"სემეკმა და "თელასმა" ელექტროენერგიის გაძვირების გეგმა ერთობლივად შეიმუშავეს"
მარი ჩიტაია
04.09.2015

 სემეკმა "თელასის" განაცხადი ელვის უსწრაფესად დააკმაყოფილა და თბილისის მოსახლეობას დენი გაუძვირა. საფეხურების მიხედვით, გადასახადი 3-4 თეთრით გაიზარდა და აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. ელექტროენერგიის ახალი გადასახადი ოქტომბრის ქვითრებში აისახება.

არც სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც და არც მანამდე, საქართველოს ისტორიაში, ელექტროენერგია ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. არადა დენის ტარიფი "ქართული ოცნებისთვის" სწორედ ის თემაა, რითაც მან საკუთარი ამომრჩევლების გული მოიგო. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი მცირე კორექტირებას დასჯერდა, 3 წელიწადში კი იმდენი მოახერხა, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მაღალი ტარიფი ჰქონოდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტ/სთ-მდე დენის ფასი 12.98 თეთრი იქნება; 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით, - 16.99 თეთრი; 301 კვტ/სთ-დან კი - 21.476 თეთრი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური თითქმის 5 თეთრზე მეტით გაიზარდა, შესაბამისად, ეს კომპანია "თელასის" ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო. სხვა შემთხვევაში "თელასი" ელექტროენერგიის შესყიდვას, უბრალოდ, ვერ შეძლებდა.

მისივე თქმით, დღეს კომისიამ, პრაქტიკულად, ექვსი ახალი ტარიფი დაადგინა და საშუალო ზრდა 2,5 თეთრს შეადგენს. დენის გაძვირების მიზეზად ლარის დევალვაცია და შესასყიდი ტარიფის ზრდა დასახელდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წერვის, გოჩა შონიას განცხადებით, ტარიფის გადახედვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შესყიდვის ღირებულების გაზრდა, რომელიც თავისთავად უკავშირდებოდა ლარის კურსის ცვლილებას.

"კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო, იმუშავა ამ საკითხზე, განიხილა ძალიან დეტალურად და შეისწავლა ყველა ინფორმაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი. ესაა ბუნებრივი პროცესი, როცა კომპანიას უფრო მეტის მოთხოვნა აქვს, ხოლო კომისია იმისთვის არსებობს, რომ ხარჯების აუდიტი მოახდინოს, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ვთვლი, რომ ტარიფი სამართლიანია და რეალურად ასახავს იმ დანაკარგს, რომელიც "თელასმა" ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების გაზრდის გამო განიცადა.

დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ახალი ტარიფი ამოქმედდება. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის ქვითრებში უკვე შეცვლილი ციფრები დაფიქსირდება. სექტემბერი გაიყოფა პროპორციულად დღეების მიხედვით", - განაცხადა გოჩა შონიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

 ტარიფის გაზრდის მიუხედავად, "თელასში" კმაყოფილნი არ არიან. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ტარიფმა მინიმალური მაჩვენებლით მოიმატა და საკმაოდ მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევთ. ასეთი განწყობის მიუხედავად, "თელასის" კომერციულმა დირექტორმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდება ტრაფიკის გარეშე შეეძლებათ.

"დღეს დადგენილი ტარიფი არის მინიმუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ზამთარი ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადავიტანოთ", - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა, თუმცა სამომხმარებლო ტარიფში "თელასის" განაწილების წილი შემცირდა დაახლოებით 3 თეთრით, რაც კომპანიისთვის მძიმე იქნება.

"ეს არის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ზამთარი ნორმალურად გადავიტანოთ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება "თელასის" წილის შემცირებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კომპანიისთვის სერიოზული პრობლემაა. გავაანალიზებთ სიტუაციას, გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან და საბოლოო ჯამში, იმედია, იმ შედეგს მივიღებთ, რაც ჩვენთვისაც, კომისიისთვისაც და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის ხელსაყრელი იქნება", - განაცხადა მიშა ანთაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება და "თელასს" ამით პრობლემა შეექმნება, კომპანია სემეკს სატარიფო განაცხადით განმეორებითაც მიმართავს.

"თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ვალუტის კურსი შეიცვალა, შეიცვალა ხარჯების შემადგენელი ნაწილი, როგორც ეს აპრილსა და მაისში მოხდა, ელექტროენერგიის გაძვირების მოთხოვნით განაცხადს სამომავლოდაც შევიტანთ. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ", - აღნიშნა ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სემეკის გუშინდელ სხდომას უხმაუროდ არ ჩაუვლია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დენის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეაფასეს. "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, გადასახადის გაძვირების სიმძიმეს საქართველო და მისი მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, სემეკის გადაწყვეტილება არის საბოტაჟური და მთელ მოსახლეობას მძიმე ხარკად დააწვება.

"სემეკმა უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი მოსახლეობა გაწირა. სხდომის დაწყებამდე გავაპროტესტეთ მისი დამოკიდებულება ტარიფთან დაკავშირებით და ვურჩიეთ ამ საკითხის მიმართ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ. გავაფრთხილეთ, რომ ტარიფის გაძვირება არ გაებედათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

რაც გაკეთდა, ანტიეროვნული საქმეა, კატასტროფა მოსახლეობისთვის. გვაქვს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ სემეკმა და "თელასმა" დენის გაძვირების გეგმა ერთობლივად შეიმუშავეს, რათა სახელმწიფოსთვის ძირი გამოეთხარათ. ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - განაცხადა შატბერაშვილმა.

ხალხს ქუჩაში დგომისკენ მოუწოდა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბარათურიამ. მან სემეკის გადაწყვეტილებას უსამართლო და უკანონო უწოდა.

 "ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ტარიფების შემცირება მოითხოვოს. მიწიდან ამოვიღებთ და ყველას პასუხს ვააგებინებთ კანონისა და სამართლის წინაშე. ეს უნდა იცოდეს ყველა კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, ვინც ხელი შეუწყო ტარიფის გაზრდას", - განაცხადა ბაღათურიამ.

ამდენად, გადასახადი გაიზარდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თბილისის მერია ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის დანახარჯის სუბსიდირებას მოახდენს. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის გადასახადი თბილისსა და რეგიონებში თითქმის თანაბარია.

გაზრდილი საფასურის გადახდა სააქციო საზოგადოება "თელასის" 550 ათასამდე აბონენტს მოუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×