ცნობილი რეჟისორი ხელისუფლებას კინოსტუდიის გაცოცხლებაში მაქსიმალური რესურსის ჩადებას სთხოვს
სალომე სარიშვილი
31.08.2015

 კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ფიქრობს, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმის" აღორძინებისათვის სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება აუცილებელია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კინოსტუდიის სათავეში პროფესიონალი ხელოვანი იდგეს, ასეთად კი ის კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საამისოდ მას ყველა აუცილებელი თვისება და უნარი გააჩნია.

"არსებულ ვითარებაში ყველაზე სავალალო ისაა, რომ დრო მიდის, ხოლო თუკი ახალგაზრდა თაობის ენთუზიაზმს მხარი არავინ დაუჭირა, ჩვენ მას ნელ-ნელა დავკარგავთ," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისიას ოთარ იოსელიანი.

ჩვენ მას თანამედროვე კინემატოგრაფიის გამოწვევებზე, სიახლეებსა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

ოთარ იოსელიანი: რამდენადაც ვიცი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორად რეჟისორი გიორგი შენგელაია დაინიშნა, თუმცა, ერთი კვირაც არ გასულა, რომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღეს და ბატონი გიორგი თანამდებობიდან მოხსნეს. ვფიქრობ, მას ამით შეურაცხყოფა მიაყენეს და ვერ ვიგებ, საერთოდ ასეთი მოქცევა რა წესია.

აქ მთავარი ერთი რამ არის - ისეთი დონის შემოქმედი, როგორიც გიორგი შენგელაიაა, ამ დროში ძნელად თუ მოიძებნება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორის პროფესია ერთდროულად კარგი ორგანიზატორობაცაა. შესაბამისად, თუკი გიორგის კინოსტუდიაში არსებულ ვითარებაზე გული შესტკივა, მაშინ მისთვის გასაქანი უნდა მიეცათ, ეცლიათ სტუდიის ხელახლა ამუშავება და მერე ემსჯელათ რა შეძლო და რა - არა. სწორედ ამიტომ სჯობს ყველამ ის აკეთოს, რაც მართლა იცის და შეუძლია.

მითუმეტეს, რომ მან საკუთარ თავზე სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი წარმოების მოვლა აიღო. ნუ დაგვავიწყდება, რომ აქ ძალიან მძიმე პრობლემებია - სინამდვილეში ცხედრის გაცოცხლებაზეა საუბარი.

"მ.კ.": როგორ მოხდა, რომ ისეთმა ძლიერმა წარმოებამ, როგორიც კინოსტუდია "ქართული ფილმი" იყო, მუშაობა შეწყვიტა?

ო.ი.: საერთოდ, კინო საბჭოთა კავშირის დროს პროპაგანდის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად მიიჩნეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს პრეამბულა გაქრა, კინემატოგრაფიას დაფინანსება შეუწყვიტეს და ბევრი კინოსტუდია დახურვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის ჩვენი სტუდიაც თვითშემოქმედებაზე გადავიდა. კინოსტუდიის "ქართული ფილმის" ქონება კი საერთოდ განიავდა - კინოთეატრებში ბანქოს სათამაშო დარბაზები ან სხვა უბედურება გახსნეს, ხოლო კინოსტუდია ნახევრად გაყიდეს ან გააქირავეს.

საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის კინოსტუდია "ქართული ფილმი" სააქციო საზოგადოებად გადააქციეს, რომელშიც 1/3 ქონების წილი სტუდიის ძირძველ თანამშრომლებს ეკუთვნოდათ, ხოლო 2/3 - სახელმწიფოს. ამან გამოიწვია ის, რომ კინოსტუდიის საკითხების გადაწყვეტისას თანამშრომლებს ერთი ხმა, ხოლო სახელმწიფოს კი ორი ხმა ჰქონდა, ამით კი განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლებამ ისარგებლა, რომელმაც კინოსტუდიის ქონება გაასხვისა.

საგულისხმოა, რომ დროის ამ მონაკვეთში კინოსტუდიის თანამშრომლებს არავითარი დივიდენდები თავის აქციებზე არ მიუღიათ.

"მ.კ.": გიორგი შენგელაიაზე საუბრობდით... თუ გაქვთ ინფორმაცია, რამ განაპირობა მისი მოხსნა?

ო.თ.: გიორგი შენგელაიას არც ქართული კინოს პატივისცემა და სიყვარული აკლია და არც იმის მეხსიერება, თუ რა იყო ჩვენამდე. რაც შეეხება მის ასეთ თავგანწირულობას (სხვა სიტყვას ვერც მოვძებნი), მას ძალიან კარგად ესმის და ჩვენც ვიცით, თუ რამხელა ტვირთის აღება მოუწევს საკუთარ მხრებზე. ახლა კი, როგორც მე გავიგე, კოლექტიური ხელმძვანელობის გზაა შერჩეული - ე.წ. დირექტორატი, რომელშიც ლითანიშვილი, წულაძე და ბადურაშვილი შედიან.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხელობაში კოლექტიურად არაფერი ხდება, ამ საქმეზე პასუხისმგებელი ერთი პირი უნდა იყოს და საამისოდ ისტორიას გავიხსენებ: კინოსტუდიას ისეთი შესანიშნავი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, როგორებიც მიხეილ კვესელავა და თენგიზ გორდელაძე იყვნენ. სწორედ მათ შეუქმნეს ქართველ კინოხელოვანებს ის პირობები, რომლის მეშვეობითაც მათ არაპროპაგანდისტული ნამუშევრების შექმნა შეეძლოთ. არ ჩამოვთვლი, მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში შეიქმნა არაჩვეულებრივი ფილმები.

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება დამოუკიდებლად და თავისუფლად გვემუშავა, ეს ყველაფერი კი კინოსტუდია "ქართულ ფილმს" უკავშირდება. რამდენიმე ნიმუში იყო რუსეთშიც - ავერბახი, პანფილოვი, ტარკოვსკი, ფარაჯანოვი (კიევში), რომლებმაც ოფიციალური მოთხოვნის მიღმა შექმნეს სურათები. მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ იმ დროში ძალიან ბევრი ფილმი იყო აკრძალული.

"მ.კ.": ეროვნული კინოცენტრის აქტიურობასა და საქმიანობას როგორ შეფასებთ?

ო.ი.: კინოცენტრის აქტიურობა მათთვის გამოყოფილ თანხებსა და ბიუჯეტზეა გათვლილი. ჩემი ინფორმაციით კი, ეს თანხები საკმარისი ნამდვილად არაა. კომისიები საფრანგეთშიც უამრავია, თუმცა საკითხავია ვინ სხედან ამ კომისიებში და ვინ წყვეტს, რომელი პროექტი იქნება დაფინანსების ღირსი. იქ კომისიებში ჟიურის წევრები ყოველ ორ წელიწადში იცვლებიან.

ჩემი აზრით, ეს არ არის ცუდი. კინოს სფეროში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიდა (მე ვიცნობ ლევან კოღუაშვილს და რუსუდან ჭყონიას). მათთან ერთიანობითა და მცირე პროფესიონალთა გუნდით გიორგი შენგელაიას შეუძლია კინოსტუდიის ხელახლა ამუშავება.

"მ.კ.": ქართული კინემატოგრაფიის უმთავრესი პრობლემა ფინანსური რესურსის არარსებობაა, ამაზე თავადაც ისაუბრეთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს გარდა სტუდიის ამუშავებისა, რომ ქართული კინო კვლავ გამოცოცხლდეს?

ო.ი.: აქ მთავარი ამ სფეროსადმი ინტერესია. სახელმწიფო კინოს ამუშავებით უაღრესად უნდა იყოს დაინტერესებული, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ვერც ლიტერატურით, ვერც პოეზიითა და ვერც ფერწერით მსოფლიოს ჩვენს ორიგინალურ მეობას, ისტორიის უმდიდრეს მემკვიდრეობასა და სულისკვეთებას ვერ გავაგებინებთ. სწორდ კინოს მეშვეობით საშუალება გვაქვს მოკლედ და სხარტად ნებისმიერ ფესტივალსა თუ შეკრებას ვაჩვენოთ, თუ რანი ვართ. თუკი საქართველოზე ვინმემ რამე იცის, მხოლოდ კინოს საშუალებით.

"მ.კ.": თანამედროვე კინემატოგრაფიის გამოწვევებსა და სიახლეებზე რას გვეტყვით?

ო.ი.: საერთოდ, კინემატოგრაფიაში სერიოზული ძვრა მოხდა, ვინაიდან ფირთან მუშაობასთან კონტაქტი დავკარგეთ, ახლა ყველაფერი ციფრული საშუალებებით გადაღებაზეა დამოკიდებული, ამას კი სულ სხვა ტექნიკა სჭირდება. მაგალითად, საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ გარდა იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობასთან მუშაობა აუცილებელია, მნიშვნელოვანია გამოსახულების ნეგატივზე გადატანაც, ვინაიდან ნეგატივზე გადატანისას მისი წაშლის საშიშროება მცირდება, ციფრულ საშუალებებში კი ყველაფრის ერთი ღილაკით წაშლაა შესაძლებელი.

ხმის ჩამწერი სისტემა კვლავ იგივე რჩება, რომლითაც "ქართული ფილმიც" უზრუნველყოფილია. გარდა ამისა, სტუდიაში არც პავილიონების პრობლემაა. ამდენად, აუცილებელია მთავრობამ კინოსტუდიის გაცოცხლებაში მაქსიმალური რესურსი ჩადოს. სხვა შემთხვევაში საქართველოში კინემატოგრაფია ვერ იარსებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×