რიკოთის უღელტეხილზე 56-კილომეტრიანი მაგისტრალი, შესაძლოა, ჩინელმა ინვესტორებმა ააშენონ. აბრეშუმის გზის ფორუმზე ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ახალი მაგისტრალი ფასიანი იქნება და იგი ჩინელებს, სავარაუდოდ, 50-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა.
დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ უღელტეხილზე ასაგებ ავტომაგისტრალთან დაკავშირებით ჩინელი ინვესტორები დაინტერესებას კარგა ხანია გამოთქვამენ. საბოლოო შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა. ამჯერადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მაგისტრალის მშენებლობის პროექტზე ორი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯავახიშვილის განცხადებით, აქამდე დონორები რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის დაფინანსებაზე თავს იმ მოტივით იკავებდნენ, რომ ამ მონაკვეთზე მცირე რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდებოდა.
"ამიტომ თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები საქართველოს მიმართულებით წამოვა", - განაცხადა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრები სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც შედგა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რიკოთის უყელტეხილი და თბილისის შემოვლითი გზაა.
ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი, თუკი ავტომაგისტრალი აშენდება, იგი ფასიანი იქნება, თუმცა ასევე იმოქმედებს უფასო ალტერნატიული გზაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროში "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნეს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა ფასიანი, შესაძლოა, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში გახდეს. ახალი გზის მშენებლობის შედეგად კი შესაძლებელი გახდება არსებული გზის განტვირთვა და სატრანზიტო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს.
"რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს. თუ ჩინელები დააბანდებენ ამ ინვესტიციას, გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინურ ტვირთებს ინტენსიურად გადაზიდავენ ჩვენი ავტობანის მეშვეობით. შეიძლება დავთანხმდეთ 30-დან 50 წლამდე მართვის უფლებით გადაცემას, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ის იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვესტიციების განხორციელება აბრეშუმის გზის განვითარებაში ყოველდღიურად ხდება და ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის. "მათ შორის ეს არის აბრეშუმის გზის ფონდი, აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მომართულები იმისთვის, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქვეყნის ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გარდა, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ერთია ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალი პროექტი, ასევე იგეგმება რამდენიმე გვირაბის მშენებლობა. "ვმუშაობთ ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალ პროექტზეც. სამწუხაროდ, ის პროექტი, რომელიც არსებობდა, არ აღმოჩნდა საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელსაყრელი. ამიტომ ჩვენ იგი ახლიდან დავიწყეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ პროექტებია და ფაქტია ისიც, რომ "აბრეშუმის გზის" განვითარებით, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს დერეფნია, დაინტერესებაც ძალიან დიდია. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელება მთავრობის მარიფათსა და საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.