ლიკა ამირაშვილი
14.09.2015

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მევენახეების პროტესტს რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პროვოკაციულს უწოდებს. როგორც დავითაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, სახეები, რომლებიც აქციებზე ჩანდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან და ბევრ მათგანს ვენახიც არ აქვს.

"ყურძნის ჩაბარება ქარხნებში შესაძლებელია ყველა იმ ადგილზე, სადაც რთველი მიმდინარეობს და ყურძენი არის შესაბამის კონდიციაში. ეს არის დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი და ასევე იმ ადგილებში, სადაც ყურძენი უკვე მოწეულია. თელავშიც არის საწარმოები გახსნილი, მაგრამ იღებენ სწორედ ამ არეალებიდან ყურძენს, რადგან თელავში, საგარეჯოში და ახმეტაში ყურძენი ჯერ არ არის მოწეული. ეს აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არშესული რთველის შესახებ გააკეთონ განცხადებები. ისევ ვამბობ მოსახლეობისთვის, რომ სახეები, რომლებიც ჩანდნენ, არიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ბევრ ამ ადამიანს არ გააჩნია ვენახიც კი და ისინი, ვინც ხელისუფლებას მოუწოდებენ რაღაცებს, თავად უკრძალავდნენ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყურძნის მიღებას," - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება მევანახეების მოთხოვნას სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე, დავითაშვილის თქმით, ოთარ დანელია მათ შეხვდება, ოღონდ არა იმ რეჟიმში, როგორსაც პროვოკატორები ითხოვენ.

გჯერათ, რომ მევენახეების პროტესტი ხელოვნურად არის გამოწვეული? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე): შესაძლოა, ასეც იყოს და ეს ყველაფერი პროვოკატორების პროვოცირებული იყოს, რადგან სეზონი მოვიდა და ეს თემა გასაშავპიარებელია. თუმცა, შეიძლება ამ მევენახეებს საპროტესტო მიზეზი მართლაც აქვთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამას აღვივებს და კარგადაც იყენებს. დანამდვილებით რა ხდება, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოინდომოს და შავ პიარად გამოიყენოს.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  გლეხების მოთხოვნები არარეალურია. რასაც ისინი ითხოვენ, სოციალიზმის პერიოდშია შესაძლებელი. დღევანდელი საქართველო კაპიტალიზმის პირობებში ცხოვრობს, ამიტომ რასაც კახელი მევენახეები ითხოვენ, სახელმწიფო ვერ გადაუხდის. მაშინ მესიმინდეებმა, პომიდვრისა და ლობიოს მომყვანებმა რა დააშავეს?!

ასეთ კითხვას დავსვამ: შარშან, როდესაც კახელმა მევენახეებმა 100 მილიონამდე სუბსიდია მიიღეს, მაშინ რატომ არ გააკეთეს ე.წ. კოოპერირება და ერთი საწარმო არ ააგეს, რომ შემდგომ ეს მოსავალი გადაემუშავებინათ? მათ იმ პირობებში უნდათ ცხოვრება, რაც არარეალურია. ამდენად, სახელმწიფოს დანაშაულს ვერ ვხედავ, უფრო მეტიც ვფიქრობ, სიტუაციის არევაში გარკვეულწილად "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): ვფიქრობ, თავად მინისტრის მოადგილისა და მინისტრის განცხადებებია პროვოკაციული. ხელისუფლებამ ეს საბაზო ურთიერთობა უნდა გაარკვიოს. მთელი წლის განმავლობაში ისეთი ღონისძიებების მიღებაა საჭირო, რომელიც გლეხობას გაარკვევს, საბაზრო ურთიერთობა რა არის და ღვინის კომპანიის მოგების წილი ამ საქმეში რა არის. მგონია, რომ მეღვინეებსა და თვითონ ამ გლეხებს შემოსავალი არაპროპორციულად აქვთ. გლეხები იმუქრებიან, ავჩეხავთო, რა თქმა უნდა, ეს მუქარაც სწორი არ არის, რადგან ხელისუფლებასაც ეს უნდა, რომ აიჩეხოს და პრობლემაც მოგვარდება.

მინისტრსა და მინისტრის მოადგილის ადგილას მე გადავდგებოდი, რადგან ეს ღირსების საკითხია. ასეთი სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩვენ არ გვჭირდება. ძალიან მიკვირს, რომ დღემდე საქართველოში აგრარული პარტია არ არსებობს. დადგა დრო, რომ სოფლის მოსახლეობამ პოლიტიკური პარტია შექნას. მგონია, რომ ყურძნის ფასი 1 ლარამდე უნდა ავიდეს. თუ არ ვცდები, 4 სახელმწიფო ქარხანაა, შეიძინონ ყურძენი, გამოხადონ სპირტი და კონიაკი დააყენონ. ეს ფაქტობრივად ვალუტაა.

 მიხეილ ცაგარელი  (ასტროლოგი): მთავრობა საზოგადოებას დაშორებულია. ყველა მთავრობაში ასე ხდებოდა და, სამწუხაროდ, ახლაც ასე ხდება. სხვა საქმეა ის, რომ შეიძლება "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მაგრამ ეს იმ მძიმე მდგომარეობითა და პირობებითაა გამოწვეული. რაც ქვეყანაში არსებობს. ეროვნული ვალუტის ვარდნამ კი ის თანხა შეცვალა, რაც გლეხს უნდა მიეღო. გლეხს სულ სხვა თანხა უნდა მისვლოდა და ახლა სულ სხვა მისდის.

ახლა ამ საკითხში გარკვევაა საჭირო, იმიტომ, რომ ასტროლოგიურად ძალიან მძიმე დღეებია მოსალოდნელი. ეს უბრალოდ პირველი მერცხალია, მსგავსმა გამოსვლებმა შეიძლება პერმანენტული ხასიათი მიიღოს, გაგრძელდეს და სხვა დარგებსაც გადაედოს. ამ შემთხვევაში ეს ხალხი სწორია. შეიძლება ეროვნული ბანკი თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას ასრულებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რომ ეს სიტუაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა პროვოცირებული, მართლი არაა. სამინისტრო ხალხში უნდა გავიდეს, ნახონ, ხელფასები რამდენი აქვთ და დასკვნა მერე გააკეთონ, მარტო კაბინეტიდან საუბარი ყველას შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×