ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა გლობალურად გაააქტიურა სამხედრო პოლიტიკა. რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უფლება მისცა, მისი შეიარაღებული ძალები სირიაში გამოეყენებინა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განცხადა, რუსეთი მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებას გეგმავს.
გუშინ რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე პირველი იერიშები მიიტანა, რაც რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ სამხედრო ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს და იარაღის საწყობებს ბომბავენ.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთეს რუსეთში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში საერთო ინტერესები აქვთ.
რუსეთი აქტიურად არის ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საბატალიონო წვრთნებშიც. როგორც სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, სწავლებაში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული მონაწილეობს.
რუსეთის გააქტიურებით ემუქრება თუ არა საქართველოს მორიგი საფრთხე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი აზრი, რომ მსოფლიო ხელახალი გადანაწილების პროცესშია. რუსეთი არ თმობს სირიას, ამავე დროს მის ინტერესში შედის აფხაზეთი, კერძოდ შავი ზღვის სანაპირო.
"ნაციონალური მოძრაობის" გაუაზრებელი პოლიტიკით რუსეთმა საქართველოსაგან ის მიიღო, რაც სურდა, ამიტომ ჯერჯერობით საფრთხე მათი მხრიდან საქართველოს აღარ ემუქრება.
პროცესები, რომელიც დღეს რუსეთში მიმდინარეობს, ჩვეულებრივი ამბავია. სირიაში თავისი ჯარის დემონსტრირება რუსეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიუ იორკში ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს შეხვდნენ. ამიტომ ჯერჯერობით საქართველოს მთლიანი ოკუპაციის საფრთხე არ ემუქრება.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ნამდვილად საფრთხის შემცველია, მითუმეტეს რომ რაღაც ძალიან ხელგაშლილი და თბილი შეხვედრა ჰქონდა პუტინს ამერიკაში. როგორც ჩანს, მას ისეთი კოზირი უჭირავს გაზისა და ნავთობისა, რომ ვერავინ ეწინააღმდეგება.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზაციას ამ ტერორისტულ აქტივობებს, რომ შეაშინონ ევროპა, დაანახონ, როგორ გარბიან ტოლვილები და რა შეუძლიათ. სირიელთა გამო მათი მწუხარება ძნელი დასაჯერებელია, მაშინ როცა თავიანთი ხალხი არ ეცოდება.
ოცნება, რომ ვინმე ნატოს კარს გაგვიღებს და აფხაზეთს დაგვიბრუნებს, ზღაპარია. რუსეთს მისი მეზობელი ქვეყნების სიმშვიდე არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ არეულება, რადგან ცუდი საქმეების კეთებაში ხუთიანი უწერიათ.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია. სულაც არ ველოდით, რომ რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს, ვგულისხმობ იმ ყველაფერს, რაც მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში. მათთან ფრთხილი მოპყრობა გვმართებს, რათა არ გავაღიზიანოთ ზედმეტად. ამიტომ მომწონს ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, რომელსაც ისინი რუსეთთან ურთიერთობისას იყენებენ.
რეზო მიშველაძე (მწერალი): "ჩვენს მუდმივ შიშს, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაგვესხას, აზრი არ აქვს ეს მხოლოდ პანიკის მომტანი იქნება. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს დღეს არ გაგვიგია, ამას 200 წლის მანძილზე ვცდით საკუთარ თავზე. უბედურება ისაა, რომ ყველა ზესახელმწიფო საკუთარ თავს უფრთხილდება და როგორც "აღდგომის კრავები", ისე არიან დაბმულნი პატარა სახელმწიფოები რუსეთის შესაჭმელად. და არავინ რუსეთისთვის სერიოზული ხმის გამცემი არ არის - ეს პუტინისა და ობამას შეხვედრამაც დაადასტურა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე