ნინო ქეთელაური
05.10.2015

საქართველოს ფეხბურთის ფედარეციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. შაბათს გამართულ არჩევნებზე ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. მას 18-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, 15-მა კი რევაზ არველაძეს მისცა ხმა. მესამე კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.

არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. დაძაბულობა იყო როგორც საპრეზიდენტო კანდიდატებს, ასევე მათ მომხრეებს შორისაც. არჩევნების წინა ღამით, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძეს უჭერდა მხარს. იგი არჩევნების დღეს, სასამართლომ 500 ლარი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გობეჯიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გობეჯიშვილს "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუარაბ პეტრიაშვილი ჩაანაცვლებდა.

არჩევნებში სულ 35 დელეგატს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატებს. მათთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვდნენ. მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატები კლუბების პრეზიდენტები არიან, რაც კანონდარღვევაა. საბოლოოდ, არჩევნებში 33-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

თქვენი აზრით, სამართლიანად ჩატარდა თუ არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"):  "განვითარებული მოვლენების ფონზე მგონი ცალსახაა, რომ აშკარად იყო ხელისუფლების ჩარევის ძალიან დიდი დოზა, რაც იმის ინდიკატორია, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

"კახი კალაძის განცხადება, რომ უბრალოდ სტუმარი მოაცილა სასტუმროში, სადაც არჩევნები ტარდებოდა და თავადაც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა მთელი დღე, ზედმეტად არადამაჯერებელი იყო. აშკარად ხელისუფლების ზეწოლას უსვამს ხაზს მისი იქ ყოფნა.

"ასევე ძალიან საეჭვო გარემოებაა ერთ-ერთი დელეგატის გატაცების ფაქტი, რომელიც, ჩემი აზრით, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები უნდა გაირკვეს და ერთიან კონტექსტში უნდა შეფასდეს.

"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ამ დღეებში მოხდა არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მინი მოდელი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საპარლამენტო არჩევნები და ეს სურათი დამშვიდების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა".

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  "ვიტყვი, რომ უსამართლოდ ჩატარდა არჩვენები, იმიტომ, რომ ხელისუფლების ჩარევა აშკარა იყო ყველანაირად. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".

 

 

 

 

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი):  "მივესალმები კობიაშვილის გამარჯვებას. მე ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. ნაკლები ფულია ჩადებული კალათბურთში და ჩვენი კალათბურთელები სასურველ ევროპულ დონეს აღწევენ. ნაკლები ფულია ჩადებული რაგბიში და მორაგბეები მსოფლიოში საშუალო დონეს აღწევენ. კიდევ უფრო ნაკლები ფულია ჩადებული ქალთა ჭადრაკში და პირველობაზე გვაქვს პრეტენზია. მოჭიდავეები საერთდ პირველები არიან მსოფლიოში. ფეხბურთს რაც შეეხება, ჩავარდნაა, ჩავარდნაა წლების განმავლობაში.

"მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ მენეჯმენტის ბრალია და მეტი არაფერი. რაღაცები უნდა შეიცვალოს. იმ სპორტის სახეობებში, სადაც ნაკლები ფულია ჩადებული, არის კარგი, საშუალო ან საუკეთესო შედეგები. ფეხბურთში არის უზარმაზარი ფული და რა გახდა ასეთი? "სტადიონი თუ ცარიელია, ე.ი. ცუდად თამაშობენ. წარმატებაზეც აღარ არის საუბარი, თამაშიც აღარ იციან, უკვე სამარცხვინოა. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფეხბურთის სკოლა საკმაოდ ძლიერი იყო, სად გაქრა, სად დაიკარგა - მე არ ვიცი. მენეჯმენტი უნდა შეცვლილიყო და მე მივესალმები კობიაშვილის გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად გამოასწორებს ვითარებას".

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  "ფაქტია, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება ჩაერია. მე არ ვიცი, ვინ უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ უსამართლოდ რომ ჩატარდა არჩევნები, ეს ცალსახაა.

"ვიცე-პრემიერი არჩევნებს ესწრებოდა, მთელი დღე იქ იმყოფებოდა და რა სტატუსით, ეს ვერავინ გაარკვია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერია იმით, რომ დელეგატი დაიჭირეს, მერე გამოუშვეს, მერე ვიღაცას სტატუსი მოუხსნეს... მოკლედ, სრული ქაოსი სუფევდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე და ამ ქაოსში ლომის წილი დაიდო ხელისუფლებამ, მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×