"მენტალურად მოსახლეობის ნახევარი ჩაძირულია სიღარიბეში"
ელზა წიკლაური
01.09.2015

 ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე დედაქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ენერგოვაუჩერისა და სუბსიდიის გარეშე დარჩება. თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახმარებას მხოლოდ სოცდაუცველები მიიღებენ, თუმცა კონკრეტულად, რომელი კატეგორია მოხვდება ამ სიაში, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, დედაქალაქში კომუნალური ვაუჩერების სისტემა 2013 წლიდან ამოქმედდა. წლის განმავლობაში სოცდაუცველი ოჯახები ვაუჩერის სახით 250 ლარს იღებდნენ, დანარჩენი აბონენტები კი - 100 ლარს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებლდა, საიდანაც 8,45 ლარით ელექტროენერგიის გადასახადი იფარებოდა, 8,40 ლარით დასუფთავების გადასახდი, 3,15 ლარით კი - წყლის.

2015 წლიდან კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა თბილისის მერიისგან 500 ლარის კომუნალურ ვაუჩერს იღებს, საიდანაც ნაწილი ენერგოვაუჩერებს ხმარდება, ნაწილი კი სოცდაუცველი ოჯახებს პირადად ერიცხება. წლის დასაწყისში ენერგოვაუჩერები მიიღეს არასოცდაუცველებმაც, თუმცა წლის ბოლოს დახმარება მხოლოდ მიზნობრივად გაიცემა და მას მხოლოდ უმწეოები მიიღებენ. მერიაში ამბობენ, რომ ვაუჩერების გაცემის წესზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიდის საკრებულოშიც. უკვე ცნობილია, რომ "თელასის" აბონენტების 90% ზამთარს ვაუჩერის გარეშე გაძვირებული ელექტროენერგიით შეხვდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, დღეს თბილისში იმ ოჯახების რაოდენობა, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, 39 295-ს შეადგენს, 70 001-დან 100 000 სარეიტინგო ქულა კი 27 587 ოჯახს აქვს. "თელასის" აბონენტების რაოდენობა კი 450 000-ია. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულომ ენერგოვაუჩერების გაცემა 70 000 ქულის მქონე ოჯახებისთვის გადაწყვიტა, გამოვა, რომ დახმარებას მხოლოდ აბონენტთა 8,7% მიიღებს, 100 00 ქულის შემთხვევაში კი ენერგოვაუჩერი "თელასის" აბონენტთა 11,2% ერგება.

საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. გასულ კვირას ეს საკითხი ჯანდაცვის კომისიაში განიხილეს. ახალი ვარიანტით ზამთარში ვაუჩერებს მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, რომელთაც 70 000 ქულამდე აქვთ მინიჭებული.

"ვაუჩერების გაცემის მიმართულებით ბევრი რამ იყო ქაოსური, ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ თანამოქალაქეებს, ვისაც რეალურად უჭირს. იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოსავალი, რომელიც მათ მინიმალურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, თავისთავად იგულისხმება, რომ იქ სხვა პოზიცია უნდა მოინახოს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

"კომუნალურ ვაუჩერებს დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი მიიღებს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - ეს განცხადება კი მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, გამორიცხული არ არის ვაუჩერების საყოფელთაო დაფინანსება გაუქმდეს და სახსრები მხოლოდ დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდეს.

"ის ოჯახები, რომლებსაც რეალურად არ სჭირდება მსგავსი ტიპის ვაუჩერებით დაფინანსება, ვფიქრობ, ეს ნაწილი შეიძლება "ჩაიხსნას". ვაუჩერი დარჩება იმას, ვისთვისაც ყველაზე მეტად აუცილებელია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამ ინიციატივას აპროტესტებს "ნაცმოძრაობა". ისინი ითხოვენ ვაუჩერი სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს მისცენ. საკრებულოს დეპუტატ ირაკლი აბესაძის თქმით, "კომუნალური ვაუჩერის გაუქმება მავნებლური ნაბიჯი იქნება".

დედაქალაქის ხელისუფლებასთან ერთად, სოცდაუცველებს ცენტრალური ხელისუფლებაც დაეხმარება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, "თბილისში დენის ტარიფის მომატებისას, სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირება აუცილებლად მოხდება".

