2016 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხეში ფოტოგადაღების საშუალება მიეცემათ - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, კანონში რეგულაცია უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წესების შედგენაზე მუშაობენ.
"გადავდგით პრინციპული ნაბიჯი. ეს იყო ძალიან სერიოზული პოლემიკისა და დისკუსიის საგანი - მიეცემოდა თუ არა სახალხო დამცველს ფოტოგრაფირების უფლება. ალბათ წარმოიდგინეთ, რამდენად რევოლუციურია ეს ამ სფეროში. ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება, მსჯავრდებულისა და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები გადაიღოს ფოტოაპარატით.
"ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიეცემა საშუალება, განთავსებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგადაღება მოახდინოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ბრძანების დახვეწაზე.
"ერთია რეგულაცია კანონში და მეორე - შემუშავდეს წესები, რომ ეს ფოტოსურათები გამოყენებული იყოს საქმისთვის და არა - უაზრო პიარისთვის. ამაზე შეთანხმებული ვართ და ჩვენი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ერთობლივი ბრძანების შემუშავებაზე", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
თქვენი აზრით, აღნიშნული რეგულაცია შეუწყობს თუ არა ხელს ციხეში ძალადობის შემცირებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): რა თქმა უნდა, კარგია, რომ სახალხო დამცველს ფოტოგადაღების უფლება მისცეს, იმიტომ, რომ ფოტოთი უფრო მეტი მოძალადე გამომჟღავნდება. ფოტო შეიძლება ისე გადაიღო, რომ დროც იყოს მითითებული. შემდეგში ეს ფოტო პატიმრის მდგომარეობის უტყუარი დოკუმენტი გახდება. ფოტოგადაღება უფრო მეტ საჯაროობას გულისხმობს.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ვფიქრობ, ეს რეგულაცია ციხეში ძალადობის შემცირებას ხელს შეუწყობს, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს თავად იზიანებს. ალბათ ფოტოგადაღებას ექსპერტიც უნდა ესწრებოდეს, რომელიც დაადასტურებს, რომ დაზიანება ნამდვილად მეორე პირის მიერიაა გაკეთებული.
გოგი თორაძე (რეჟისორი): ჩემი აზრით, ძალადობის შემცირებას ხელს შეუწყობს, რადგან ეს ყველაფერი საჯარო იქნება. ამაში რაც უფრო მეტი არასამთავრობო ჩაერთვება, მით უფრო შედეგიანი იქნება. მეტი კონტროლი კარგია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ციხეშია. ვფიქრობ, სახალხო დამცველს უფრო მეტი უფლება უნდა მიეცეს იმისათვის, რომ ციხეში ძალადობა კიდევ უფრო შემცირდეს.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): თავისთავად, ციხეში რაც უფრო მეტი კონტროლი იქნება, კარგია. დახურულ სივრცეში პატიმრებსაც გარკვეული უფლებები აქვთ, რომელიც დაცული აუცილებლად უნდა იყოს. ისიც საკმარისია, რომ ის პატიმარია.
ამდენად, ყოველთვის მივესალმები იმას, რომ ინფორმაცია გახსნილი იყოს. წინა წლებში ზუსტად ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება, რომ ციხე დახურული იყო და ინფორმაცია გარეთ არ გამოდიოდა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): სახალხო დამცველის მიერ პატიმრების ფოტოგადაღება ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობ, აღნიშნული რეგულაცია ციხეში ძალადობის შემცირებაზე გავლენას მოახდეს. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ციხეეში ფაშისტური რეჟიმი იმალებოდა, ეს ალბათ წარმოუდგენელი იყო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ასეთ მიდგომას ამ უაღრესად სენსიტიური საკითხისადმი დადებითად ვაფასებ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე