დასავლეთ საქართველოში თხილი ერთბაშად 2,5-3 ლარით გაიაფდა. ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ ბაზარზე ნასაყიდი პროდუქტი ერთბაშად გამოჩნდა და ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ახალ თხილს გადამამუშავებელი ქარხნები 5-5,50 ლარის ფარგლებში იბარებენ, როცა რამდენიმე დღის წინ 7,50 ლარი ღირდა.
აგვისტო-სექტემბერში, როდესაც მოსახლეობა ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისს იწყებს, თხილზე მოთხოვნა მატულობს და ფასიც ეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის სკოლებში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო, მოსახლეობა მასობრივად შეეცადა თხილის გაყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩამბარებელი პუნქტები ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გაიხსნა, ფასი იქ შედარებით ნაკლებია და ხალხი პროდუქტის გაყიდვას ზუგდიდში არჩევს.
წლის დასაწყისშივე თხილი 12 ლარი ღირდა, მაგრამ თებერვლის ბოლოს, დროის მცირე მონაკვეთში, იგი ერთბაშად 8 ლარამდე გაიაფდა. მარტიდან მოყოლებული, ფასმა ნელ-ნელა დაიწყო ზრდა და 5 ლარით გაძვირდა. ამჟამად ძველი თხილი მოსახლეობაში აღარ დარჩა, ხოლო ახალი მოსავლის ფასი ამ პერიოდში ყოველთვის დაბალია.
თხილის ქარხნის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში ლადო გერგედავა ამბობს, რომ ფასი მუდმივად იცვლება და არ არის გამორიცხული, რომ პროდუქტი მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაიაფდეს.
"შესაძლოა, ფასი 4 ლარამდეც შემცირდეს, თუმცა ხალხისგან ჩაბარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ქარხნებს ყოველდღიურად 30-35 ტონამდე თხილის მიღება უწევთ. ფასის პროგნოზირება ყოველთვის ჭირს, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. 1 კვირის წინ ხალხს 1 კგ თხილის ჩაბარება 7,50 ლარადაც შეეძლო, მაგრამ ახლა ერთბაშად გაიაფება დაიწყო და თითქმის 3 ლარით დაბლა ჩამოვიდა.
ცოტა არ იყოს ამან ხალხს იმედი ცოტათი გაუცრუა (გაძვირებას ელოდნენ), მაგრამ გაიაფების პროცესი დიდხანს არ გასტანს. თვის ბოლოდან თხილი გაძვირებას დაიწყებს. ვერ გეტყვით რამდენით, მაგრამ შესყიდვა გლეხებისთვის მისაღებ ფასში მოგვიწევს. არ გამოვრიცხავ, ოქტომბერში თხილი 8-9 ლარამდეც გაძვირდეს, ხოლო ფასი პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწევს", - ამბობს გერგედავა.
წლეულს პრობლემას თხილის ხარისხიც ქმნის. მართალია, წლევანდელი მოსავალი დეფიციტური არ არის, მაგრამ თითქმის ყველგან უხარისხო თხილი იყიდება. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი სეზონის დასაწყისშივე გააფუჭა.
"ზუგდიდის ზემო ზონის სოფლებში, თხილის 70-80% განადგურდა. წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მიმდებარე სოფლებში კი ცუდი მოსავალი მოვიდა, სადაც 1 ტონას ელოდნენ, 200-300 კგ ძლივს აიღეს. დაბლობზე ნიადაგი ტენიანია და ცოტა უკეთესი მდგომარეობაა. ქართველი გლეხებისთვის პრობლემაა ის, რომ ქარსაცავი ზოლი არ არსებობს, რამაც წლევანდელი შედეგი გამოიწვია. უპრიანი იქნება, თუ მწარმოებლები და მოსახლეობაც დაინტერესდება ამით და ქარსაცავ ზოლებს გააშენებენ, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. ამით სტიქიას ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ ზარალის შემცირებას ნამდვილად შეძლებენ", - ამბობს ვასილ ქირია, თხილის ქარხნის თანამშრომელი.
მიუხედავად იმისა, რომ თხილი იაფია, გლეხები მას აქტიურად ყიდიან. ამ ეტაპზე ხალხი იძულებულია პროდუქტის მინიმალურ ფასადაც შეელიოს, რადგან მოახლოვდა სასკოლო პერიოდი და ადამიანებს სხვა საშუალება არ აქვთ.
"თხილის ფასი თითქმის საათობრივად იცვლება. გუშინ დილიდან 5 ლარად ვიბარებდით, მაგრამ შუადღისთვის 4,5 ლარამდე ჩამოვიდა ფასი, საღამოს ისევ 50 თეთრით მოიმატა. ცხადია, ეს არ არის ის, რისი მოლოდინიც მოსახლეობას ჰქონდა. ხალხს იმდენად გაუჭირდა, რომ 5-5 კილოგრამი მოაქვთ ჩასაბარებლად, რომ აღებული თანხით საჭმელი იყიდონ. გაჭირვება რომ არა, ამ პერიოდში თხილს არავინ გაყიდდა.
კიდევ უფრო იაფი ღირს გალშიც, რის გამოც გალელები აქტიურად ცდილობენ თხილის ზუგდიდში გადმოტანას. ჩვენი შესყიდვის ნახევარზე მეტი გალის პროდუქტზე მოდის. აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ხალხს ფული ერთბაშად სჭირდება", - ამბობს ვასილ ქირია.
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გრიშა თოთუა ადასტურებს, რომ სოფლის მკვიდრთა კეთილდღეობა თხილის მოსავალზე გახდა დამოკიდებული.
"მუდმივად ვაკვირდები, როდის რა ღირს თხილი და რის იმედი უნდა მქონდეს სამომავლოდ. მოსავალმა თუ გაამართლა, ამაზე სტაბილური შემოსავალი აქ არაფერია, ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს და შენახვის განსაკუთრებულ პირობებსაც არ სჭირდება. იმედი გვაქვს, რომ ფასი მოიმატებს. არ შეიძლება სექტემბერში თხილი ასე იაფი ღირდეს. წარმომიდგენია, რა სიმწრით ყიდის ხალხი თავის ნაშრომს. შვებით ამოვისუნთქებთ თუკი ფასი აიწევს. წლის ბოლომდე ცოტაც დაფნა და ციტრუსი დაემატება და მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება", - ამბობს ხობელი გლეხი.
თხილი უკვე წლებია, რაც ათი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფის შემადგენელი ნაწილია. თხილის ექსპორტის პროცენტულმა წილმა 2014 წლის მდგომარეობით, მთლიან ექსპორტში 6.4% შეადგინა. გაზრდილია მისი წარმოებაც. 2013-14 წწ ქვეყანაში წარმოებულმა თხილის მოცულობამ თითქმის 40 ათასი ტონა შეადგინა მაშინ, როდესაც წინა წლებში თხილის წარმოება, საშუალოდ, 25 ათასი ტონა იყო.