სავალუტო ბაზარზე სრული პანიკაა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარის ღირებულებამ 2,48 ლარს მიაღწია, კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასი 2,50 ლარს გადასცდა. კურსის ნახტომისებურ გაუფასურებასთან დაკავშირებით "რეზონანსის" პროგნოზი მართლდება. პროცესი აბსოლუტურად თვითდინებაზეა მიშვებული.
გუშინ "ბლუმბერგის" ელექტრონულ სისტემაში სავალუტო ვაჭრობა 2,40 ლარიდან დაიწყო, ამერიკის დროით დაახლოებით 6 საათზე ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და 3 საათში პიკს - 2,4619 ლარს მიაღწია. მართალია, ეროვნული ბანკის კურსით 1 დოლარის ფასი 2,4170 ლარია, მაგრამ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარი 2,47-2,48 ლარის ფარგლებში იყიდებოდა. ზოგიერთ ბანკში კი დოლარის ფასმა 2.52 ლარს მიაღწია.
"ვითიბი ბანკის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.50 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.3700 ლარად. "საქართველოს ბანკში" ერთი დოლარის შეძენა 2.49 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.37 ლარად. "კორ სტანდარტ ბანკში" 1 დოლარის ღირებულება 2,5150 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3800 ლარს მიიღებს. რაც შეეხება "თიბისი ბანკს," აქ 1 დოლარი 2.510 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.40 ლარადაა შესაძლებელი.
სპეციალისტები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სასწრაფოდ ზომები მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე პროცესი უმართავი გახდება და არ არის გამორიცხული, სოციალური ფონის გაუარესების გამო სახალხო მღელვარება დაიწყოს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი შეიცვალა, ხოლო ეროვნული ბანკი და მთავრობა ურთიერთგადაბრალების რეჟიმში დარჩნენ, არსებული ტემპებით ლარის დევალვაცია ისევ გაგრძელდება.
"ედევალვაცია ისეთი მასშტაბური აღარ უნდა იყოს, თუ შეგნებულად არ იზრდება ლარის კურსზე ნეგატიური წნეხი. აუცილებელია ბიზნესის ხელშეწყობა, ექსპორტისა და წარმოების დივერსიფიცირება. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ზომიერი პოლიტიკის გატარება და ფულადი მასის კონტროლი. თუკი სებ-ი ამის საპირისპიროდ იმოქმედებს, ბუნებრივია, კურსის დაჭერას ვერ შევძლებთ. მასშტაბური დევალვაციის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ. მაშინ მოსახლეობას კურსის დასტაბილურებისა და გამყარების იმედიც გაუჩნდება", - ამბობს სოსო არჩვაძე.
ეკონომისტ ლია ელიავას გათვლებით, ალბათობა იმისა, რომ ლარის კურსი გააგრძელებს ვარდნას, არის ძალიან მაღალი და ეს ვარდნა განპირობებული იქნება ეროვნული ბანკის უმოქმედობით. "სანამ ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა თავის ადგილზე იქნება და არ დაინიშნება კვალიფიციური კადრები, რომელიც ამ საკითხს მოუვლის, ლარი თავბედს გვაწყევლინებს", - ამბობს ლია ელიავა.
მოსახლეობისთვის ბოლო იმედი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მართვიდან ბანკების ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაა, რომლის შექმნაც იგვიანებს. კანონმდებლობით, ახალმა სამსახურმა საქმიანობა 10 ოქტომბრამდე უნდა დაიწყოს. ხელისუფლებისა და ეკონომისტთა ნაწილს იმედი აქვთ, რომ ახალი სამსახურის ამოქმედება ლარის კურსის სტაბილურობის გარანტი გახდება.