მოსაზრება
16.09.2015

რამაზ გახოკიძე

მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ახალი მიმართულებაა ბიომუსიკოლოგია, რომელიც ავლენს, თუ როგორ ზემოქმედებს ბგერები ცოცხალ ორგანიზმზე. მუსიკა, როგორც ბგერების მწყობრი და ჰარმონიული შეხამება, უნივერსალური და ყოვლისმომცველი ენაა. მუსიკა სიცოცხლის ხმაა. ცნობილია, რომ სხვადასხვა სიხშირის ბგერა განსხვავებულად ზემოქმედებს ადამიანზე. ეს პირდაპირ დაკავშირებულია თავის ტვინის რიტმებთან. სმენის ორგანოებით მიღებულ აუდიოინფორმაციას აანალიზებს ტვინი და აჯერებს საკუთარ რიტმებთან. მუსიკალური ზემოქმედება შეიძლება ასე აიხსნას. მუსიკა ვიბრაციაა, მხოლოდ მოწესრიგებული, გარკვეული წესით სინქრონიზებული, რომელსაც შემოაქვს წესრიგი ჩვენს სისტემაში და რეზონანსში მოჰყავს ჩვენს შინაგან მუსიკასთან.

სხვადასხვა მუსიკა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ემოციას იწვევს, თუმცა როგორც წერს სპინოზა: "არამუსიკალური ყურისთვის უმშვენიერეს მუსიკასაც არა აქვს აზრი". როგორც ჩვენ მიერ იქნა ნაჩვენები, თითოეულ ცოცხალ არსებას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი "მოლეკულური" მუსიკა და, შესაბამისად, საკუთარი სიხშირე გააჩნია. სწორედ ამიტომაც არის განსხვავებული მუსიკალური გემოვნება.

რამდენიმე ხნის წინათ მოსკოვში გამოცემულ "მუსიკოთერაპიის სახელმძღვანელოში" ნათქვამია: "ადამიანის ტვინი - უამრავი ვიბრაციაა ელექტრული იმპულსებით, რომლებიც გამოდის მისი ყოველი ნაწილიდან. ადამიანი გამოსცემს მუსიკალურ ნოტებს, რომლებიც დამოკიდებულია მისი ვიბრაციების ხარისხზე... ყოველ ადამიანს თავისი საბაზო ბგერა გააჩნია". კომპოზიტორი ა. სკრიაბინი, რომელმაც აღმოაჩინა ფსიქოაკუსტიკური სტრუქტურები, წერდა: "მუსიკით შეიძლება გამოვიწვიოთ ჰიპნოზი. მუსიკა არის ბგერებით შელოცვა, რომლის ჰარმონიაშია უზარმაზარი მაგიური ძალა".

პითაგორამ, რომელმაც მუსიკის თეორია ეგვიპტეში შეისწავლა, დააფუძნა მეცნიერება სფეროების ჰარმონიის შესახებ და დაადგინა მუსიკა როგორც ზუსტი მეცნიერება. პითაგორელები სპეციალურ მელოდიებს იყენებდნენ მრისხანების წინააღმდეგ. მათ აჩვენეს, რომ მუსიკა კეთილ გავლენას ახდენს ინტელექტზე. ისინი მათემატიკას მუსიკის თანხლებით ასწავლიდნენ. ჩვ.წ. აღრიცხვამდე ||| საუკუნეში პართიის სამეფოში აიგო სპეციალური მუსიკალურ-სამედიცინო ცენტრი, სადაც მკურნალობდნენ სევდას და ისტერიას.

მუსიკოთერაპია - ტრადიციული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჯერჯერობით ნაკლებად გამოკვლეული მიმართულებაა. იგი ევროპაში ოფიციალურად აღიარებულ იქნა ყ|ყ საუკუნეში, როცა პროგრესულმა ექიმებმა დაიწყეს მისი გამოყენება თავიანთ პრაქტიკაში. ცნობილი რუსი ქირურგი ბ. პეტროვსკი მუსიკას იყენებდა რთული ოპერაციების დროს. ქირურგიაში მუსიკის გამოყენება 2-3-ჯერ ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოხმარებას მოსამზადებელ პერიოდში, ხოლო ოპერაციის შემდეგ აღდგენითი პერიოდი მცირდება 15-20 პროცენტით.

1961 წელს ინგლისში შემუშავდა მუსიკოთერაპიის პირველი პროგრამა, ხოლო 5 წლის შემდეგ შეიქმნა მუსიკოთერაპიის ცენტრი. 1969 წლიდან შვედეთში არსებობს მუსიკოთერაპიის საზოგადოება, ამ ორგანიზაციის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ ზარის ბგერები, რომლებიც გამოსცემს რეზონანსულ ულტრაბგერით გამოსხივებას, რამდენიმე წუთში კლავს ტიფის ჩხირებს, გრიპის ვირუსებს. განსაზღვრული მუსიკის ტიპები აჩქარებს ცოცხალი უჯრედის პროტოპლაზმის მოძრაობას.

მუსიკა, ანუ ბგერების მწყობრი და ჰარმონიული შეხამება რადიკალურად განსხვავდება ხმაურისგან, რომელიც აქვეითებს ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს, რითაც იზრდება ადამიანის მიერ ქიმიური გამაბინძურებლების ამთვისებლობა.

ყველაზე სასარგებლო მუსიკად კლასიკური მუსიკაა აღიარებული. ყველაზე დიდი მკურნალი კომპოზიტორებს შორის არის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რომლის ნაწარმოებებს აქვს ადამიანებზე ზემოქმედების კოლოსალური ძალა. მისი მუსიკით ყვავილებიც კი იფურჩქნება. მოცარტის ნაწარმოებები უნივერსალურია. ისინი რეკომენდებულია სტრესის მოსახსნელად, თავის ტკივილისას, გონებრივი დაძაბულობის და გადაღლისას, სასწავლო მასალის ეფექტურად ასათვისებლად, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, ასევე აღდგენითი პერიოდის დროს. სამკურნალო ეფექტი გააჩნია მოცარტის ყველა ნაწარმოებს. ამ მოვლენას "მოცარტის ეფექტი" ეწოდება. განსაკუთრებული ადგილი მოცარტის შედევრებს შორის უჭირავს სონატას ორი ფორტეპიანოსათვის (დო მაჟორი). სწორედ ამ ნაწარმოების მოსმენა აძლიერებს თავის ტვინის აქტიურობას.

ამერიკელ მეცნიერთა კვლევებით დადგინდა, რომ მოცარტის საფორტეპიანო მუსიკის ათწუთიანი მოსმენა ინტელექტის ხარისხს (შღ), საშუალოდ, 8-10 ერთეულით ზრდის. ასევე დააფიქსირეს მოცარტის მუსიკის მოსმენით მძიმე ეპილეფსიისგან განკურნების გასაოცარი ეფექტი. შვედი ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ მოცარტის მუსიკის გამო შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა შვედეთში. გასტროენტეროლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ყოველდღე ჭამის დროს მოვუსმენთ მოცარტის მშვიდ მუსიკას, გაქრება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ჯერჯერობით დაუდგენელია თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობები (პუანტალიზმი, კონკრეტული მუსიკა, სონორისტიკა, სურეალიზმი, მინიმალიზმი, სპექტრული მუსიკა), თუმცა ცნობილია, რომ ავანგარდისტ კომპოზიტორთა იან ქსენაკისა და კარლ ჰაინც შტოკჰაუზენის ოპუსების მოსმენა რიგ შემთხვევებში იწვევს კბილის ტკივილს.

ცდით დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმი უმრავლეს შემთხვევაში "ეხმიანება" მუსიკას, ეწყობა მის ტემპს, რაც აისახება პულსის სიხშირეზე, სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევაზე, შინაგანი ორგანოებისა და სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტით ექიმებმა დაასკვნეს, რომ ნერვული აშლილობის, ისტერიკისა და კაპრიზებისადმი მიდრეკილების დროს ყველაზე კეთილმყოფელ გავლენას ბავშვზე ახდენს მოცარტის მუსიკა. ყოველდღიური ბგერითი თერაპიის სეანსების ჩატარებით 20-30 წუთის განმავლობაში, 7-10 დღის შემდეგ პატარა დაიწყებს უფრო ზომიერ და ადეკვატურ მოქცევას. ბავშვს ცუდად თუ სძინავს, ესიზმრება კოშმარები და ხშირად იღვიძებს შიშისგან ატირებული, მაშინ საუკეთესო თერაპიულ საშუალებად შეიძლება გამოდგეს გრიგის, ჩაიკოვსკის, სიბელიუსის მუსიკა, რომელიც უნდა მოასმენინოთ უშუალოდ ძილის წინ. საქმე თუ ეხება პასიურ და ჩაკეტილ ბავშვს, რომელსაც ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და არც გონებრივი შესაძლებლობებით ბრწყინავს, მისი სასიცოცხლო ძალების გააქტიურებაში მოგვეხმარება ლისტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

ბავშვთა მთელი რიგი ორგანოების დარღვევა ხშირად დაკავშირებულია არასწორ სუნთქვასთან. ამ შემთხვევაში ხალხური სიმღერების მოსმენით შესაძლებელი გახდება 10-15 წუთში სუნთქვის ნორმალიზება. რაც შეეხება გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, მასზე ყველაზე ხელსაყრელ ზემოქმედებას ახდენს ბახის, შოპენისა და მენდელსონის მუსიკა. მუსიკა და მოძრაობა - ეს საშუალებანია, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებს ბავშვზე. მუსიკალურ-პლასტიკური მოძრაობები ასრულებს რელაქსაციურ ფუნქციას, ეხმარება ემოციური განმუხტვის მიღწევაში, გონებრივი გადატვირთვის და დაღლილობის მოხსნაში. მოძრაობა და ცეკვა ბავშვს სხვა ბავშვებთან დამეგობრებაში ეხმარება, იძლევა განსაზღვრულ ფსიქოთერაპიულ ეფექტს.

შტრაუსისა და ჩაიკოვსკის მომხიბლავი ვალსები ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას, ხსნის დაძაბულობას, აუმჯობესებს ძილს. ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად ჯერ მოისმინეთ გამახალისებელი მუსიკა (განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ბრამსის "უნგრული ვალსი", ოგინსკის "პოლონეზი", სარასატეს "არაგონული ხოტა"), შემდეგ ჩაიკოვსკის ან ბიზეს მელოდიური მუსიკა. შესანიშნავად ფანტავს დილის ძილიანობას ვივალდის სონატები და კონცერტები, შუბერტის სერენადები. ახალისებს დებიუსის სიმფონიური სურათი - "ზღვა", მუსორგსკის - "განთიადი მოსკოვ-მდინარეზე" (ოპერიდან "ხოვანშჩინა"), გრიგის - "დილის განწყობა", რიჰარდ შტრაუსის - "დილა". შუადღეს ფინჯან ყავას შეგიცვლით ჰენდელი და მოცარტი. დაღლილობის პროფილაქტიკისთვის ბგერით რაციონში ჩართეთ გრიგის "მუსიკალური დილა" ან ჩაიკოვსკის "წელიწადის დრონი".

სამსახურში ან სახლში თავს თუ ვერ დააღწევთ კონფლიქტებს და უსიამოვნო საუბრებს, თქვენს განწყობაზე შესანიშნავად იმოქმედებს ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა რიჰარდ შტრაუსის "საშინაო ნაწარმოებები", ბახის "გლეხური კანტატა", ბეთჰოვენის "სიმღერა რწყილზე", როსინის "აბრეშუმის კიბე" და "ქურდი კაჭკაჭი". ცუდ მეხსიერებას აღადგენს ვივალდის "წელიწადის დრონის" ციკლის ნაწარმოებთა პერიოდული მოსმენა. მშვიდი განწყობის შექმნას ხელს უწყობს ყქ||-ყქ||| საუკუნეების (ბახი, ვივალდი, ჰაიდნი, ჰენდელი) მუსიკა. მათი ნაწარმოებები ასტიმულირებს თავის ტვინის ალფა რიტმებს, რომლებიც დაკავშირებულია სიმშვიდის შეგრძნებასთან.

