"დღეს პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს და მას არც მომავალში შეექმნება საფრთხე"
ელზა წიკლაური
28.08.2015

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით ისევ პრეტენზიები ისმის. ნაცმოძრაობაში კვლავ ამტკიცებენ, რომ პროგრამას ფული არ ყოფნის და წლის ბოლოს ბენეფიციარებს ჯანდაცვაზე ხარჯის გაწევა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. სერგეენკოს უწყებაში კი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს და თუ მომავალში საყოველთა ჯანდაცვას ფული დააკლდა, პრობლემა არც დამატება გახდება.

მთელი წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობაში "განგაშის ზარს ტეხდნენ", რომ საყოველთაო ჯანდაცვა ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. ორიოდე დღის წინ პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, პროგრამას თანხა არ ყოფნის და ნოემბერ-დეკემბერში დაფინანსების მხრივ სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება.

ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას არარეალურს უწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, იმ შემთხვევაში კი, თუ მას ფული დააკლდება, ბიუჯეტში ამ მუხლის კორექტირება აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, ასე გამოიყურება: 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით საყოველთა ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილია 470 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის მიხედვით, 9 თვეში პროგრამაზე უნდა დაიხარჯოს 361,7 მლნ ლარი, ბიუჯეტის 7 თვის შესრულების მიხედვით კი სულ დახარჯულია 317,2 მლნ ლარი, ანუ დარჩენილ 5 თვეში პროგრამას 152,7 მლნ ლარი უნდა ეყოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ თუ პროგრამას დარჩენილი თანხა არ ეყო, ცხადია, მოხდება მისი ბიუჯეტის კორექტირება: "მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ პროგრამას ფული დააკლდეს. რა იქნება 2-3 თვის მერე, 2-3 თვტს შემდეგ ვნახავთ. დღეს პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს და მას არც მომავალში შეექმნება საფრთხე. თანაც, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში წინა თვეებთან შედარებით საყოველთა ჯანდაცვის პროგრამის ხარჯი შემცირებულია", - განაცხადა სოფრომაძემ.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენილი გიორგი გოგოლაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ კორექტირებას დრამატულად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროგრამაში შეიძლება შევიდეს ცვლილება. თანდათან პროგრამის შესახებ ინფორმაცია უფრო ყოვლისმომცველი გახდა. გარდა ამისა, დაფინანსების მისაღებად შემცირდა ლოდინის ვადა, რამაც ხელი შეუწყო კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდას.

"ბიუჯეტი კორექტირებადია და ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. როგორც ვიცი, დაახლოებით 35 მილიონ ლარზეა საუბარი და ამის გამო ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. შეიძლება ნებისმიერმა პროგრამამ განიცადოს ცვლილება და არა მგონია, რომ ეს დრამატული თემა იყოს", - ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის კიდევ ერთი "სიახლე" ლარის ვარდნა აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების კორექტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ მიმართა. როგორც ზაზა სოფრომაძე აცხადებს, სამედიცინო დაწესებულებებთან აღნიშნულ საკითხზე კოსულტაციები დღემდე მიმდინარეობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

"ბუნებრივია, ჯანდაცვის ტარიფები რეალური უნდა იყოს. ლარის გაუფასურების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების კორექტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ მომართა. ჩვენ ვიხილავთ, თუ რამდენად რეალურია ამა თუ იმ კლინიკის მომართა და შესაბამისად, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას", - განცუცხადა "რეზონანსს" სოფრომაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ფასების მატება აღინიშნებოდა. გაძვირების ტენდენცია წელსაც გრძელდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2015 წლის ივლისში, გასული წლის იანვართან შედარებით, ფასები 7,3 პროცენტით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (16,6%-ით).

რაც შეეხება პროგრამის მიმართვიანობის სტატისტიკას, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითთ 1 397 163 შემთხვევა დაფინანსდა, მათ შორის, მშობიარობა და საკეისრო კვეთა - 86 506 ერთეული, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია - 53 281 შემთხვევა, ხოლო კარდიოლოგია - 4441 ერთეული.

ამავე პერიოდში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით 827 174 პაციენტმა ისარგებლა, იმუნიზაციის პროგრამით - 238 511-მა; ანტირაბიული ვაქცინის პროგრამით - 222 122-მა; ანტიტეტანური ვაქცინა კი 16 389 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

გარდა ამისა, 2013-15 წლებში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება 295 651 პაციენტს დაუფინანსდა, გეგმური ქირურგიული მომსახურება (კარდიოლოგიის გარდა) კი - 127 640-ს, გეგმური ამბულატორიული მომსახურება - 2 470 პაციენტს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში სულ 3 054 486 ბენეფიციარია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით, დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. იმავე წლის პირველი ივლისიდან კი პროგრამა უფრო გაფართოვდა და ამბულატორიას გეგმიური სტაციონალური თუ სხვა პროგრამების დაფინანსება დაემატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×