ლარი 16 წლის წინანდელ ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 2,3640 ლარი ღირს. ასეთი კურსი ბოლოს 1999 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. თუმცა, ეროვნული ბანკის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ კურსის სწრაფად დასტაბილურება მოახერხა და რამდენიმე თვეში დოლარის ღირებულება 2 ლარს ჩამოსცდა. ეკონომისტების განცხადებით, საერთაშორისო პროცესები, მათ შორის რუსული რუბლის გაუფასურება ქართულ ლარზე უარყოფით გავლენას ახლაც ახდენს, თუმცა დღეს საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დივერსიფიცირებულია და რუსეთზე ისე მჭიდროდ მიბმულიც აღარ არის. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა თანმიმდევრულ, შეთანხმებულ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, ქვეყანა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას თავიდან აიცილებდა. გარდა ამისა, ეკონომისტები მთავრობას ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ არარეზიდენტი ბანკების მიერ დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვის ფაქტებს, რომელიც ქვეყნის გარეთ გაედინება.
დაახლოებით ორი კვირაა, რაც ლარი ისევ გაუფასურების გზას დაადგა. გუშინ, კი სავალუტო ბაზარზე პანიკური სიტუაცია შეიქმნა. დღის პირველ ნახევარში 1 დოლარი უკვე 2,38 ლარად იყიდებოდა, საღამოსკენ მისი ღირებულება 2,4 ლარს გადასცდა. საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში ელოდა, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირები მთავრობიდან და ეროვნული ბანკიდან განმარტებას გააკეთებდნენ, რაც ბაზარზე პანიკურ მდგომარეობას მცირედით მაინც გაანეიტრალებდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ეს არ ისურვეს.
ეკონომისტების განცხადებით კი, გარე და შიდა ფაქტორები ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებაზე გავლენას აღარ ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სარეთაშორისო ბირჟები ჩამოიშალა, საქართველო არ არის ისე ინტეგრირებული ამ პროცესებთან, რომ ეროვნულ ვალუტაზე მყისიერი ზეწოლა მომხდარიყო. მეზობელ აზერბაიჯანში მანათი სტაბილურობას ინარჩუნებს, მცირედით გაუფასურდა დრამი სომხეთში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ეკონომიკა უფრო მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. გამომდინარე აქედან, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ერთობლივი მუშაობისა და სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში ლარის გაუფასურების შეჩერება და გამყარება შეუძლია.
ბანკები დიდი რაოდენობით დოლარს ყიდულობენ
ჯერჯერობით, საზოგადოებისთვის უცნობია რას აპირებს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, ასევე უცნობია ეროვნული ბანკის გეგმა. მოსახლეობამ ეროვნული ბანკისგან მხოლოდ ის მოისმინა, რომ იურიდიული პირები დიდი რაოდენობით დოლარს ყიდულობენ, რაც ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს. ზუსტად იგივე განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მათ ეკონომისტებიც ეთანხმებიან, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს დოლარი სავარაუდოდ ქვეყნის გარეთ გაედინება, ვინაიდან რეგიონში მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს.
ეკონომისტ ირაკლი დოღონაძის თქმით, თუ განვიხილავთ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგებს, ვნახავთ, რომ შესყიდვების ყველაზე დიდი წილი არარეზიდენტ ბანკებზე მოდის.
2014 წლის ჯამური მონაცემებით არარეზიდენტი ბანკების მიერ აშშ დოლარის წმინდა შესყიდვებმა (შესყიდვებს მინუს გაყიდვები) 488 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2015 წლის მხოლოდ 6 თვეში კი ანალოგიურმა მაჩვენებელმა 474 მლნ დოლარი შეადგინა. თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ წლის ბოლომდე არარეზიდენტების მიერ წმინდა შესყიდვები 1 მლრდ დოლარს თავისუფლად მიაღწევს, ქვეყნიდან კი მილიარდი დოლარის გადინება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე იურიდიული პირების შესყიდვებიც, რომელთა მხრიდან აშშ დოლარზე მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია ექსპორტ-ომპორტის დინამიკასთან. 2014 წლის ჯამური მონაცემებით იურიდიული პირების მიერ განხორციელბულმა წმინდა შესყიდვებმა 977 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2015 წლის 6 თვის მონაცემებით ჯამურმა წმინდა შესყიდვებმა კი - მხოლოდ 297 მლნ დოლარი, რაც 2014 წლის წლიური მაჩვენებლის 50%-ზე ბევრად ნაკლებია.
"აქედან აშკარად ჩანს, რომ 2015 წლის განმავლობაში აშშ დოლარის მოთხოვნაზე ექსპორტისა და იმპორტის დინამიკის ზეგავლენა საგრძნობლად არის შესუსტებული", - განმარტავს ირაკლი დოღონაძე. მისი ინფორმაციით, რაც შეეხება ფიზიკური პირების წმინდა შესყიდვებს, რომელზედაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფულადი გზავნილების მოცულობა, პირადი სავალუტო ვალდებულებები და ასევე საზოგადოებრივი მოლოდინები, ვნახავთ, რომ 2015 წლის 6 თვის მონაცემებით უარყოფითი მაჩვენებელი (-29) მლნ დოლარი არის დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა პირიქით უფრო მეტ დოლარს ყიდის, ვიდრე ყიდულობს.
"ბოლო ორი ჯგუფის (იურიდიული და ფიზიკური პირების) წმინდა შესყიდვების განხილვიდან აშკარაა რომ საგარეო ფაქტორების გავლენა დოლარის შესყიდვაზე და მის გამყარებაზე ბოლო თვეებში მკვეთრად შესუსტდა. ასევე აშკარაა რომ არარეზიდენტი ბანკების მიერ მკვეთრად არის გაზრდილი დოლარზე მოთხოვნა, მათი წმინდა შესყიდვები კი საგანგაშო მაჩვენებლებს აღწევს. დოლარი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ვალუტასთან მყარდება, რეგიონში კი დოლარის დეფიციტი აშკარად იგრძნობა, შესაბამისად გასაკვირი არც არის არარეზიდენტი ბანკების ეს მოქმედებები ", - ამბობს ირაკლი დოღონაძე და დასძენს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში აუცილებელია დაწესდეს ერთგვარი შეზღუდვა/ლიმიტი მათ მიერ ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვაზე, ხოლო ეროვნული ვალუტის კურსის განსაზღვრის წესში შევიდეს ცვლილება, რომლითაც არარეზიდენტი ბანკების ფილიალების სავაჭრო გარიგების შედეგების გათვალისწინება არ მოხდეს კურსის განსაზღვრისას.
ეკონომისტი ავთო სილაგაძე ასევე აღნიშნავს, რომ რეალურ რიცხვებში იმპორტი უფრო მეტად არის შემცირებული, ვიდრე ექსპორტი, შესაბამისად საგარეო ვაჭრობის ფაქტორი ლარის გაუფასურებაზე შემცირებულია.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის ზრდის ხელშეწყობა კურსზე უარყოფითად მოქმედებს. ეკონომისტების აზრით, სები კომერციულ ბანკებს აწვდის ლარს, რომლებიც, არ არის გამორიცხული, რომ დოლარს ყიდულობენ და ქვეყნის გარეთ ბირჟებზე გააქვთ.
"წინა კვირას ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება 60 მილიონი ლარით 735 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამასთანავე 1,115 მილიარდი ლარი გახდა რეფინანსირების სესხების მოცულობა. სები, ამ მეთოდებით ეროვნული ვალუტის გაფუჭებას უწყობს ხელს. დღეს არსებული ყველა ეკონომიკური ფაქტორი ლარის კურსზე მხოლოდ დადებითად უნდა მოქმედებდეს. მაგალითად სავაჭრო ბალანსი", - ამბობს მიხეილ დუნდუა და აღნიშნავს, რომ როდესაც საგარეო ვაჭრობის შემცირებით ლარზე ზეწოლაზე ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ არამარტო ცალკე აღებული ექსპორტი, არამედ მათ შორის სხვაობა. იგი ამბობს, რომ სავაჭრო ბალანსი, შარშანდელი წელთან შედარებით 102 მილიონი ლარით არის გაუმჯობესებული. ხოლო 114 მილიონი ლარით 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.
"2012-2014 წელს საგარეო ვაჭრობის ბალანსი უფრო უარეს გავლენას ახდენდა კურსზე ვიდრე დღეს ახდენს. ასევე ტურისტული ნაკადები მკვეთრად არის გაზრდილი, ჩატარდა ოლიმპიადა, სუპერთასის ფინალი. გარდა ამ ღონისძიებებისა, ისედაც გაიზარდა ტურისტების რიცხვი და ეს ოფიციალური სტატისტიკის გარეშეც თვალშისაცემია. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშზე 1 მილიარდ ლარამდე თავისუფალი ფული აქვს გაჩერებული და მას ვერ ხარჯავს, რათა ლარზე ზეწოლა არ მოხდეს. ანუ ლარის გაუფასურების პროცესში ფისკალური და ეკონომიკური ფაქტორები შემცირებულია", - ამბობს მიხეილ დუნდუა.
"ბიზნეს რეზონანსი": მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ პიკს მიაღწია. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი მთავრობაა, თუკი აღნიშნულ პროცესში მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება მის შესაჩერებლად?
მიხეილ დუნდუა: "იმიტომ, რომ ქადაგიძის იმპიჩმენტი არის ძალიან რთული პროცესი. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საბჭო ფორმირებულია ადეიშვილის ხალხით. შესაბამისად ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლება ძალაუფლებას ვერ გამოიყენებს და მის დამოუკიდებლობას ვერ შეზღუდავს. ამიტომ აუცილებელია ისეთი ნორმატიული აქტების მიღება, რომელიც ქადაგიძის პოლიტიკური შანტაჟის ძალას შეამცირებს. პარლამენტმა საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით მიიღო კანონი, რომელიც ქადაგიძეს პოლიტიკური შანტაჟის ძალაუფლებას გამოართმევს.
"ბ.რ": თქვენ ფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახურის ახალი კანონით ამოქმედება ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს?
მ.დ: "რა თქმა უნდა. ყველა ხელოვნურ ფაქტორს შეამსუბუქებს და შანტაჟის შესაძლებლობას მოხსნის. შესაბამისად, ვითარება წავა დასტაბილურებისკენ. ვიმეორებ, რომ ეკონომიკური ფაქტორები შედარებით დადებითია, ამჯერად ეროვნული ბანკის პრობლემაა გადასაწყვეტი".
დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს მთავრობამ - გამოიკვეთოს რეალური მიზეზები და დაიგეგმოს ეფექტური ღონისძიებები. "ამ დროისთვის საგარეო ზეწოლა შემცირებულია. ქვეყნის შიგნით ტურისტული სეზონის პიკია. ამიტომ ლარის კურსი უკეთესობისკენ თუ არა გაუარესებისკენ არ უნდა წასულიყო. რა ხდება ეს არის გასარკვევი", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
მისი განცხადებით, იმ კვირას დააყენებს საკითხს, რომ პარლამენტმა მოუსმინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. "ეროვნულ ბანკს პარლამენტის სხდომაზე ჯერ კიდევ გასული წლის ანგარიში არ წარმოუდგენია. ასევე პირველივე კვირას, უნდა დავძლიოთ ვეტო, რაც გაურკვეველ მდგომარეობას ქმნის და ამით მავანი სარგებლობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის დროს კი მთელი რიგი საკითხები უნდა დაისვას", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. მისი თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 40%-ითაა გაუფასურებული აქედან ზაფხულის პერიოდში ვალუტის კურსის ვარდნამ 5% შეადგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამოყენებით გარკვეულწილად ლარის გამყარებას შეუწყობდნენ ხელს, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არ ქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობაა. შემცირებულია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს. იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაც ღარიბდება. რადგან ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა არ აქვს, პირიქით - ის ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს ღებულობდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პირდაპირ ბლოკავდა, ჩვენ მის გადადგომას მოვითხოვთ," - განაცხადა მელიქიშვილმა.
ასე რომ, ლარის კურსთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაურკვეველი მდგომარეობაა და საზოგადოება მხოლოდ ეკონომისტების ვარაუდებს ისმენს. ეს კი უარყოფით მოლოდინს ზრდის და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კიდევ უფრო მწვავედ მოქმედებს.