გასულ წელს ნატომ და საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიეს, - განაცხადა ნატოს გენერალუმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-საქართველის მომავალ ურთიერთობებზე მან ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხედაშელთან შეხვედრისას ისაუბრა, რომელიც ნატოს-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
"გასულ წელს ნატომ და საქართველომ პარტნიორობის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ჩვენ ახლა მომავალ წელზე და ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როგორ ფიქრობთ, რაში შეიძლება გამოიხატოს ნატო-საქართველოს შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ეს მას უნდა ჰკითხოთ, თუ რას გულისხმობდა უფრო მჭიდრო ურთიერთობაში. ჩვენს მიღებას უახლოეს მომავალში რომ არ აპირებენ, ეს ხომ ცხადია. რუსეთია ამის წინააღმდეგი და ისინი რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ.
უახლოეს ხანებში ნატოს წევრობის ილუზიით მე არ ვცხოვრობ. ვიცი, რომ თვითონ თუ უნდათ, ნებისმიერ ქვეყანას მიიღებენ. ავიღოთ ავღანეთი, რომელიც იყო ქაოსის და ტირანიის მაგალითი, ის გახადეს ნატოს წევრი და რომელ სტანდარტებზე მელაპარაკებიან?!
თუ ნატოს ვუნდივართ, მაშინ უნდა დააჩქარონ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. კონკრეტული გეგმა უნდა შემოგვთავაზონ. ეს მაპი, მერე მაპზე უკეთესი, ამასობაში მთელი ტერიტორიები დავკარგეთ და მარტო თბილისი თუ დავრჩით, მერე რაღად გვინდა ნატო?!
გასაგებია, რომ ეს დიდი პოლიტიკაა და რუსეთს უწევენ ანგარიშს. მოდით ჯერ დიდმა სახელმწიფოებმა მოაგვარონ, ჩვენ დიპლომატიურად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვართ ევროპის სახლის ნაწილი, ჩვენ გვინდა ევროპულ სამხედრო ალიანსებში ყოფნა, მაგრამ მიღება-არმიღება ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
თუ რამის განცხადება უნდათ, მკვეთრად განაცხადონ. შემოიყვანონ თავისი ჯარები, ის თავისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაც აქ დააყენონ და მაშინ დავიჯერებ. ძალან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უკრაინის მაგალითიც უნდა გავითვალისწინოთ, მთელი აღმოსავლეთი დაკარგეს და ხელი არავინ გაანძრია".
ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): "ის, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის საკმაოდ შორი პერსპექტივაა, ცხადია. ამაზე უკვე რამდენი წელია მიმდინარეობს საუბარი, თუმცა შედეგი ჯერ არ არის. საერთაშორისო მისიაშიც კი ვიღებთ მონაწილეობას, ამდენი ადამიანი იღუპება საქართველოს სახელით, ამის მეტი რაღა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ - არ ვიცი.
ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანებისთვის რასაც საქართველო აკეთებს, ესეც ძალიან ბევრია. ახლა უკვე მათი მხრიდან უნდა იყოს პასუხები და არა ის, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის კიდევ საქართველომ გააკეთოს რამე".
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ვფიქრობ, ნატოს წევრად გახდომას უნდა ემსახურებოდეს ეს ყველაფერი. საქართველოს გარკვეული დაცვა უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გააღიზიანებს რუსეთს და საქართველოს არავითარ სარგებელს არ მოუტანს. გადაჭრით უნდა მოხდეს ნატოში ჩვენი გაწევრიანება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვს აზრი კონკრეტულ ნაბიჯებს".
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება): "ჩემი პირადი აზრით, უკვე დიდი ხანია დრო დადგა, რომ საქართველო და ნატო იმაზე მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე აქამდე იყო. ეს გამოიხატება მაპით, თუ სხვა სამოქმედო გეგმით. ეს უკვე ნატოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია.
არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, იმედია, დაახლოებაც იქნება და ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯებიც. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვკარნახობს, რომ საქართველოს მეტი დაცვა სჭირდება.
თუ ნატო ამ მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ძალიან კარგი იქნება და იმედი მაქვს, რომ საქართველოც შეძლებს ნატოში თავისი წვლილი შეიტანოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე