ლიკა ამირაშვილი
15.09.2015

თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროექტი შესაძლოა, ჩაიშალოს, - ამ მოსაზრებას პოლონურ მედიასთან საუბრისას პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი, კონრად ზაშოვტი გამოთქვამს.

"პროდასავლურად განწყობილი ქართული ელიტა ქვეყნის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას არ დაუშვებს, თუმცა თუ დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი შესაძლოა, ჩაიშალოს. საქართველო ევროკავშირის, ნატო-სა და რუსეთს შორის სტრატეგიულ ვაკუუმში აღმოჩნდება და 90-იანი წლების შიდაპოლიტიკურ დესტაბილიზაციას დაუბრუნდება", - აცხადებს ზაშოვტი.

ექსპერტის მოსაზრებით, უახლოეს მომავალში ნატო საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას არ გაზრდის, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ალიანსის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა.

როგორც ზაშოვტი განმარტავს, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ბევრი მეგობარი არ ჰყავს, თუმცა, მისი ერთ-ერთი მოკავშირე პოლონეთია.

რეალურად მიგაჩნიათ თუ არა პოლონელი ექსპერტის მიერ გამოთქმული საფრთხე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): რა თქმა უნდა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი ჩაიშლება. იმისათვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ, ხმას წევრი ქვეყნები გვაძლევენ. უარის თქმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი შეჩერდება. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ევროკავშირსა და ნატოში გავწევრიანდებით. მწამს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება ისედაც ძალიან შორეული პერსპექტივაა. გამომდინარე იქიდან, როგორ შეიძლება ნატოში შევიდეს ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიები დაკარგული აქვს. ხელისუფლების მხრიდან ნატოში შესვლა ისედაც ძალიან ბუნდოვანი სურვილია.

პოლიტიკა, რომელიც 25 წელია ტარდებოდა და დღესაც ტარდება, ფაქტია, არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ხელისუფლებაში რისი იმედი აქვთ, რას ფიქრობენ, ნატოში რომ შედიან, ვინ იღებს? საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია ტერიტორიებთან დაკავშირებით ნატოს რა პოზიცია აქვს. მგონია, რომ სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე ძალიან ძნელია ნატოს შესვლის პერსპექტივაზე საუბარი.

 ვასილ მაღლაფერიძე (ისტორიკოსი): მთელი ამ ორი საუკუნის მანძილზე პოლონელმა ხალხმაც ჩვენი გზა გაიარა და ყველაზე კარგად იციან, იმპერია, რომლის ქვეშევრდომებიც იყვნენ, რას წარმოადგენს. ამიტომაც პოლონელები მგრძნობიარე და ჩვენი მეგობრები არიან. ამიტომაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, განგაშის ზარს შემოკრეს.

მიმაჩნია, რომ დასავლეთმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამას. საქართველოს არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა ან დეკლარაციით უნდა დაადასტურონ ან არადა, სხვა გზა უნდა მოვნახოთ. ასე მუდამ იმის ფიქრში, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ შევალთ და ბოლოს რეალურად არაფერი იყოს... ამ შემთხვევაში პოლონელ ექსპერტს ვეთანხმები.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ეს მოსაზრება ერთი ჩვეულებრივი ექსპერტის კერძო მოსაზრებაა, რომელიც ამბობს, რომ თუ საქართველოს იგნორირებას გაუწევენ, მაშინ შეიძლება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ჩაიშალოს. ეს ბუნებრივი გახლავთ. თუნდაც ამ ექსპერტმა განაცხადოს, რომ საქართველო ნატოსკენ სვლას წარმატებულად თუ გააგრძელებს, ნატოში აუცილებლად მიიღებენ. ამ ექსპერტის თვალსაზრისი დასაჯერებელი იქნება? რამეს ნიშნავს?

ჩვენთვის ევროკავშირი და ნატო თვითმიზანი არ არის. ეს უნდა იყოს ჩვენთვის საქართველოს განვითარებისა და დემოკრატიული პრინციპების სრულყოფის მიზნის მიღწევის საშუალება და არა თვითმიზანი. ნატოში შესვლის საკითხი ჯერჯერობით ძალიან პრობლემატურია. 25 წელიწადია ამაზე ვმსჯელობთ და შეიძლება კიდევ 25 წელი ვიმსჯელოთ, მაგრამ რეალურად არაფერი არ მოხდეს. ვფიქრობ, საქართველოს ნატოში შესვლა ძალიან რთული საკითხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×