განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მესამე წელია, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოებს უფასოდ არიგებს. მოსწავლეებს ურიგდებათ როგორც ახალი, ისე მეორეული წიგნები. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში მხოლოდ მაღალი შეფასების მქონე მეორეული წიგნების დარიგება ხდება.
თუმცა, მშობელთა ნაწილი ასეთ შეფასებას არ ეთანხმება. მათი თქმით, უფასო სახელმძღვანელოების მიღებისას ისინი 2 პრობლემას აწყდებიან: ჯერ ერთი, რომ სახელმძღვანელოების ნაწილი ხმარებისაგან მეტად გაცვეთილია და აშკარად არ იმსახურებს მაღალ შეფასებას; მეორე პრობლემა კი ისაა, რომ ხშირად ნახმარ სახელმძღვანელოებში კალმით ან ფანქრით უკვე შესრულებულია საშინაო დავალებები.
"წიგნი იმდენად განადგურებულია, რომ წლის ბოლომდე როგორ უნდა მივაღწევინოთ, არ ვიცი. წელს პირველკლასელია და განსაკუთრებით "დედაენის" წიგნია ცუდ მდგომარეობაში. დახეულზე რომ არაფერი ვთქვა, შიგნით კალმით არის შესრულებული დავალებები, რასაც ვერაფერს მოვუხერხებთ", - გვითხრა 6 წლის საბას დედამ.
"რეზონანსთან" სახელმძღვანელოების ვარგისიანობაზე საუბრობს მეოთხეკლასელი ანის დედაც:
"რამდენიმე წიგნი "სკოჩით" არის შეკრული და შიგნით ფანქრითა და პასტით არის დავალებები შესრულებული. კი მაქვს შეღავათი, დიდი ხარჯი იყო წიგნების ყიდვა, მაგრამ ეს წიგნები იმაზე მეტად ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ველოდი".
განათლებისა და მეცნერების სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ თუ სკოლის სახელმძღვანელოები არ არის გამოყენებადი, ეს სკოლის დირექტორებს უნდა ეცნობებინათ სამინისტროსთვის:
"დიახ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ბავშვებს წიგნები დაურიგდებოდათ ახალიც და მეორეულიც. ცხადია, მხოლოდ ის მეორეული სახელმძღვანელოები, რომელიც მაღალი ქულებით იქნებოდა შეფასებული. ამისათვის განათლების სამინისტრომ დირექტორებს სამჯერ გაუგზავნა წერილი, თუ რა ესაჭიროებოდათ, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდათ ამასთან მიმართებით. თუ რომელიმე ბავშვს მსგავსი პრობლემა ჰქონდა, შეხვდა გამოუსადეგარი წიგნი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა დირექტორს არ აქვს ყურთან ახლოს მიტანილი", - აცხადებენ სამინისტროში.
"რეზონანსის" კითხვას, თუ ვის აქვს კომპეტენცია, რომ წიგნებს მიანიჭოს ქულები და შეაფასოს წიგნი, ვარგისიანობა, განთლების სამინისტროში ასე პასუხობენ:
"როდესაც ბავშვები დაამთავრებენ სასწავლო წელს, ამ წიგნებს აბრუნებენ და ვიცით, რომ ფასდება მისი ვარგისიანობა. სამინისტრო სკოლის დირექტორებს სთხოვს, რომ გვაცნობონ, რა სჭირდებათ, რამდენი ახალი წიგნი, რამდენის ჩანაცვლება და ა.შ. შესაბამისად, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე სკოლაში მოსწავლეებს ასეთი დაზიანებული სახელმძღვანელოები შეხვდათ, მშობლებმა აუცილებლად სკოლის დირექტორს უნდა მოსთხოვონ. მეტიც, მშობელს შეუძლია, რომ ასეთი სახელმძღვანელო საერთოდ არ აიღოს და დირექტორს მოსთხოვოს ახალი წიგნები".
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გამოსადეგი იქნება მეორეული სახელმძღვანელო, რომელშიც გარკვეული დავალებები კალმით ან ფანქრითაა შესრულებული, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამაზე მშობლებმა სკოლის დირექტორს უნდა მიმართონ.
"ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც სახელმძღვანელოებს ეხება, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართონ სკოლის დირექტორს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამინისტროში წიგნების მარაგი არის საკმარისი და არც ერთი ბავშვი არ დარჩება წიგნის გარეშე, ყველა ბავშვს ექნება სათანადო სახელმძღვანელო", - განუცხადეს "რეზონანსს" სამინისტროში.
მათივე თქმით, სახელმძღვანელოების მოხმარების წესებთან დაკავშირებით სამინისტროს რაიმე რეკომენდაცია არ გაუცია.
"რა რეკომენდაციებზეა საუბარი, ეს ხომ ელემენტარულია, რომ წიგნს უნდა გაუფრთხილდე. მაშინ, როდესაც სახელმწოფომ უზრუნველყო ამხელა პროექტი და მოსწავლეები წიგნებს უფასოდ იღებენ, აქ სკოლის მოსწავლეებიც და მშობლებიც უნდა იყვნენ ჩართული იმაში, რომ მოუფრთხილდნენ წიგნებს", - აცხადებენ სამინისტროში.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ მეორეული სახელმძღვანელოების გამოყენება, მისი ვარგიასიანობის შემთვევაში შესაძლებელია, თუ მართლაც ამით ხდება რესურსების ეფექტური ხარჯვა და ამასთანავე, მოსწავლეებს პრობლემა არ ექნებათ სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობასთან. თუმცა, აქვე რამენიმე კითხვას უჩენს სამინისტროს პოლიტიკა:
"სახელმძღვანელოების პროგრამისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 9 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის კორექტირებისას ის შემცირდა 5,5 მილიონამდე. თუ სამინისტრომ იცოდა წინასწარ, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელოები ჰქონდა დარიგებული 2014 წელს და ცვეთა ნაკლები იქნებოდა, მაშინ რატომ დაგეგმა 9 მილიონით თავდაპირველი ბიუჯეტი?" - აცხადებს ტაბატაძე.
მას აქვე განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც, სახელმძღვანელოების ბეჭდვას წელს მოხმარდა 1,5 მილიონი ლარი, მაშინ, როცა პირველ წელს ის 16 მილიონს შეადგენდა. ამასთან, წელს სკოლაში დარიგებული სახელმძღვანელოების მხოლოდ 16%-ია ახალდაბეჭდილი.
"სამინისტრო აცხადებდა, რომ სახელმძღვანელოების 84% ვარგისია, რაც ასევე ეჭვს იწვევს. თუკი სამინისტროს მტკიცებით პროგრამის პირველი წლის შემდეგ წიგნების 60% გახდა შესაცვლელი, ხოლო 40% დატოვეს კვლავ გამოყენებაში, როგორ მოხდა, რომ წელს მხოლოდ 16% გახდა შესაცვლელი? სულ მცირე, 2 წლის წინანდელი სახელმძღვანელოები, რომლებიც, სამინისტროს მტკიცებითვე შედარებით დაბალი ხარისხის ქაღალდითა და ცარცით დაიბეჭდა, ხომ უნდა გამხდარიყო ჩასანაცვლებელი იმ დაშვებითაც კი, რომ შარშან დარიგებული ყველა წიგნი სახმარად გამოსადეგია?
"შესაბამისად, ეს ციფრები და ამ ციფრების ხშირი ცვლა აჩენს ეჭვს, რომ სახელმძღვანელოები არ დაიბეჭდა იმ რაოდენობით, რისი საჭიროებაც იყო.
"რადგან მოხდა საბიუჯეტო სახსრების სახელმძღვანელოებზე დაზოგვა და შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მოსწავლეებს მართლაც მიეღოთ გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები, აქ მე დავსვამდი კიდევ ერთ საკითხს - თუ 2 წლის ნახმარი სახელმძღვანელოები სახმარად მართლაც კიდევ ვარგისია, ეს ხაზს უსვამს, რომ ამ სახელმძღვანელოებით მოსწავლეებს არ უსწავლიათ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მოსწავლეებმა ორი წელი სახელმძღვანელო იხმარონ, ანუ გაუფრთხილდნენ, თუმცა სასწავლო დანიშნულებით გამოიყენონ და ეს სახელმძღვანელო ისევ ვარგისი იყოს მესამე წლისთვის. ანუ მაშინ გამოდის, რომ 2 წლის განმავლობაში შენახული სახელმძღვანელოებით მოსარგებლე მოსწავლეებს ფაქტობრივად ეს სახელმძღვანელოები არ გამოუყენებიათ", - აცხადებს ტაბატაძე.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადად, მეორეული სახელმძღვანელოების გამოყენება შესაძლებელია:
"ცხადია, სადაც მოსწავლე დავალებებს ასრულებს, მისი მეორედ გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება სხვა სახელმძღვანელოების ხელმეორედ გამოყენებას, ამაში პორობლემას ვერ ვხედავ.
"პრობლემა არის სხვაგან, ვგულისხმობ სახელმძღვანელოების ნაციონალიზაციას, რომელიც განხორციელდა მარგველაშვილის მინისტროების დროს და ვერ ვხედავ სახელმძღვანელოების განვითარების პერსპექტივას. პირველი იმიტომ, რომ ამ ნაციონალიზაციის შედეგად გამომცემლებს წაართვეს კერძო საკუთრება და როდესაც 2016 წლიდან ახალი სახელმძღვანელოები უნდა შევიდეს სკოლაში, ჩემთვის გაუგებარია და ვერც ვხედავ, ვინ წყვეტს არსებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესებას", - ამბობს მოსიაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ აიღებს სახელმძღვანელოს გამოცემის პროცესს და მოახდენს კერძო საკუთრების ნაციონალიზაციას, მას ყოველთვის მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა და მათ შორის ისეთ კითხვაზე, როგორიც არის - "რატომ შეხვდა ჩემს შვილს მეორეული სახელმძღვანელო?"
"საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გზავნილის მიღება, თუ სად არის პრობლემა. პრობლემა არის სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და დისტრიბუციაში, სადაც სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და ეს ფუნქცია წაერთვა გამომცემლებს. ამის შესახებ საკანომდებლო რეგულაციები შეიქმნა შაშკინის მინისტრობის დროს, ეს რეგულაცია აღასრულა მინისტმა მარგველაშვილმა და მინისტრი სანიკიძე აგრძელებს ამ გადაწყვეტილებას.
"ჩემეული ხედვა ასეთია - სახელმძღვანელოს გამოცემა და დისტრიბუცია უნდა მოახდინონ გამომცემლებმა. სასურველია საზოგადოებამ იცოდეს, როგორ აპირებს სახელმწიფო ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებას.
"2016 წლის 1-ელ სექტემბერს საჯარო სკოლებში უნდა შევიდეს ახალი სახელმძღვანელოები, თუმცა დღეს ჩემთვის არ არის ცნობილი, ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი დაიწყო თუ არა. ვფიქრობ, ცენტრალიზაცია სისტემის განვითარებაში უარყოფით როლს შეასრულებს", - ამბობს მოსიაშვილი.