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს საკითხი რამდენჯერმე იქნა შესწავლილი და აქ რადიაციული ფონი დაშვებული ნორმის შესაბამისია. რაც შეეხება ანასეულში არსებულ პრობლემას, 2013 წელს ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა დაბინძურებული ნიადაგის მოჭრა და "დროებითი კონსერვაცია".

არავინ არაფერს ამბობს ნიადაგის დაბინძურების მიზეზებზე, ან იმაზე, თუ სად წავიდა ის რადიაციული ხელსაწყოები, რომელიც მანამდე იქ იყო ჩამარხული.

"2014 წლის მაისში მოხდა ოზურგეთში, კერძოდ ანასეულის ტერიტორიაზე ნიადაგის სინჯების აღება და ამერიკაში, ჯორჯიის უნივერსიტეტში მათი გამოკვლევა რადიონუკლეიდების და მძიმე ლითონების შემცველობაზე. შედეგი არცთუ ისე სახარბიელოა. ამ სინჯებში აღმოჩნდა ცეზიუმი, ურანი და სტრონციუმი. ეს ელემენტები რადიონუკლეიდებია, რომლებიც ადამიანისა და ცოცხალი ორგანიზმებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ," - ვკითხულობთ მეცნიერ გურანდა ავქოფაშვილის მიერ ამერიკაში ეკოლოგიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნაში.

ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, კომისიის წევრები საკითხის შესწავლით დაინტერესდნენ.

თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ დოლიძე, რომელიც წლების წინ თავად მონაწილეობდა მდგომარეობის შესწავლში, ამტკიცებს, რომ სარაკეტო სითხეები, რომელიც სოფელ მერიაში იქნა აღმოჩენილი, განსაკუთრებული საფრთხის შემცველი არ ყოფილა. ამ განცხადების შემდეგ, თვითონვე გაიხსენა, თუ რა სავალალო შედეგები გამოიწვია იქ არსებული სითხეების არამიზნობრივად გამოყენებამ, რაც მკვეთრად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, გავრცელდა და გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები, რომელსაც მოსახლეობა სამხედრო ბაზებზე შექმნილ პრობლემებს უკავშირებს. სპეციალისტებისაგან შექმნილი კომისიის წევრები თვლიან, რომ დაავადების გახშირება გლობალური პრობლემაა და სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. არაერთი მაგალითის მოყვანის შემდეგ გაკეთდა ასეთი განცხადება: "ჩვენ ვერ გავექცევით ჩერნობილის შედეგს, რადგან იქ მომხდარი აფეთქების შემდეგ ფერფლი ღრუბელმა დასავლეთ საქართველოსკენ წამოიღო, რომელიც შავიზღვისპირა ზოლის თავზე მოექცა და მწვანე ფოთლებმა ხის ფესვებში ჩაიტანა, რაც შემდეგ ნიადაგში გავრცელდა და დღემდე წარმოქმნის სხვადასხვა სახის პრობლემას."

ესე იგი, პრობლემა თურმე მაინც არსებობს, მაგრამ იგი ჩერნობილის ბრალი ყოფილა! (?)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნანა გაბრიაძე თვლის, რომ ჟურნალისტები ხშირად უშვებენ უზუსტობას. მაგალითად მოიყვანა მიმართვაში აღნიშნული წინადადება: "ხშირად ადამიანები დაუდგენელი დაავადებებით იღუპებიან," - ქალბატონმა ნანამ განმარტა, ასეთ შემთხვევაში არსებობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს გარდაცვალების მიზეზს.

ასეთი სახის პროცედურა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჭირისუფალი, რომელსაც ავადმყოფის ექიმთან მიყვანისა და წამლის შეძენის საშუალება არ გააჩნია, ბუნებრივია, სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას ვერ მოიპოვებს. რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევას, ისიც თანადაფინანსებით ხდება და ხშირ შემთხვევაში არც ამის შესაძლებლობა გააჩნია რეგიონებში მცხოვრებ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოსახლეობას.

კომისიის ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა წინადადება: "თუ იქნება დაფინანსება, ჩვენ შევისწავლით საკითხს!"

ვიდრე საკითხის შესასწავლად დაფინანსებას გამოჰყოფდა სახელმწიფო, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უკვე გაიხსნა ქიმიო-თერაპიული კაბინეტი და სათანადო გადამზადების შემდეგ, ონკოლოგი ნინო ქევანიშვილი პირველი ივნისიდან შეუდგა თავისი მრავალრიცხოვანი პაციენტების მკურნალობას.

კაბინეტის სამედიცინო აღჭურვილობისა და ექიმის გადამზადების ხარჯები სრულად "მედ-ალფამ" უზრუნველყო.

საზოგადოების ჩართულობის მიზნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ 25 მაისს მრგვალ მაგიდასთან მიიწვია მხარის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ხელმძღვანელები. შეხვედრაზე განიხილეს კონსტიტუციის 37-ე მუხლი, რომლის თანახმად მოქალაქეს უფლება აქვს, იცხოვროს ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში და ასევე, უფლებამოსილია, ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა კეთდება ეკოლოგიური უსაფრთხოების ზომების მისაღებად.

ქალქის მერმა ბეგლარ სიორიძემ თემის განხილვის შემდეგ ოფიაციალურად მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული ნარჩენების დროებითი სამარხის მდგომარეობის შესწავლა.

29 მაისს ოზურგეთში ჩამოვიდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ადგილზე შემოწმების მიხედვით, დროებითი შესანახების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საჭიროა ფიზიკური დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესება, კერძოდ, შესაბამისი გამაფრთხილებელი ფირნიშნებით იმ ღობეების მონიშვნა, რომლითაც შემოფარგლულია დროებითი შესანახები.

დეპარტამენტის უფროსის, ვასილ გედევანიშვილის მიერ ბეგლარ სიორიძისათვის გაგზავნილ დასკვნაში მითითებულია: "გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგის დროებითი შესანახების ფიზიკური დაცვა იმ ვადით, რომელიც საჭიროა ამდაგვარი ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილის (რადიაქტიური ნარჩენების სამარხი) მომზადებამდე."

- თუ საჭიროა ამ სამარხის ფიზიკური დაცვა და თუ მაინც გადასატანია დროებითი სამარხიდან, ესე იგი მაინც არის საფრთხის შემცველი. ამიტომ, გთხოვთ იზრუნოთ იმისათვის, რომ დროულად იქნას გატანილი ანასეულის ტერიტორიიდან ეს საფრთხის შემცველი ნარჩენები. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, - დასკვნის მიღებამდე, ადგილზევე მიმართა ჩამოსულ სპეციალისტებს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და სრული მზადყოფნა გამოთქვა პრობლემის მოსაგვარებლად.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ დროებითი სამარხის ადგილმდებარეობა იქნა შემოწმებული. როცა სხვა ტერიტორიების, კერძოდ, ყოფილი ქიმიური ქარხნის და სამხედრო საიდუმლო ლაბორატორიის ადგილმდებაროების შემოწმება მოითხოვეს ჟურნალისტებმა, სათანადო აპარატურა არ გვაქვს ჩამოტანილიო, - იყო პასუხი.

გარდა ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტების, ივანე დოლაკიძისა და ბექა მაღლაკელიძის მიერ 2015 წლის მარტში შედგენილ აქტს შეეხება.

აქტში ვკითხულობთ, რომ სოფელ მერიაში დათვალიერების შედეგად სპეციალისტებს ბუჩქოვანი მცენარეებისა და ერთი ამორტიზებული საცხოვრებელი შენობის გარდა არაფერი აღმოუჩენიათ. არადა, რომელი მხრიდანაც უნდა შემოუარო მერიის ყოფილ სამხედრო ბაზას, ორი კორპუსი - ერთი ხუთ და მეორე ოთხსართულიანი შენობა თვალნათლივ ჩანს.

გარკვეულ მდგომარეობაში, ალკოჰოლური თრობის, მხედველობის გაორების ან სხვა მიზეზის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ერთი ორად მოეჩვენოს, მაგრამ აუხსნელია, ორი ერთად რანაირად შეიძლება დაინახო?! ახლახან გადაღებულ ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ იქ ნამდვილად ორი შენობა დგას.

საინტერესო ის უფროა, რომ ეს აქტი პარლამენტართა მიერ აღძრული საკითხისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დავალების საფუძველზე შედგა, რომელშიც კიდევ უფრო საკვირველია ის, რომ სპეციალისტები მოთხოვნის თანახმად ატარებდნენ აღნიშნულ დათვალიერებას და აქტშიც აღნიშნავენ, რომ "დათვალიერებულ იქნა ასევე მომართვაში აღნიშნული სოფ. ლიხაურში გათვალისწინებული აკუმულატორების ჯართისა და ტყვიის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად შერჩეული ტერიტორია, რომელზედაც ამჟამად მშენებლობა არ მიმდინარეობს."

გაუგებარია, რომელ მშენებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები, ან რა უნდოდათ სოფ. ლიხაურში. ინდურმა კომპანიამ გასულ წელს დაიწყო თავისი არალეგარული საქმიანობა ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილი მანქანათმშენებლი ქარხნის დიდი ხნის წინ აშენებულ შენობაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, აი, რა ეწერა ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში გაგზავნილ მიმართვაში: "გთხოვთ, ეკონიმიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილოთ ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრე ინდური კომპანიის უკანონო ქმედება, რაც ტყვიის ჩამოსხმის მცდელობაში გამოიხატება. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის გარშემო მცხოვრები მჭიდრო მოსახლეობის საპროტესტო წერილი გამოქვეყნდა გაზეთ "ალიონში" (გასულ წელს), რის შემდეგაც დროებით შეაჩერა მუშაობა ინდურმა კომპანიამ, მაგრამ სამუშაო პროცესის განახლებას ეკონიმიკის სამინისტროს ნებართვის შემდეგ კვლავ გააგრძელებს (ასეთია მუქარისშემცველი მათი განცხადება), რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან მათი საქმიანობის განახლების შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ადგილობრივი მოსახლეობა," - ამას ითხოვდა მოსახლეობა ჟურნალისტების დახმარებით (ახლახან ცნობილი გახდა, ინდურმა კომპანიამ ქარხნის ტერიტორიაზე ნახმარი აკუმულატორებით დატვირთული ტრაილერი ღამის საათებში შეიყვანა. ეს ინფორმაცია "ალიონის" რედატორს, ნუგზარ ასათიანს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა).

ზემოაღნიშნული აქტი რამდენად შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნას, შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიგვინდია.

უფრო საყურადღებო მაინც ის არის, რომ ამ გაუგებარი "აქტის" საფუძველზე, 23 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, წერილობით მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ. ადმინისტრაციის უფროსმა საქმისწარმოების სამსახურის უფროსს, ლევან ერიქაშვილს დაავალა, აქტისა და მინისტრის პირველი მოადგილის გამოგზავნილ წერილზე დაყრდნობით პარლამენტისთვის მიემართა. ყველა აღნიშნულ წერილსა და მიმართვაში ხაზგასმით არის ნათქვამი, ჟურნალისტების მიერ მიმართვაში აღნიშნული ფაქტები არ დასტურდება.

ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ შეკრიბა მიღებული წერილები და აქტის ქსეროასლთან ერთად, სათითაოდ დაუგზავნა ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.

...მართლაც საკვირველია, სამთავრობო კომისიის წევრებს რატომ ჰქონდათ აჭრელებული ფერადი მარკერით ჟურნალისტების მიმართვის ტექსტი, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით მუშაობს?!

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×