"თუ მოხდება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება და თბილისელებს დაუდგინდებათ ისეთივე ტარიფი, როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას და სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის სუბსიდირება მოხდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ტარიფის კორექტირებისთვის კომპანია "თელასმა", რომელიც თბილისს აწვდის ელექტროენერგიას, მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა. სემეკს "თელასის" სატარიფო განაცხადის მორიგი განხილვა 3 სექტემბერს აქვს ჩანიშნული, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი თუ რამდენი თეთრით გაიზრდება თბილისში ტარიფი. სპეციალისტების გათვლით, გამორიცხული არ არის, რომ ზრდა 4 თეთრის ფარგლებში მოხდეს.

თუკი დენის ტარიფი რეგიონების ანალოგიურად გაიზარდა დედაქალაქში, რასაც სპეციალისტები უკვე გარდაუვალად მიიჩნევენ, ეს ნიშნავს, რომ თბილისელებისთვის ყველაზე მაღალი ნიშნული დადგინდება. მაგალითად, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კილოვატში 9,94 თეთრის სანაცვლოდ 13,89 თეთრს გადაიხდის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ კატეგორიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის სააფასური 13,48 თეთრი იყო.

ასევე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ სხვა კატეგორიის აბონენტებსაც. მათთვის, ვინც 101-დან 301 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვ/სთ საათის ფასი 12,46 თეთრიდან 16,41 თეთრამდე გაიზრდება (ადრე 16 თეთრი). ყველაზე მძიმე დღეში მესამე კატეგორიის (301 კვ/სთ) აბონენტების აღმოჩნდებიან და მათთვის ელექტროენერგიის საფასური 21,65 თეთრი გახდება. მესამე კატეგორიას, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი მიეკუთვნება, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკმაოდ დაზარალდნენ.

გაზრდილი ელექტროენერგიის ფონზე კი მხოლოდ სოცდაუცველებზე ზრუნვას დარგის სპეციალისტები არასწორად მიიჩნევენ. ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე თვლის, რომ ენერგოვაუჩერების გაცემა სუბსიდირება მხოლოდ სოცდაუცველებისთვის, სწორი არ არის.

"ახლა, ვინც თბილისში სოცდაუცველად ითვლება, დაახლოებით 10%-ია. ამ 10%-ის ზემოთ კიდევ 80% მძიმე მდგომარეობაშია. მათ არ ჰქვიათ სოცდაუცველები, რადგან შესაბამისი დაბალი ქულა ვერ მიიღეს. მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მიდგომაა. მე მთავრობას რამდენჯერმე შევთავაზე, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია ჩემი შეთავაზება. კარგი იქნება, ელექტროენერგია, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას, გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ამან ზრდის სრული კომპენსაცია შეიძლება ვერ მოახდინოს, მაგრამ დაახლოებით 2,5-3 თეთრით შეამცირებს გადასახადს და ეს იქნება საკმაოდ სერიოზული შეღავათი მთვლიანობაში მოსახლეობისთის და არა მხოლოდ 10%-ისთვის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონასს" რევაზ არველაძემ.

სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ენერგოვაუჩერების გაცემა თუ ტარიფი სუბსიდირება კარგია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ცუდის მომტანია.

"სოცდაუცველებისთვის ენერგოვაუჩერები და ტარიფის სუბსიდირება, ერთი მხრივ, ცუდი არ არის, რადგან მათ დახმარება სჭირდებათ, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ ერთ დამატებითი არგუმენტს ვიძლევით, რომ ძალიან მომგებიანია თუ ღარიბი ხარ. კეთილდღეობით ე.წ. სოციალურად დაცულები სოცდაუცველებისგან დიდად არ განსხვავდებიან.

საერთო ჯამში, დახმარებაზე 520 ათასამდე ოჯახს აქვს განაცხადი შეტანილი, ანუ ეს ოჯახები არიან ღარიბობის პრეტენდენტები, ამათგან დახმარებას დაახლოებით 140 ათასი უკვე ოჯახი იღებს. გამოდის, რომ ერთი ღარიბის ადგილას კიდევ მოდის 5 პრეტენდენტი, რომლებიც ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან რამდენად უფრო ღარიბი გამოჩნდებიან. მენტალურად მოსახლეობის ნახევარი ჩაძირულია სიღარიბეში", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×