მოსაზრება
07.09.2015

გულბათ ტორაძე

23 აგვისტოს 90 წელი შეუსრულდებოდა გამოჩენილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს, სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტს, ზ.ფალიაშვილის, შ.რუსთაველის სახელობისა და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, სულხან ცინცაძეს (1925/1991).

აქვე დავძენ, რომ სსრკ სახელმწიფო (სტალინური!) პრემია სულხანს მიენიჭა მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი იყო (1950), რაც ერთადერთი, უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოთა კავშირის ამ უმაღლესი ჯილდოს არსებობის ისტორიაში!

ბატონმა სულხანმა დაგვიტოვა არა მარტო დიდებული შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომლის საუკეთესო ნაწილიც საუკუნეებს გასცდება, არამედ - დაუვიწყარი მოგონებები შესანიშნავ პიროვნებაზე, გულღია, კეთილ ადამიანზე, მეგობარსა და კოლეგაზე.

ჭეშმარიტად ოქროს ხანა იყო ჩვენი მუსიკალური კულტურისათვის 40-80-იანი წლები, როდესაც ერთდროულად მოღვაწეობდნენ ახალი ქართული მუსიკის კლასიკოსები შალვა მშველიძე და ანდრია ბალანჩივაძე, ალექსი მაჭავარიანი და ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე და დავით თორაძე, არჩილ ჩიმაკაძე და სულხან ცინცაძე. იგი უმცროსი, მაგრამ ღირსეული წარმომადგენელი იყო ამ დიდებული კოჰორტისა, რომელმაც ღრმა კვალი გაავლო ჩვენს მუსიკალურ ხელოვნებაში თავისი თვითმყოფი, ნოვატორული შემოქმედებით.

ყოველდღიური დაძაბული შრომით აღსავსე დიდი და შინაარსიანი გზა განვლო ბატონმა სულხანმა. მთელი მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გამსჭვალულია შინაგანი დინამიზმითა და მიზანსწრაფულობით, კომპოზიტორისათვის უცხოა პასიური ჭვრეტის, მოდუნებულობისა თუ ინერტულობის ნიშნები, რაც მისი მუდმივი შემოქმედებითი სახეცვლითაც გამოიხატებოდა.

ს. ცინცაძის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღიარება ჰპოვა სხვადასხვა ჟანრის მისმა მრავალმა ნაწარმოებმა, მაგრამ ვირტუოზი ოსტატისა და დახვეწილი ესთეტიკური კულტურის მქონე ხელოვანის "რენომე" მას, უპირველესად, სიმებიანმა კვარტეტებმა და საკვარტეტო პიესებმა შეუქმნეს. აი, მუსიკა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, მუსიკა, რომლითაც ქართული ხელოვნება ღირსეულად წარმდგარა და კვლავაც წარდგება ნებისმიერ, თვით უმაღლესი რანგის საერთაშორისო ფორუმზეც.

სიმპტომატურია, რომ მისი ელვარე საკომპოზიტორო დებიუტიც - | და || კვარტეტები (1947-48) და "გედის სიმღერაც" - ყ|| კვარტეტი (1990), ამ მისთვის საყვარელ ჟანრთანაა დაკავშირებული.

მახსოვს, რა აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოებისათვის მანამდე თითქმის უცნობი 22 წლის კომპოზიტორის გამარჯვებამ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კონკურსზე. პრემირებული კვარტეტი ხომ ფაქტობრივად მისი პირველი ნაწარმოები იყო.

ამ გამარჯვებამ მიიყვანა ს. ცინცაძე მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე და მალე, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ახალგაზრდა კომპოზიტორს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა || კვარტეტისა და სამი საკვარტეტო მინიატურის შექმნისათვის.

ამ დაუვიწყარი წარმატების შემდეგ განვლილი გზა ყურადღებას იქცევს შემოქმედებითი ევოლუციის ორგანულობითა და თანმიმდევრობით. ასე მაგალითად, ვეებერთელა დისტანციაა როგორც ქრონოლოგიური, ისე მხატვრული, ცინცაძის პირველ და ბოლო კვარტეტებს შორის, მაგრამ მათ აერთიანებს შემოქმედებითი განვითარების "გამჭოლი" ხაზი, რომელზედაც მძივებივითაა ასხმული მისი თორმეტი კვარტეტი - ცინცაძის საკომპოზიტორო ოსტატობისა და მხატვრული ინდივიდუალობის ყველაზე კონცენტრირებული გამოხატულება. სწორედ კვარტეტები განსაზღვრავენ კომპოზიტორის შემოქმედებითი განვითარების ძირითად პერიოდებსა და უმთავრეს მხატვრულ ტენდენციებს.

ასე მაგალითად, ცინცაძის პირველი სამი კვარტეტი და საკვარტეტო მინიატურები, რომლებიც მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბების პერიოდს ეკუთვნის, შეიძლება ერთ დიდ ციკლად გავაერთიანოთ. არსებითად, ისინი ერთ მხატვრულ და სტილისტურ სფეროს წარმოგვიდგენენ. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ამ კვარტეტების მუსიკა, რიტმები, ინტონაციები, ჰარმონიული საქცევები, ზოგჯერ თვით ტემბრული კოლორიტიც, დაბადებულიყოს ქართული ხალხური სიმღერის წიაღში, რაც მათ განუმეორებელ სურნელს ანიჭებს.

