საქართველო საშუალო პენსიის რაოდენობით პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩვენთან ასაკობრივი პენსია, საშუალოდ, 65 დოლარს შეადგენს, რაც მოლდოვას მაჩვენებელს მხოლოდ 9 დოლარით აღემატება. ამასთან, კურსთა სხვაობის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად პენსია სომეხ პენსიონერებს შეუმცირდათ, სულ რაღაც 15 დოლარით, საქართველოში კი ლარის დევალვაციამ ისედაც მინიმალური პენსია 20 დოლარით "შეჭამა".
სექტემბერში საქართველოში პენსია 10 ლარით გაიზარდა და დღეს ის 160 ლარს, ანუ დაახლოებით 65 დოლარს შეადგენს. მომატებული პენსია ინფლაციამ და ლარის დევალვაციამ უკვე გააქრო. შესაბამისად, პენსიის 6,6%-იანი ზრდა რეალურად მატებად აღარ ითვლება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოხუცები პენსიას ძირითადად, ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ, გამოდის, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ინფლაციით (აგვისტოში - 5,4%) გამოწვეული სხვაობა.
ლარის დევალვაციის შედეგად კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული პენსია 20 დოლარით შემცირდა. თუ ერთი წლის წინ 150-ლარიანი პენსია 86 დოლარი იყო, დღეს 160-ლარიანი უკვე 65 დოლარს შეადგენს.
იმის გამო, რომ დოლართან მიმართებაში თითქმის ყველა მეზობელი თუ მეგობარი ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, დოლარში პენსიის მაჩვენებელიც ყველგან შემცირდა - ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად. მაგალითად, რუსეთში, რუბლის კურსის დაცემის გამო, ერთ წელიწადში პენსია 140 დოლარით შემცირდა. ჩრდილოეთში მოხუცების საშულო პენსია 12 000 რუბლს შეადგენს, ერთი წლის წინათ იგი 312 დოლარი იყო, ახლა კი 181 დოლარია.
დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, პენსიის რაოდენობა 100 დოლარით შემცირდა ბელორუსში. თუ შარშან სექტემბერში საშუალო პენსია 260 დოლარი იყო, დღეს უკვე 160 დოლარს შეადგენს.
კურსთა ცვლილებამ 60-დოლარიანი სხვაობა მისცა აზერბაიჯანებლ პენსიონერებსაც. დღეს მეზობელ ქვეყანაში პენსია 183 მანათს შეადგენს, რაც ახლანდელი კურსით 175 დოლარია, ერთი წლის წინ კი 235 დოლარი იყო.
მეზობელ სომხეთში საშუალო პენსია 41 000 დრამს, ანუ 85 დოლარს შეადგენს. შარშან ამ დროს, ანუ დრამის გაუფასურებამდე პენსია დაახლოებით 100 დოლარი იყო, შესაბამისად, კურსთა ცვლილებამ სომეხი პენსიონერს მხოლოდ 15 დოლარი დააკლო.
საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში კი დღეს საშუალო პენსია 70 დოლარს, ანუ 1 500 გრივნას შეადგენს. ერთი წლის წინათ, ვიდრე გრივნა მკვეთრად გაუფასურდებოდა, უკრაინელი პენსიონერის პენსია 112 დოლარის ტოლფასი იყო.
ეროვნული ვალუტის დევალვაციამ დოლარში პენსიის მოცულობა ყაზახეთშიც შეამცირა. 2014 წლის შემოდგომაზე ყახაზეთში საშუალო პენსია 131 დოლარს უტოლდებოდა (23 692 ტენგე), ახლა ეროვნულ ვალუტაში პენსია იგივე დარჩა, კურსთა სხვაობის შედეგად კი ყაზახმა პენსიონერებმა 44 დოლარი დაკარგეს. შესაბამისად, დღეს ყახაზეთში ერთი პენსიონერის საშუალო პენსია 87 დოლარს არ აღემატება.
პენსიის სიმცირით პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა საქართველო. ჩვენთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს საშუალო პენსია დაახლოებით 65 დოლარს შეადგენს.
ყველაზე მცირე პენსია - 56 დოლარი - მოლდოველებს აქვთ. 1116 ლეის პენსია, რომელიც ერთი წლის წინათ 76 დოლარი იყო, დღეს მხოლოდ 56 დოლარს შეადგენს.
როგორც ამ სტატისტიკიდან ჩანს, კურსთა სხვაობამ პენსიის გარკვეული ნაწილი ყველა ქვეყანაში "შეჭამა". მართალია, საქართველოსთან შედარებით ზოგ ქვეყანაში ეს სხვაობა საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენთან სიტუაციას თავად პენსიის მცირე მოცულობა ამძიმებს, რასაც მაღალი ინფლაციაც ემატება. იმის გამო, რომ მოხუცებს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებში უფრო ბევრი ეხარჯებათ, ვიდრე ახალგაზრდებს (მედიკამენტები კი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე სამომხმარებლო ბაზრის სხვა ელემენტები), 160-ლარიანი პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.
"პენსიონერებს, დაახლოებით, მეოთხედი ეხარჯებათ მედიკამენტებზე და ფასები ამ სეგმენტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც მოხუცებულის ხარჯს 6-7%-ით ზრდის. ამას თუ 5,4%-იან ინფლაციას მივუმატებთ, გამოდის, რომ წლის ბოლოსთვის პენსიონერის ხარჯი დაახლოებით 12-13%-ით მოიმატებს.
საბოლოო ჯამში, წელს ქართველი პენსიონერების საშუალო პენსიის მსყიდველუნარიანობა იქნება დაახლოებით იმაზე ბევრად უფრო მცირე, ვიდრე ერთი წლის წინანდელი, 150-ლარიანი პენსიის შემთხვევაში იყო", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ეკონომისტმა ზვიად კანდელაკმა და დასძინა, რომ პენსიონერებზე ყველაზე მძიმედ მაინც ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მოქმედებს.
მართალია, ინფლაციის მაჩვენებლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ თუ ლარის კურსი კიდევ დაეცა ან თუნდაც ამავე ნიშნულზე დარჩა, ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება. განსაკუთრებით სურსათის გაძვირება ადგილობრივი პენსიის მსყიდველუნარიანობას რეალურად კიდევ უფრო შეამცირებს.