მოსაზრება
05.09.2015

ვახტანგ ასლანიკაშვილი

სოფლის მეურნეობის გავნვითარებისათვის ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანებმა დაიწყეს ზრუნვა. იმ დღიდან მოყოლებული ეძებენ სიახლეებს სოფლის განვითარებისათვის, დაინერგა მეცნიერული მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები, მექანიზაცია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სრულყოფილად წარმართვა, ჯერ კიდევ მეტ სიახლეს მოითხოვს. რაც მთავარია და აუცილებელია ეს არის ორგანიზაციული საკითხის სწორად მართვა, რაც ჯერჯერობით მტკივნეულად მიმდინარეობს და უარყოფითად აისახება ეროვნული ნაწარმის წილზე საერთო მოხმარებულ პროდუქციაში.

სოფლის მეურნეობის აღორძინების მხრივ უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს პროფესორ რამაზ გახოკიძის შრომები. მან შექმნა თანამედროვე ბიოლოგიური პრეპარატი, ბიოენერგოსტიმულატორი "ბიორაგი", რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოსავლიანობის ზრდის საქმეში. შევეცდები ზოგადად აღვწერო, საკუთარი გამოცდილების შედეგები, რაც "ბიორაგის" გამოყენების პერიოდში ვნახე.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მცენარეულ კულტურებზე ახალი ბიოენერგოსტიმულიატორით დამუშავების დროს მიღებული შედეგების დაკვირვებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ სოფლის მეურნეობის მცენარეულ კულტურათა სახეობის, ზონალური განლაგებისა და ჯიშების მიხედვით მიიღება სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა ფერისა და წონის პროდუქცია. მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსავლიანობის ზრდა და თან მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ საკითხზე დიდი დამსახურება აქვს აკადემიკოს ბატონ რამაზ გახოკიძეს. მის მიერ შემუშავებული პრეპარატი "ბიორაგი" ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.

"ბიორაგის" ქიმიური შემადგენლობის აღწერას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, მაგრამ მისი მოქმდება მცენარეულ კულტურებზე და ამ გამოცდილების გაზიარება ნამდვილად სასარგებლოა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

"ბიორაგის" გამოყენება სტანდარტულად ყველა მცენარეზე და ყველა პლანტაციაში ერთნაირი დოზით არ არის გამართლებული. სასურველია მოხერხდეს მცენარის ჯიშზე ხსნარის სწორად შემზადება. გასათვალისწინებელია: კლიმატური პირობები, თვეების მიხედვით ნიადაგის ტენიანობა, მოსალოდნელი ტემპერატურის ცვალებადობა, მცენარის ვეგეტაციის ხანგრძლივობა, მცენარის ზონების მიხედვით დარაიონებული კულტურების ჯიშების სახეობა. ხსნარის წინასწარ სწორად მომზადება ხელს შეუწყობს სასურველი კულტურის პროდუქციის ხარისხისა და წონის ამაღლებაზე.

დროებით სარგებლობაში პირადად ვფლობ მიწის პატარა ნაკვეთს, სადაც გაშენებულია ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები და რამდენიმე მრავალწლიანი მცენარე. რამდენჯერმე გამოვიყენე პრეპარატი "ბიორაგი", პირველად, თანაბრად ყველა მცენარისათვის ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ხსნარი. მივიღე სხვადასხვა ეფექტი, კერძოდ: ბოსტნეულ კულტურებზე განსხვავება თითქმის არ შეიმნევა, მაგრამ მრავალწლიანზე აღინიშნა: ეგეტაციის გახანგრძლივება, მეორე წლისათვის ლეღვზე, ატამზე, კაკალზე, ჟოლოზე ფოთლის მწვანე ფერი და ზრდა დეკემბრამდე გაგრძელდა; მომდევნო წლის გაზაფხულზე ნაადრევი გაყვავილება და მსხმოიარობის დაჩქარება შეინიშნებოდა. ატამი ჩვეულებრივზე მეტი გაიზარდა და აღმოცენებიდან მესამე გაზაფხულზე მოისხა.

სიმინდის საწყისი ვეგეტაცია განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა, მაგრამ მოხდა არასასურველი რამ, მიწის ნაკვეთის ტენით დარეგულირება ზაფხულის ცხელ დღეებში ვერ მოხერხდა, ეს კი გახდა მიზეზი მისი ფოთლების გაყვითლებისა და ნიადაგში არასაკმარისი საკვებისა და ტენის უკმარისობის გამო, მოსალოდნელი ეფექტი ვერ მივიღეთ. ვაზის ძირის გააქტიურება იმით გამოიხატა, რომ დაფესვიანებიდან მესამე წელს პირველად მოისხა 80-მდე მტევანი. ერთი ბალის ხე გახმა და ვაწრმოებ დაკვირვებას სხვა ახალ ძირებზე, კერძოდ, არის თუ არა ამის მიზეზი "ბიორაგი". ასეთივე ნიშნები ჩანს კაკალზე. აღმოცენებიდან აქტიური ზრდის შემდეგ მესამე წელს ჩამოცვივდა ახალი ფოთლები. გამოსარკვევია რა არის მიზეზი.

ასევე "ბიორაგი" გამოვიყენე წყალტუბოში ოტია იოსელიანის ეზოში ნახევრად გამხმარი ზეითუნის ხის გასაცოცხლებლად. პრეპარატით დამუშავებიდან ორი წლის შემდეგ მცენარეზე ხმელი ტოტები აღარ შეიმჩნევა და ძირიდან ახალი გამონაზარდები წამოვიდა.

დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ ხსნარის მომზადების წინ უნდა ვიცოდეთ, რისთვის, როდის, რატომ გამოვიყენოთ პრეპარატი "ბიორაგი" და როგორ შევუწყოთ ხელი მცენარეს. აღვნიშნე და კიდევ ვიმეორებ, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა დოზით უნდა დავამუშაოთ.

როგორც ვიცით, მცენარის დამუშავება "ბიორაგით" ხდება: მცენარის ფოთოლზე შესხურებით, გარდა ამისა, ერთდროულად ირწყვება მცენარის ქვეშ მიწის ნაკვეთი, გამოიყენება თესლის დამუშავების მეთოდი და მერქანში კანის ქვეშ სითხის შეყვანაც, საჭიროებაზე მორგებული მეთოდის ეფექტურობა სხვადასხვაა და გასათვალისწინებელია პირობები.

პრეპარატს, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ აქვს ურყოფითი მხარეებიც: "ბიორაგით" დამუშავებული მცენარე ნიადაგიდან საკვების აქტიური მომთხოვნია. პრეპარატის გამოყენების დროს ნიადაგი უნდა იყოს საგულდაგულოდ მომზადებული, მცენარისათვის სასურველი ქიმიური ან ორგანული სასუქებით გამდიდრებული, აუცილებელია ტენის დარეგულირება ოპტიმალურ ფარგლებში. ამ პირობების დაცვა საქართველოს სოფლებში დღესდღეობით ვერ ხერხდება, რაც საბოლოო ჯამში უარყოფით შედეგს გვაძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×