თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის თეორიიდან უკვე პირველკურსელებმაც კი იციან, რომ არსებობს დეკრეტული ფული და საქონლური ფული. დეკრეტულ ფული იმით განსხვავდება საქონლური ფულისგან, რომ მას თავისთავად არავითარი ღირებულება არ გაჩნია. იგი უბრალოდ "ქაღალდის ნაგლეჯია", რომელსაც თავისთავად არავითარი ღირებულება არა აქვს, გარდა მის დასამზადებლად დახარჯული შრომისა, რომლის ფასი რამდენიმე თეთრი შეიძლება იყოს და იგი მანამ ასრულებს ფულის ფუნქციას, სანამ სახელმწიფო ამის საჭიროებას ხედავს.
რადგან ახლახანს ლარის არსებობის 20 წლისთავი აღინიშნა, ისიც გვეხსომება, რომ მანამდე ფულის ფუნქციას კუპონი ასრულებდა, რომელიც დღეს უკვე მხოლოდ ნუმიზმატებს თუ დააინტერესებთ.
და, აი აქ იწყება თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებული უფსკრული, რომელსაც არავინ არ იმჩნევს, თუ ვერ ამჩნევს. აი, ეს დეკრეტული ფული, რომელსაც თეორიის მიხედვით, არავითარი სახმარი ღირებულება არ გააჩნია, ენერგიულმა ადამიანებმა ისეთ საქონლად გადააქციეს, რომ ზღაპრული სიმდიდრე იშოვეს. დიახ, დიახ!
ბანკებმა მოახერხეს ეს. მათ ფული, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავითარი სახმარი ღირებულება არა აქვს, ისეთ საქონლად გადააქციეს, რომ ერთის მხრივ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა განუსაზღვრელი დროით კაბალაში მოაქციეს, და სამსახურის დაკარგვის პანიკური შიში ჩაუდეს, რითაც მათი მხრიდან ნებაყოფლობით მონურ მორჩილება მიიღეს და, მეორეს მხრივ, განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვეს მსოფლიოზე.
ეს გახლავთ თავისი ფორმით უწყინარი და, როგორც უკვე ვთქვით, შინაარსით კაცთა მოდგმის დაკაბალების, მისი სულიერი დამონების უსასტიკესი გზა - ფულის სესხად გაცემა, რომელიც ამ, საქონლის თვისების არ მქონე დეკრეტულ ფულს "გველეშაპის მადის" მქონე საქონლად გადააქცევს და, ამასთან, მისი საქონლად გადაქცევის თეორიული დასაბუთება იმდენად კეთილშობილურია, რომ უსაზღვრო სიმპატიით განიმსჭვალები ამ "ნოვაციის" ავტორებისადმი, რომლის თანახმად, კრედიტი საშუალებას იძლევა მომავლიდან აწმყოში გადმოიტანო ნივთის ფლობა და კრედიტის პროცენტიც სწორედ ამის საზღაურია.
ანუ, კრედიტი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ბინა დღეს, რომლის შეძენასაც საკუთარი სახსრებით, ვთქვათ 20 წლის შემდეგ შეძლებდით, შეიძინოთ ავტომობილი დღეს, რომელსაც საკუთარი სახსრებით მხოლოდ 5 წლის შემდეგ მოახერხებდით და ა.შ. და როდესაც ყველაფერ ამას იყიდი, სულ ცოტა 20 წელი ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ სამსახური არ დაკარგო. ამიტომ, ისე უნდა მოიქცე და ის უნდა გააკეთო, რასაც ზემოდან გეტყვიან. არანაირი შეკამათება, მხოლოდ მონური მორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუერთდები ხელმოცარულთა სახელოვან არმიას.
ეს კარგად იციან ხელისუფლების იდეოლოგებმა და თანდათან, იმდენად იოლი გახადეს კრედიტების აღება, რომ მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ და მივიღეთ 2005 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც სხვადასხვა შეფასებით 20-დან 30 ტრილიონამდე (?) დოლარი დაუჯდა კაცობრიობას.
არა და ბანკებს ვერ გაამტყუნებთ. ბანკი ადამიანი არ არის, რომ ადამიანობა მოსთხოვო. ეს არის ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანიც, ისევე, როგორც საზოგადოების კაპიტალისტური მოწყობის ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტისათვის, ფულის შოვნაა და, თუ ბანკებმა ამას ყველაზე წარმატებით გაართვეს თავი, ეს მათი ბრალი არ არის, ეს მათი დამსახურებაა. მაგრამ რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო?
რადგანაც მოგებას გამოდევნებული ბანკირი ყველანაირი საშუალებით, თუ კი ის კანონის ფარგლებში ჯდება, ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს, მას ამაში ვერ დაადანაშაულებ. მას არ აინტერესებს თავისი საქმიანობის ზნეობრივი, თუ მორალური ასპექტები, - გაუბედურებული ოჯახები, გაპარტახებული ქვეყანა, თუ სხვა ამისთანა სენტენციები, მითუმეტეს, რომ სულაც არ არის ძნელი ხელისუფლებას მისთვის საჭირო კანონები მიაღებინო.
მარტო ის რად ღირს, რომ ბანკებს, წინა ხელისუფლების დროს, უშუალოდ საბანკო საქმიანობის გარდა 65-მდე დასახელების სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება მიეცათ. ბანკების მიერ განსაკუთრებული დაინტერესება სამშენებლო ბიზნესში შეინიშნებოდა, სადაც სპეკულაციური ფასწარმოქმნის მექანიზმმა თავის აპოგეას სწორედ ამ ბიზნესში მიაღწია.
მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ საბანკო საქმიანობის ერთ კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც სამართლებლივად კრიმინალს არ შეიცავს, მაგრამ ზნეობრივად, ზნედაცემული სულის მქონე ადამიანის ნამოქმედარს თუ შეედრება.
აყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ლამის 25 წლიანი უსახელო ისტორიის მანძილზე ისიც კი ვერ შევძელით, რომ ადამიანებმა პენსია მიიღონ ართუ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, არამედ უბრალოდ პენსია. ის, რასაც ადამიანები ინერციით პენსიას ეძახიან, სახელწიფოს მხრიდა გაცემული შემწეობაა, რომლის სოციალური არსი, პირადად ჩემთვის, მთლად გასაგები არ არის. მისი სიდიდე 160 ლარით განისაზღვრება და ნურავინ ნუ იტყვის, რომ ამ თანხით არსებობა შესაძლებელია (თუმცა ერთი პიროვნების ცინიზმით სავსე განცხადებაც გვახსოვს, რომელიც 9 ლარით არსებობის შესაძლებლობას წარბშეუხრელად ასაბუთებდა).
მეორეს მხრივ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პენსიონერთა რაოდენობა 800 ათასს აჭარბებს, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მიზერული სიდიდის პირობებში, ეს თანხა კოლოსალურია. და რადგანაც ეს თანხა, ანუ 160 ლარი მიზერულია, ამ შემწეობის გამცემმა ბანკმა, რომელიც ამ თანხებს უშუალოდ გასცემს, ერთ ნოვაციას სრულიად დაუძაბავად მიაგნო, - ამ გასაცოდავებულ ხალხს, რომელთაც ეს თანხა ორი კვირაც კი არ ყოფნის, კრედიტით წინასწარ აძლევს ამ შემწეობას, რაშიაც პროცენტს იღებს, და, ეს მორალური სიბინძურე, თუმცა სამართლებლივად გამართული, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება და ეს ბანკი იმდენს ახერხებს, რომ პენსიონერთა ერთი ნაწილი თვიდან თვემდე ნახევარ თანხას ბანკში ტოვებს.
ეს თანხა, ძალიან მოკრძალებული გაანგარიშებით, წელიწადში რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს და ვის ხარჯზე ხდება ეს? გასაცოდავებული მოსახლეობის ხარჯზე, რომელიც გადასახადის გადამხდელთაგან აკრეფილი გადასახადებიდან იფარება და არა არარსებული საპენსიო ფონდიდან, რაც თავისთავად ნონსენსია.
გამწარებულმა ღმერთისკენ გინდა აღაპყრო თვალი და შეჰღაღადო, - ღმერთო სად არის შენი სამართალი! ...და ღმერთმა ხელისუფლებისკენ გაიშვირა თითი!
და, მართლაც! ბანკს მორალი არ აწუხებს. მისთვის მორალი არ არსებობს - იგი განყენებული ცნებაა მისთვის. იგი მგლური კანონით მუშაობს, - სუსტი უნდა განადგურდეს, ანუ, ისევე როგორც მგლები სანიტრის როლს ასრულებენ ეკო სისტემაში, ისევე არიან ბანკებიც! მაგრამ რას შვრება ამ დროს ხელისუფლება?
ერთი ლირიული გადახვევა. პირველად ამერიკაში 1994 წელს მოვხვდი და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თეთრი სახლიდან სულ რამოდენიმე მეტრში ერთ მათხოვარს "დაცემული ჰქონდა მუყაოს კარავი" და მათხოვრობდა. ეკონომიკური ლიტერატურიდან ვიცოდი, რომ უმუშევრობის დაზღვევით მათ ყოველთვიურად 700 დოლარი ეძლეოდათ ხელზე. მართალია, ჩემი მაშინდელი ხელფასი მილიონებში იზომებოდა - 80 მლნ კუპონი მეძლეოდა, მაგრამ დოლარებში 65 დოლარს არ აღემატებოდა. ამიტომაც ვიყავი გაკვირვებული, რა ამათხოვრებდა ყოველთვიურად 700 დოლარის მქონე მათხოვარს.
რამდენადაც ინგლისურს მაშინაც არა უშავს ისე ვფლობდი, გამოველაპარაკე ამ ტიპს და მან საკმაოდ დამაჯერებლად ამიხსნა, რომ ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული არც სიგარეტი, არც ალკოჰოლი, არც რაიმე სახის გართობის ხარჯები - ეს არის თანხა, რომელიც საქონელივით არსებობისთვის კმარაო და ამიტომაც მათხოვრობდა.
როდესაც მეორედ ჩავედი ამერიკაში, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვნახე, რომ ტალონებით იღებდნენ პროდუქტს, რამაც საბჭოთა სინამდვილე გამახსენა და როდესაც გამყიდველს ვკითხე, თუ ეს რისი ტალონებია, მან მიპასუხა, რომ უმუშევრებს ადრე ფულს ხელზე აძლევდნენ და ისინი, როგორც წესი, მაშინვე ხარჯავდნენ, რამაც ოჯახებში საკმაოდ სერიოზული სოციალური დაძაბულობა გამოიწვია და, დავიჯერო, არც ერთ ბანკს თავში არ მოსვლია ის ნოვაცია, რასაც პენსიონრების მიმართ ჩვენი ბანკები აკეთებენ? უბრალოდ მათ სახელმწიფომ ამის უფლება არ მისცა და პრობლემა კი ასე გადაჭრა, - პროდუქტების აუცილებელი ჩამონათვალის საფასური თანხით კი არ მისცა, არამედ ტალონებით დაურიგა და ტალონებს კი მაღაზიებს უნაღდებდა.
რაც შეეხება იქ შესაძლო მაქინაციებს, ვინც ამერიკაში ყოფილა დამეთანხმებით, რომ მათ თითოეული ბუზი სად დაფრინავს, ისიც კი იციან. ბოლოს და ბოლოს 2000 წლიდან გერმანიის კანცლერს უსმენდნენ ისე, რომ მათ მხოლოდ წელს გაიგეს ეს ამბავი.
იქნებ ხელისუფლებამ ამერიკელთა ამ 20 წლის წინანდელ ნოვაციაზე იფიქროს და აქაც დანერგოს ეს სისტემა და პარალელურად ბანკებს აუკრძალოს ეს უზნეო საქციელი?