მომდევნო პერიოდში (1950-60-იანი წლები) ს. ცინცაძე დაძაბულად მუშაობდა თავისი შემოქმედების მხატვრული სფეროს გაფართოებაზე და მუსიკალური სტილის გადახალისებაზე. იგი ეუფლება სხვადასხვა ჟანრს, თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნიკას. სხვათა შორის, პირველად თავის პრაქტიკაში მიმართავს კინომუსიკის ჟანრს - წერს მუსიკას კინოფილმ "ჭრიჭინასათვის" და პირველივე ცდას ბრწყინვალე შედეგი მოჰყვა. მარინეს სიმღერას, მგონი, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა მღეროდა! არანაკლები წარმატებით დაგვირგვინდა ცინცაძის მომდევნო ნამუშევრებიც კინომუსიკის დარგში: "აბეზარა", "ბაში-აჩუკი", "თოჯინები იცინიან", "ჯარისკაცის მამა".

აი, კიდევ ერთი მრავალსახეობა ნიჭისა, რომელსაც თანაბრად ხელეწიფებოდა კამერული ლირიკის რაფინირებული ინტელექტუალური სამყაროც და ლაღი ენერგიით აღსავსე სასიმღერო სტიქია!

მხატვრულმა ძიებამ დასრულებული გამოხატულება ჰპოვა |ქ კვარტეტში (1955), რომელიც მოფიქრებულია როგორც დრამატული ნაწარმოები და თავიდანვე იტაცებს მსმენელს განვითარების მიზანსწრაფულობით, ხალასი ექსპრესიით. 50-60-იანი წლების მიჯნაზე და მომდევნო ხანებშია შექმნილი ბალეტი "დემონი", რომელიც 7 სეზონის მანძილზე იდგმებოდა ჩვენს საოპერო თეატრში, || და ||| სიმფონიები, ინსტრუმენტული კონცერტების "ტრიადა" და, კვლავ, კომპოზიტორის საყვარელი ჟანრი: ქ და, განსაკუთრებით, ქ| (1966) კვარტეტი, რომელსაც საკავშირო, ხოლო შემდეგ საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად. მასში სტილისტურად დასრულებული და გამოკვეთილი სახით გამოვლინდა ის თვისებები, რომლებიც ნიშანდობლივია 60-იანი წლების ნაწარმოებებისათვის: დაძაბული დინამიკური პულსი, პოლიფონიურობით გამსჭვალული ფაქტურა, მუსიკალური ენის სიმძაფრე, დრამატული და გროტესკული ელემენტების შეთავსება ნატიფ ლირიკასთან.

70-იან წლებში ს. ცინცაძე ბევრს მუშაობდა მუსიკალური თეატრის ჟანრებში. წარმატება მოუტანა მას ბალეტმა "რივარესმა" (ე. ვოინიჩის რომანის "კრაზანას" მიხედვით), რომელიც მოსკოვში დაიდგა და მომთხოვნი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი რამდენიმე სეზონის მანძილზე იდგმებოდა (წარმოდგენათა რიცხვი ორასს მიუახლოვდა) და კინოფირზეც გადაიღეს.

და კიდევ, როგორც ადრე, მომდევნო ათწლეულშიც (80-იან წლებში) კომპოზიტორის უმაღლესი შემოქმედებითი მიღწევა კვარტეტის ჟანრთან არის დაკავშირებული. მისი ყ კვარტეტი (1984) - დღეს ეს თამამად შეიძლება ითქვას, საერთაშორისო რანგისა და დონის ნაწარმოებია, მას უმაღლესი შეფასება მისცეს როგორც კამერული მუსიკის მოყვარულებმა მრავალ ვქეყანაში, ასევე მსოფლიოს გამოჩენილმა სპეციალისტებმა, მუსიკოს-პროფესიონალებმა. ამ ნაწარმოებში ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ, მისი ტოტალური პოლიფონიური სტრუქტურა და, მეორე მხრივ, თითქოსდა მივიწყებული, შემოქმედებითი სიჭაბუკისეული მხატვრული სახეებისადმი დაბრუნება, ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეზე.

ბოლო წლების შემოქმედებითი მოღვაწეობის მწვერვალად კი უნდა მივიჩნიოთ "24 პრელუდია ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის" (1987), რომლის დაუვიწყარი პრემიერაც შედგა ჩვენი უბადლო ლიანა ისაკაძის შესრულებით. ეს ნაწარმოები ს. ცინცაძის საუკეთესო კვარტეტების მხატვრულ დონეზეა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს არის უმაღლესი საკომპოზიტორო ოსტატობისა და ზეშთაგონების საოცარი ნაერთი, თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო "სავიზიტო ბარათი".

სულმოუთქმელად მუშაობა ს. ცინცაძის დამახასიათებელი თვისება იყო მისი მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე. უკვე მძიმედ დაავადებულმა მან შექმნა თავისი ბოლო ორი კვარტეტი, ვოკალური ბალადა "მესაფლავე" (გალაკტიონის ლექსზე), ქ სიმფონია, რომელთა პრემიერებიც მისთვის უკანასკნელ სიხარულად იქცა.

გამოჩენილი კომპოზიტორი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეც გახლდათ. 1965-1984 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო, აქვე უძღვებოდა საკრავთმცოდნეობის კლასს, მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა კომპოზიტორთა კავშირის კამერული მუსიკის სექციას, ხოლო 1984-1990 წლებში სათავეში ედგა ჩვენს საკომპოზიტორო ორგანიზაციას. მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტის მუსიკოსს ხშირად იწვევდნენ საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად და თავმჯდომარედ.

სულხან ცინცაძის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული მუსიკის მატიანეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×