ელზა პაპოშვილი
14.10.2015

ექსპერტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების ნაწილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, წინა ხელისუფლების დროს "იმედის" მიმართ განხორციელებულ ქმედებას ადარებს, თავად "რუსთავი 2" კი პუტინის მიერ ერთ დროს ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი რუსული არხის, "ენტევეს" ხელში ჩაგდებასთან ავლებს პარალელს.

"რუსთავი 2"-ის ამბები, "იმედის" დარბევას უფრო ჰგავს თუ "ენტევეს" მოვლენებს, თუ არც ერთ მათგანს, ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): მე ვერანაირ საერთოს ვერ ვნახულობ ამ სამ ტელევიზიას შორის განხორციელებულ პროცესებს შორის. ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე ხმა არ ამოიღეს იმაზე, რომ ტელეკომპანია "იმედში" მხეცურად შევარდნენ და იქაურობა დაარბიეს, ახალა იმას ლაპარაკობენ, რატომ ჩივის ადამიანი სასამართლოში, რომელსაც საკუთარი ქონება უკანონოდ წაართვეს. ხალვაში სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება ხომ არ მიუღია? რატომ ჰგონიათ, რომ თუკი ხალვაში ტელევიზიას დაიბრუნებს, ამ ხელისუფლებას ხოტბას შეასხამს? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიანი სამართლიანი და ცივილიზებული ბრძოლა საკუთარი ქონების დასაბრუნებლად. ვერც "ენტევესთან "ვერ დავაკავშირებ "რუსთავი 2"-ის პროცესებს და ვერც "იმედთან". კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის და აქ ვერანაირ პოლიტიკურ დაინტერესებას ვერ ვხედავ.

 თამარ ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ნებისმიერ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, ვფიქრობ, ძალიან გამაღიზიანებელი პროცესია. მთლად კერძო პირებს შორის დავას არ ჰგავს. ამ ეტაპზე ეს ტელეკომპანია საზოგადოებას ძალიან დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის.

თავად ქიბარ ხალვაშისა და ხელისუფლების მხრიდან ვერ ვისმენთ დამაჯერებელ არგუმენტებს, რომლითაც შესაძლებელია, საზოგადოების დარწმუნება, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის. მე პირადად ნებისმიერი მედიის ხელყოფას ვეწინააღმდეგები. თუმცა რაც შეეხება "იმედსა" და "ენტევეს", სიმართლე გითხრათ მსგავსებას ვერ ვხედავ.

 იგორ კვესელავა  (ისტორიკოსი): ვფიქრობ, რომ ამას არაფერი საერთო არა აქვს არც "იმედის" დახურვასთან და არც "ენტევესთან", რომელშიც პუტინის მოსვლის შემდეგ მეპატრონეები შეიცვალნენ. საქმე ისაა, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში ხელისუფლებას ჰყავს როგორც საკუთარი მხარდამჭერი ასევე მოწინააღმდეგე ტელევიზია. მედია ყოველთვის გამოხატავს ვიღაცის პოზიციას. რაც შეეხება პუტინის მოსვლასა და "ენტევეს" დახურვას, აქ სულ სხვა საკითხია, რადგანაც ეს ტელევიზია ყოველთვის ლიბერალურ ღირებულებებს აქცევდა ყურადღებას და ის არავის პარტიული ტელევიზია არ ყოფილა. შესაბამისად პუტინმა დახურა დასავლეთის ღირებულებებზე შექმნილი მედია საშუალება.

 ია ანთაძე  (მედია ექსპერტი): აუცილებელია, რომ ყველაფერი იმას დავამსგავსოთ, რაც სინამდვილეში ხდება და არის. ფაქტია, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იბრძვის, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ტელევიზია ეკუთვნოდათ და უკანონოდ ჩამოართვეს. ეს ხალხი საკუთრების დასაბრუნებლად კანონიერი გზით იბრძვის. რა თქმა უნდა, თუ პროცესი გამჭვირვალე იქნება და გარკვეული პროცედურები არ დაირღვევა, მაშინ ეჭვებიც ნაკლებად გაჩნდება, ხომ არ არის ამ პროცესში ხელისუფლება ჩარეული.

თუმცა ეს ხალხი ამბობს, რომ მათ თავის დროზე საკუთრება უკანონოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წაართვა. ფაქტია, რომ "რუსთავი 2"-ის და "ნაციონალური მოძრაობის" მხადამჭერები ამ ყველაფერს სულ სხვანაირად ხედავენ. ეს უკვე მჯერა-არმჯერას საკითხი გახდა. მე, როგორც მაყურებელს, მსურს, რომ ეს ტელევიზია უფრო სხვანაირი იყოს, ვიდრე ახლაა. მეორე მხრივ მინდა, რომ ქვეყანაში ნამდვილად კრიტიკული ტელევიზია იყოს. ამიტომაც განცხადებები, რომ ეს ყველაფერი "იმედის" ან "ენტევეს" მსგავსი სცენარით მიმდინარეობს, სწორად არ მიმაჩნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×