დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ის პოსტის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს. რაც შეეხება თბილისის მერიაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დავით ნარმანია მას "ხელოვნურად აწეულ აჟიოტაჟს" უწოდებს.
"დედაქალაქის მერს ირჩევს ხალხი. შესაბამისად, ოპოზიციური ძალის გადასაწყვეტი არ არის მერის გადადგომასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხზე მათი მხრიდან რაიმე სახის კომენტარის გაკეთება უსაფუძვლოა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქალაქის მერმა გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც უარყო, რომელიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მის კონსულტაციებს.
"გუშინ როცა ეს დეზინფორმაცია გავრცელდა, მე ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებოდი და იმ შეხვედრებს ვაგრძელებდი და იმ სამუშაო გარემოში ვიყავი, რასაც ყოველდღიურად გვიან ღამემდე ვეწევი. ასე რომ, არსებითი ცვლილებები არ იგეგმება და თბილისის მთავრობა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებთან რაიმე ტიპის პრეტენზია არ გააჩნია და მათ საკმაოდ აქტიური სამუშაოები გაატარეს, რაც თბილისში მომხდარი 13 ივნისის სტიქიის დროსაც გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მერიაში 4 სამსახურის უფროსის თანამდებობაა ვაკანტური და შესაძლოა თანამდებობა კიდევ ერთმა უფროსმა დატოვოს.
უნდა გადადგეს თუ არა დავით ნარმანია? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
გია ბუღაძე (მხატვარი): "გინდა გადადგეს, გინდა - არა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ამ ადამიანს გადაწყვეტილების მიღების თავი და უნარი არ აქვს. ამიტომ იგი გადადგება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს.
"მის არჩევას თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. ვიცოდი, რომ ეს ადამიანი არაფრის გამკეთებელი არ იყო. ვისურვებდი, რომ ქალაქში მართლაც საქმის გამკეთებელი ხალხი გვყავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ბედნიერება არ გვაქვს."
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "დავიწყოთ იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, ვინც ითხოვენ ნარმანიას გადაყენებას, თვითონ გლდანის ციხეში უნდა ისხდნენ. არ ვამართლებ არც ნარმანიას, არც ამ ხელისუფლებას - ვითხოვ, რომ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან და პატრიოტულ ძალებს დაუთმონ ასპარეზი. იმ ძალებს, ვისაც საქართველო უყვართ, ესმით ქართველი ხალხისა და იციან ქვეყანა როგორ უნდა წაიყვანონ."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): "ნარმანია ამ პოლიტიკური ძალის მოთხოვნით ვერ გადადგება და არც უნდა გადადგეს. სხვა საკითხია თუ მასობრივი მოთხოვნა იქნა ამომრჩევლების მხრიდან, ჯერჯერობით ასეთი რამე არ ჩანს.
"თუმცა, რა თქმა უნდა, მერიაში ვითარება ნორმალური არ არის. ჩემს დარგში ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალაქის მთავარი არქიტექტორის უფროსი დაახლოებით 20-ჯერ გამოიცვალა. ეს წარმოუდგენად დიდი დარტყმაა ქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით."
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "სანამ მერის გადადგომას მოითხოვენ, იქნებ კონკრეტიკაზე მიდგეს საქმე. გასარკვევია რატომ მოხდა ამ ადამიანების გაშვება. იქნებ არ შეეფერებოდნენ თანამდებობებს, ან კიდევ დამნაშავეები არიან და მათი მოშორება გახდა საჭირო. შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. იმედი მაქვს, ვაკანტურ თანამდებობებზე მალე დაინიშნებიან ღირსეული ადამიანები.
"რაც შეეხება მერის გადადგომას, იგი არჩეულია ხალხის მიერ და "ნაციონალურ მოძრაობას" არავინ ეკითხება. ნარმანია აკეთებს უამრავ საქმეს და რატომ უნდა გადადგეს?!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე