გვანცა ღვედაშვილი
15.10.2015

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ სამშაბათს სასამართლოს 2008 წლის ომის საქმის გამოძიების დაწყების ნებართვაზე ოფიციალურად მიმართა. ეს გამოძიება ეხება თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამშვიდობო ძალებზე.

როგორც პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ბოლო პერიოდში ამ საქმეების გამოძიება შეჩერდა, რამაც საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციის საკითხი წამოჭრა, რადგან, წესდების თანახმად, საერთაშორისო სასამართლო, როგორც უკანასკნელი ინსტანცია, საქმეს იძიებს მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნაციონალური ორგანოები ამას არ ან ვერ ახორციელებენ.

პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიება შეეხება ორივე, როგორც რუსული ასევე ქართული, მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.

ამჟამად ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, უნდა დაიწყოს თუ არა სრულმასშტაბიანი გამოძიება.

გაქვთ თუ არა იმედი, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს ეფექტურად გამოიძიებს და დასჯის დამნაშავეებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): როცა საქმე ეხება დიდ სახელმწიფოს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ვერ მოუძებნი ადეკვატურ სასჯელს, რადგან ის არ გაიზიარებს ამ გადაწყვეტილებას და ეს ქაღალდზე დარჩება. თუმცა ჩვენ გვაქვს ამის ისტორიული გამოცდილება, როდესაც გერმანიას ფაშიზმისთვის დაეკისრა სანქციები. ახლა ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს თუმცა რეალურად რამის იძუულება რუსეთისთვის არარეალური მგონია. ჰააგის სასამართლო ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყევტილებას, რომელიც რუსეთის დასჯაზე იქნება ორიენტირებული.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მე მაქვს იმედი, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს ობიექტურად გამოიძიებს, და ზუსტად ის იქნება, რაც საქართველოს უწერია. არსებობს სხვა სარჩელიც ჰააგის სასამართლოში და ვიმედოვნებ, მათი გამოძიება ეფექტური და ობიექტური იქნება.

 

 

 

 ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): ძალიან მეეჭვება, ევროპაში ვინმემ რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ზოგადად რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით არსებობს შეხედულება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თუ ეს დადასტურდა, ჰააგის სასამართლოს არ გაუჭირდება სანქციების დაკისრება. თუმცა თუ რუსეთის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ძალიან საინტერესოა, მისთვის რა სანქციების დაკისრებას გაბედავს.

 

 

 

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა, რუსეთი და ევროპა თანამშრომლობენ. იმ დიდ თამაშში, რომელშიც რუსეთი და ევროპა იღებდა მონაწილეობას, საქართველოც ჩაება. რუსეთი ჩვენგან ტერიტორიებს ითვისებს, სანაცვლოდ კი საქართველო ევროპისგან გარკვეულ ფულად დახმარებას იღებს.

ომის დაწყება რუსეთთან დიდი უაზრობა იყო, რადგან 4-მილიონიანი ქვეყანა 140-მილიონიანთან ომს რომ იწყებ, ჭკუა ხომ უნდა გქონდეს. საქართველოს მთავრობას რომ მხოლოდ თავი დაეცვა და არ ემოქმედა არაადეკვატურად, ჩვენ გასასამართლებელი საბუთი გვექნებოდა. თუმცა ახლა რომ ჰააგის სასამართლომ ჩვენ დაგვდოს ბრალი, გამოდის რომ ახალმა მთავრობამ უნდა აგოს პასუხი, რადგან წინა მთავრობა აღარ არის, სააკაშვილის დაუფიქრებელი და არაგონივრული გადაწყვეტილებები კი შეიძლება ჩვენ დაგვედოს ვალად. რუსეთი თუ ცნეს დამნაშევედ, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არა მგონია რაიმე შედეგი მოიტანოს ჰააგის მიერ გამოტანილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×