ბატონ გიორგი მარგველაშვილს
ღია წერილი
14.09.2015

ბატონო გიორგი,

მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: "ალბათ, არსებობს სამყაროში "რაღაცა", რის წარმოჩენას განსაკუთრებული ენა სჭირდება. ეს განსაკუთრებული ენა არის მეტაფიზიკა ან ფილოსოფია, რაც ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა." ამ მოსაზრებით, პროფესიულად, მე და თქვენ ერთ სიბრტყეში ვიმყოფებით: მე, როგორც ფიზიკოსი, თქვენ - როგორც ფილოსოფოსი.

სანამ კონკრეტულ საკითხზე გაგესაუბრებით, მინდა, კიდევ ერთი ფილოსოფიური, ე.წ. ტრანსცენდენტური მდგომარეობა გავიხსენო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა ადამიანის სხვა სივრცეში გადასვლას გულისხმობს. ამ სივრცეს ადამიანის გონება ქმნის. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, თეორიულად ამ საკითხებთან ხშირი შეხება მქონდა, პრაქტიკული გამოცდილება კი ნაციონალრეჟიმიან საპყრობილეში მივიღე.

პირველად სხვა სივრცეში გადასვლა კარანტინის დაშლის დროს მომიხდა, როცა იატაკზე დაგდებულ ახალგაზრდა კაცს ასისხლიანებდნენ, მე კი გვერდზე კედელთან ატუზული ვიდექი. ჩემმა პროტესტმა ციხის მოხელეთა "ყურადღება" ჩემზე გადმოიტანა: გვერდებში ისე მომხვდა, კინაღამ სული ამომძვრა. აი, კლასიკური ტრანსცენდენტური სიტუაცია, როდესაც რეალობას უკვე ვერ აღიქვამ. უცებ სხეულის გარეთ აღმოვჩნდი და ვითომ სხვა სამყაროდან შევყურებდი საკუთარ თავს და დასისხლიანებულ ახალგაზრდას. გონებრივ მატერიალიზაცია, თუ ფსიქიკური გადაცდომა იყო, - არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი რეალურს ჰგავდა.

ამაზე ბევრი ვიფიქრე. ისიც გამახსენდა, რომ მეტაფიზიკა ცალკეული დეტალებისგან გონებრივად ერთიან სამყაროს ქმნის. შეგვიძლია სახლის რამდენიმე დეტალის ხილვით უკვე მთელ სახლზე გვქონდეს წარმოდგენა. რეჟიმის სპეციფიკას ალღო მალევე ავუღე, მთლიანი სურათი შევაკოწიწე, შესაფერისი ურთიერთობები დავამყარე და ჩვენი საკანი "გავამწვანე" - ზედამხედველების უმეტესობა ზედმეტად არ გვაწუხებდა.

ბატონო გიორგი! საკანში რადიოთი ვუსმენდი თქვენს ფილოსოფიურ (და არა პოლიტიკურ) მოსაზრებებს, როდესაც დეტალების გადანაწილებით მთლიან სურათს ქმნიდით. ყველა ვერ ახერხებს ამას, ეს თანდაყოლილი თვისებაა. უთუოდ ამ თვისების გამო გამოგარჩიათ ბატონმა ბიძინამ, რაგორც არაორდინარული ადამიანი. თვითონ მას არაორდინარულობა არ აკლია, თუმცა ცხოვრებამ ზედმეტი დამაჯერებლობაც გამოუმუშავა. ბიზნესში ასეთმა თვისებამ დიდი სიძნელეები დააძლევინა, პოლიტიკაში კი - პირიქით, გაუთვლადი სიძნელეების გამომწვევი მიზეზი გახდა. მე მისი პროგნოზების არშესრულებას ვგულისხმობ, რაც არა ცუდი ანალიზის შედეგია, არამედ მომავლის პროგნოზირების არასწორი კონცეფციაა. მომავალზე ლაპარაკი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი, რასაც სისტემების მართვის თეორია ქადაგებს. უბრალოდ, თქვენ, როგორც პრეზიდენტმა, მოღვაწეობის რამდენიმე სავარაუდო ვარიანტიდან ის მიმართულება აირჩიეთ, რომელსაც ბ-ნი ბიძინა არ ელოდა.

თქვენ ხალხმა წინამძღოლად და მთავარსარდლად აგირჩიათ. მთავარსარდალი მთლიანი ჯარის და არა ცალკეული სუბიექტის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. მას სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა ეკისრება, დანარჩენს კი - ქვედა დონის მეთაურები მიხედავენ. რას ვერ ერევა (და ვერც მოერევა) მთავრობა? ძირითად პრობლემას: სამართლიანობის აღდგენას. რატომ? იმიტომ, რომ ამ საკითხს მისეული მერკანტილური ხედვით განიხილავს: სახსრები არ გაგვაჩნია! ამ დროს სამართლიანობის აღდგენა ქონების დაბრუნებით ნამდვილად არ იწყება. ათასობით ადამიანის უფლებები (მათ შორის სიცოცხლის) შეილახა.

მე, 70 წლის ადამიანმა, მთელი ცხოვრება პატიოსნებაზე რომ ვდებდი თავს, რატომ უნდა დავტოვო ეს სამყარო თაღლითის სახელით და ნასამართლეობის დამღით?! რატომ უჭირს ჩემს მეუღლეს სხვებთან ურთიერთობაში იმ ორი წლის გახსენება, რაც მე პატიმრობაში გამატარებინეს? მთავრობის შიკრიკები ამას ვერ იგებენ, ქონებაზე უდგათ თვალი: "ახლა ვერ დაგიბრუნებთ, რადგან ჯერ ნაციონალების მიერ მიღებული კანონებია ძალაში!"

იმას ვერ იგებთ, რომ ქვეყნის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე ბრძანდებით. და, თუ აღიარეთ იმ რეჟიმის არაადამიანობა, დაჩაგრულებს ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოთ, მერე უფლებებში აღადგინოთ და მხოლოდ შემდგომ ქონებრივი საკითხების დალაგებას მოჰკიდოთ ხელი. ეს "ოცნებას" მოეთხოვება და არა "ნაცებს", რადგან მათ ბოდიშებს და აღიარებებს ლაყე სუნი ასდის! ამიტომ არ მივედი სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ნასამართლეობის მოხსნის აქციაზე!

ამ თემის დახურვა თქვენ და თქვენს ინსტიტუტს შეუძლია. ამის ყველა უფლება და ბერკეტი გაგაჩნიათ, ხალხთან შეხვედრას და დალაპარაკებას არ ერიდებით და "ოცნების" მთავარი დაპირების აღსრულებას მოითხოვთ. ნუ ელოდებით, რომ ამას ვინმე სხვა იტვირთავს, მოჰ-კიდეთ საქმეს ხელი. აი, აქ არის საჭირო თქვენი განსაკუთრებული ხედვა. პოლიტიკური თამაშის მხოლოდ ეს მოედანია თავისუფალი და ამ მოედანზე ვერავინ ვერ გაგიწევთ კონკურენციას. მთავრობასთან ურთიერთობაც უცებ დაგილაგდებათ და ერისთვის სასიკეთო საქმესაც გააკეთებთ.

მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. ამ მიმართულებით თამაშში ჩაერთეთ. ის კი არ არის მთავარი, ვინ და როდის იწყებს ამ თამაშს, მთავარია ის, ვინც მას დაასრულებს!

პატივისცემით, სერგო ჯაყელი,

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×