გვანცა ღვედაშვილი
11.10.2015

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისსა და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება.

კადრები "ჰოლიდეი ინშია" გადაღებული. არველაძე პოლიციის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებული დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის შესახებ საუბრობს.

"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი "ფეისბუქში" მწერენ: "რეზო, შენ თუ კაცი ხარ, არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი ციხეში იჯდეს". გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ...", - ამბობს არველაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი 3 ოქტომბერს აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე მთელი დღე არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა და რომლის განთავისუფლებასაც ითხოვდა ფარული ჩანაწერში რეზი არველაძე.

თქვენი აზრით, რა სამართებლივი ქმედება უნდა მოჰყვეს ამ ჩანაწერის გავრცელებას სამართალდამცავების და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილვა (ხელოვნებათმცოდნე): "ალბათ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან საზოგადოებას აინტერესებს ეს საკითხი და მის ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიყურებია ამ ჩანაწერისთვის, ის, რომ მსგავსი ფაქტები ხდება, ძალიან ცუდია."

 

 

 გია ანჩბაძე  (ისტორიკოსი): "რა თქმა უნდა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ ნამდვილია თუ არა ჩანაწერი და იმის მიხედვით გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ. თუმცა, ჩემი აზრით მხოლოდ ამ ჩანაწერით ძნელი იქნება რაიმეს დამტკიცება."

 

 

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "ხალხი დაიღალა ამდენი გამოძიებით და ადამიანის დაჭერებით. ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ ამ დაჭერებს. ვინც აირჩიეს - აირჩიეს, მან მართოს ახლა. ვნახოთ, როგორ გაუძღვება საქმეს და უშველის თუ არა რამეს ქართულ ფეხბურთს."

 

 

 

 ზაზა ხუციშვილი (ექიმი):"საერთოდ, უეფას ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი ის არის, რომ ის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან. ჩვენთან წინა 2 არჩევნების დროსაც საკმაოდ დიდი არეულობები იყო. ერთხელ იყო და არჩეული პრეზიდენტი გადადგა ვითომდა თავისი ნებით, შემდეგ არჩევნებზე პირდაპირ იყო ცნობილი ვინ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი და ახლაც ისევ გაურკვევლობაა. რეალურად უნდა დაინტერესდეს ყველა, რა მოხდა და გაირკვეს ეს საქმე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×