საქართველოში მუსიკით მკურნალობის საკითხებზე მუშაობდნენ მეცნიერები: ა.ზურაბაშვილი, ვ.მოსიძე, ქ.მინდაძე, კომპოზიტორები: კ.ფოცხვერაშვილი, ი.ბობოხიძე, ს.ჟვანია. ქართული მუსიკალური თერაპიული ფოლკლორი ღრმა შესწავლას მოითხოვს. ძილის მომგვრელი ქართული "იავნანა" ისეთ ბგერებზეა აგებული, რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე. არც ქართული სიმღერა - "ბატონებო" - შექმნილა შემთხვევით, ის ხომ სამკურნალო სიმღერაა. სამკურნალო ეფექტი უნდა გააჩნდეს ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებსაც, მაგალითად, ფალიაშვილის "დაისის" უვერტიურას, ლაღიძის "საჭიდაოს", მშველიძის სიმფონიურ სურათებს და ქართული მუსიკის მრავალ შედევრს.

ქვემოთ მოცემულია მუსიკოთერაპიის ცენტრებში აპრობირებული მუსიკალური რეცეპტების ნიმუშები.

უძილობა: ბეთჰოვენის "მთვარის სონატა"; გრიგის სუიტა "პერ გიუნტი"; მასნეს "მედიტაცია"; ოფენბახის "ბარკაროლა"; მენდელსონის "სიმღერები უსიტყვოდ"; სიბელიუსის "სევდიანი ვალსი"; გლუკის "მელოდია"; შუმანის "ოცნება"; ჩაიკოვსკის "შემოდგომის სიმღერა", "სენტიმენტალური ვალსი", "ბარკაროლა"; შუბერტის "ავე მარია", "სერენადა"; სენ-სანსის "გედი".

სტრესი: მუსორგსკის საფორტეპიანო სუიტა "სურათები გამოფენიდან". სასიცოცხლო ტონუსის და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად სასარგებლოა ჩაიკოვსკის "მეექვსე სიმფონიის" მესამე ნაწილი; ბეთჰოვენის "უვერტიურა ეგმონტი"; შოპენის "პრელუდია #1, ოპუსი 28"; ლისტის "უნგრული რაფსოდია #2".

გადაღლა და ნერვული გამოფიტვა: გრიგის "დილა"; ოგინსკის "პოლონეზი"; მუსორგსკის "განთიადი მოსკოვ-მდინარეზე", "სურათები გამოფენიდან"; იოჰან შტრაუსის "ცისფერი დუნაი"; ჩაიკოვსკის "წელიწადის დრონი"; ქართული წარმოშობის სიმღერა "საღამოს ზარები", ლეის "სიყვარულის ისტორია"; ხაჩატურიანის "ცეკვა ხმლებით".

ქრონიკულ დაღლილობას შველის ბრამსის "მესამე სიმფონიის" მეორე ნაწილი, "მეოთხე სიმფონიის" პირველი ნაწილი, "სავიოლინო კონცერტი" და "უნგრული ცეკვები" (უზრუნველყოფს ენერგიის მუხტს მთელი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით, თუ მოისმენთ ორშაბათ დილას).

დეპრესია: ბეთჰოვენის "მთვარის სონატა" და "უვერტიურა ეგმონტი"; რახმანინოვის "მეორე საფორტეპიანო კონცერტი"; ჩაიკოვსკის "მეექვსე სიმფონია"; ლისტის "მეორე რაფსოდია". გუნება-განწყობილებას ამაღლებს ჯაზი, ბლუზი, რეგი, მოცარტის და ვივალდის მხიარული ნაწარმოებები ალეგროს ან ალეგრო მოდერატოს ტემპში.

გაღიზიანებისა და სიბრაზის მოსახსნელად უსმინეთ: ბეთჰოვენის "მთცარის სონატას"; ჰაიდნის "სიმფონიას"; ბახის "კანტატას #2" და "იტალიურ კონცერტს". ბახის "იტალიური კონცერტი" და ჰაიდნის "სიმფონია" ასევე რეკომენდებულია შურის შესამცირებლად. გულდამძიმებულობის დროს უსმინეთ ბეთჰოვენის "ოდა სიხარულს"; ლისტის "უნგრულ რაფსოდიას"; ჩაიკოვსკის "სლავურ მარშს"; შუბერტის "ავე მარიას". ადამიანებთან ურთიერთობისას დაძაბულობის მოსახსნელად დაგეხმარებათ ბახის "სავიოლინო კონცერტი რე მინორი". გახშირებული გულისცემა ნორმაში მოჰყავს მენდელსონის "საქორწილო მარშს", დებიუსის, რაველის ნაწარმოებებს, ასევე კლასიკურ ინდურ მუსიკას. დასამშვიდებლად მოუსმინეთ ბრამსის "იავნანას"; დებიუსის "მთვარის შუქს"; შუბერტის "ავე მარიას"; ბეთჰოვენის "მთვარის სონატის" პირველი ნაწილს, "მეექვსე სიმფონიის" მეორე ნაწილს; შოპენის "ნოქტიურნს სოლ მინორი". მღელვარების, შიშის და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის შესამცირებლად სასარგებლოა: შოპენის "მაზურკები" და "პრელუდიები"; იოჰან შტრაუსის "ვალსები"; რუბინშტეინის "მელოდიები".

ჰიპერტონია: შოპენის "ნოქტიურნი რე მინორი" (სხვა ნოქტიურნები უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე); ბახის "სავიოლინო კონცერტი რე მინორი" და "კანტატა #1"; ჩაიკოვსკის "სუიტა" ბალეტიდან "გედის ტბა"; ბარტოკის "სონატები ფორტეპიანოსთვის" და "კვარტეტი #5"; რახმანინოვის სიმფონიური პოემა "სიკვდილის კუნძული". სისხლის წნევა და გულის მუშაობა ნორმაში მოჰყავს მენდელსონის "საქორწილო მარშს".

შაკიკი: მენდელსონის "საქორწილო მარში"; დვორჟაკის "იუმორესკა"; გერშვინის მელოდიები კინო-ფილმიდან "ამერიკელი პარიზში". თავის ტკივილს სწრაფად ხსნის მოცარტის "დონ ჟუანი"; ლისტის "უნგრული რაფსოდია #1"; ხაჩატურიანის სუიტა დრამიდან "მასკარადი", ოგინსკის "პოლონეზი"; ბეთჰოვენის "ფიდელიო".

ალკოჰოლიზმსა და მოწევას სხვა საშუალებებთან ერთად კურნავს შუბერტის "ავე მარია"; ბეთჰოვენის "მთვარის სონატა"; სენ-სანსის "გედი".

კუჭის წყლული: იოჰან შტრაუსის "ყვავილების ვალსი"; მოცარტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

გასტრიტი: ბეთჰოვენის "სონატა #7".

შემოქმედებით იმპულსს ასტიმულირებს რაველის "ბოლერო"; ხაჩატურიანის "ცეკვა ხმლებით"; დუნაევსკის "მარში" კინო-ფილმიდან "ცირკი"; ლეის "სიყვარულის ისტორია". გოეთე აღნიშნავდა, რომ იგი ყოველთვის უკეთ მუშაობდა ბეთჰოვენის "სავიოლინო კონცერტის" მოსმენის შემდეგ.

სიზარმაცის გადასალახად და დაბალი სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებლად: ჩაიკოვსკის "მეექვსე სიმფონიის" მესამე ნაწილი; ბეთჰოვენის უვერტიურა "ეგმონტი"; შოპენის "პრელუდია #1" და ლისტის "უნგრული რაფსოდია #2".

მუსიკოთერაპია შეიძლება ბევრ შემთხვევაში ქიმიოთერაპიის ძლიერი კონკურენტი გახდეს და მისი განმკურნებელი ზემოქმედება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×