ლიკა ამირაშვილი
10.10.2015

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსულ "გაზპრომთან" მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, "გაზპრომთან" ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა, წლებია გაზს რუსეთიდან ვიღებთ და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, "გაზპრომთან" გამართულ პირველ შეხვედრაზე, რომელიც მუშა შეხვედრა იყო, დასმული იქნა საკითხი გაზსადენში გაზის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით.

"შეხვედრაზე, რომელიც გავმართეთ, ჩვენ დავსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზსადენში გადის, გაიზარდოს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მილსადენი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტი საშუალება გვექნება, დამატებითი მოცულობები მივიღოთ, ასევე თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ მიეცეთ საშუალება, ბუნებრივი აირი შემოიტანონ რუსეთიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილის შესაძლო გაზრდა სერიოზული რისკების შემცველია, რაგანც ოფიციალური მოსკოვი, როგორც წესი, თავის გაზს პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს.

თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იქნება რუსეთისაგან ბუნებრივი აირის მიღება და ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნად ქცევის საფრთხე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე (პოლიტოლოგი):"რუსეთიდან გაზის მოწოდება პრობლემა არ არის, ჩვენ თუ დამზღვევი მექანიზმი გვექნება. ამიტომ გაზის მიღება, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა ეს თუ სხვა წყაროს ჩანაცვლების ხარჯზე უნდა მოხდეს, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს. შემდეგში რუსეთი ამ ბერკეტს ჩვენ წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებს.

"მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ ბერკეტის გამოყენებით რუსეთი საქართველოზე ზეწოლას მოახდენს. სხვა მხრივ, მე პრობლემას ვერ ვხედავ და ვერც იმას ვხედავ, რომ ამას შეიძლება საგარეო ორიენტაციასთან კავშირი ჰქონდეს. ძალიან კარგია, თუ გაზის დამატებითი წყარო გვექნება, მაგრამ გაზის გათიშვის შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): "ეს თუ მართალია, ძალიან ცუდია, რადგან იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება პირდაპირ რუსეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია თუ მართალია, ძალიან ცუდი იქნება."

 

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "ვერ გეტყვით, გაზის მოწოდებით ვისზე ვიქნებით დამოკიდებულები. მთავარია, გაზი და ელექტროენერგია იყოს, ქვეყანაში ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც ზამთარში გაზის გარეშე დარჩებიან. ახლა რუსეთზე თუ გაზით ვიქნებით დამოკიდებული, ეს ძალიან ცუდია, თუმცა, არ მგონია, ეს ასე იყოს."

 

 

 

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "საქართველომ ყველა ქვეყანასთან უნდა ითანამშრომლოს, განსაკუთრებით კი რუსეთთან. რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ხელისუფლება რუსეთთან ხელშეკრულებას ისე არ დადებს, რომ აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებაზე უარესი იყოს.

"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომთან" მოილაპარაკებს და ეს საქართველოს მოსახლეობისათვის დადებითი იქნება, პრობლემას ვერ ვხედავ. ამიტომ მივესალმები ხელშეკრულების დადებას, რომელიც საქართველოს განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×