გვანცა ღვედაშვილი
07.10.2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც უწყებაში 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებს შეეხება.

"აუდიტის შედეგად გამოვლინდა თანამშრომელთა პრემირების გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის ფაქტები. კერძოდ, 2013 წლის განმავლობაში ერთჯერადად გაცემული მაქსიმალური პრემიის ოდენობა შეადგენდა 20,000 ლარს, რომელიც გაცემულია დეკემბრის თვეში. ადგილი ჰქონდა ერთსა და იმავე თანამშრომელზე დეკემბრის თვეში 2 და 4-ჯერ პრემიის გაცემის ფაქტებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირების დანიშვნა განხორციელდა 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წლის ბოლოს მათზე პრემიის სახით ზემოაღნიშნული თანხების გაცემა დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან რაიმე სახის დასაბუთება, თუ რა დამსახურებისთვის გაიცა მათზე პრემია - სათანადოდ ვერ იქნა წარმოდგენილი", - ნათქვამია დასკვნაში.

პრემიების საკითხი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელიც, ეკონომიკური დაღმავლობის ფონზე, ფრიად სამართლიან მასობრივ უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, სრული ჭეშმარიტებისთვის ისიც უნდა ითხვას, რომ ამ მხრივ "ნაციონალების" მთავრობაც მნიშვნელოვნად სცოდავდა.

რომელი ხელისუფლება უფრო უსამართლოდ გასცემდა პრემიებს? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მე ზოგადად მიმაჩნია, რომ როცა ქვეყანა ასეთ გაჭირვებაშია, ხელისუფლებამ უფრო ეკონომიურად უნდა გასცეს პრემიებიც, ნაკლებად იფიქროს საკუთარ თავზე და ხალხს მიხედოს. შედარებას ვერ გავაკეთებ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია წინა ხელისუფლების დროს გაცემულ პრემიებზე, თუმცა ვფქირობ, მეტი საზრიანობაა საჭირო, რათა ამან არ გამოიწვიოს საზოგადოების მასობრივი უკმაყოფილება და უფრო მძიმე გამოვლინება არ ჰპოვოს.

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  არ ვიცი, რომელი ხელისუფლების დროს უფრო უსამართლო იყო, მაგრამ მე ზოგადად ვგმობ ამ ფაქტს, როცა 2 და 3 ათასი აქვთ ხელფასი და კიდევ წახალისება სჭირდებათ. უნდა მონახონ პროფესიონალები, რომლებსაც ასეთი მაღალი ხელფასის აღებისას აღარ დასჭირდებათ მსგავსი წახალისება და ისე იმუშავებენ. ასეთი ხალხი კი, დამერწმუნეთ, ნამდვილად არის.

 

 ნუცა ჯანელიძე მსახიობი): ადრეც ხდებოდა და ახლაც ალბათ ხდება ისეთ პირებზე პრემიების გაცემა, რომლებიც არ იმსახურებენ. თუმცა ბევრია ისეთი მცოდნე კადრი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს, და როცა იმსახურებს, უნდა გაიცეს პრემია. ამაში ცუდი არაფერია.

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი  პუბლიცისტი): რომ არ მოგატყუოთ, არ ვიცი, რომელ დროს უფრო უსამართლო იყო, თუმცა "ნაციონალებიც" რომ არ იკლებდნენ პრემიებს, ეს ფაქტია. მე იმას ვიტყვი, რომ თუ ისინი არ იკლებდნენ პრემიებს, ეს პრაქტიკა ამათმაც არ უნდა გაიმეორონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×