გვანცა ღვედაშვილი
02.10.2015

საქალაქო სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას "რუსთავის 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა: "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა". გვარამიას ახლა, საზოგადოების დახმარების იმედი აქვს და ამბობს, რომ არხის დახურვამდე ხელისუფლებას დახურავენ.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში 51%-იან წილს ფლობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მისი თქმით, აქამდეც უნდა დაყადაღებულიყო რუსთავი 2-ის წილები და ქონება.

როგორც დღეს ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია "საქართველოში" მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე. "შეიძლება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ზეწოლად ჩაითვალოს?," - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი, დემოკრატიული  ინსტიტუტის დამფუძნებელი): "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა გადასამოწმებელია. მთავარია, სასამართლო პროცესები იყოს დაცული და არხი შენარჩუნდეს.

ვფიქრობ, კანონიერი მფლობელის მიერ არხის მფლობელობისთვის დავა სრულიად არ არის დემოკრატიასა და მედიაზე ზეწოლა. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, თუმცა ამ პროცესებმა ხელი არ უნდა შეუშალოს და არ უნდა შეაფერხოს არხის ფუნქციონირება."

 

 გია ბუღაძე (მწერალი): "რა თქმა უნდა ეს არის ზეწოლა, "რუსთავი-2"-ისა და თავისუფალი სიტყვის მოსპობის სურვილი, თუმცა მე ზუსტაც ვიცი, რომ საქართველოში მედიაზე ზეწოლა არასდროს მთავრდება ხელისუფლების გამარჯვებით და საზოგადოება აუცილებლად გაიმარჯვებს."

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "არ ვიცი რა გითხრათ, მიჭირს ამაზე საუბარი - გარკვეული ზემოქმედება ყოველთვის გარკვეულ შიშს იწვევს. შეიძლება არანაირი ზემოქმედება არ იქონიოს, მაგრამ ამის ილუზიაც კი შიშის გამომწვევია".

 

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "არ ვიცი რა გითხრათ, არ მგონია ეს ზეწოლა იყოს. ამ ბოლო დროს მე ვენდობი სასამართლოს, როცა რომელიმე მხარის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ მოსწონთ, როცა არა, მაშინ კორუმპირებული და ცუდია. იმედი მაქვს სიმართლე გაირკვევა და საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო."

 

 

 

 ირაკლი კაკაბაძე (მწერალი):  "ვფიქრობ, ტელეკომპანია "რუსთავი-2" თავდაპირველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეთ და რატომ იწელება ეს საქმე, არ მესმის და ცოტა აღმაშფოთებელია. მთავრობა არაფერს აკეთებს სამართლიანობის აღსადგენად."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×