საქართველოში "აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას არა მხოლოდ ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის, არამედ რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი, ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, რომელსაც 31 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის სხვადასხვა მთავრობისა და ბიზნესწრეების დელეგატები, ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
"არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი - ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ძალიან კარგია, რადგან პროდუქტი, რომელიც წავა ევროპისკენ, ჩვენს გზაზე გაივლის და ჩვენთანაც დარჩება, როგორც სატრანზიტო ერთეული.
ეს პროცესი განავითარებს ინვესტიციებს, დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეებიც, ჩვენი ბიზნესი მოემსახურება ამ გზაზე შემომავალ პროდუქტს. რაც მთავარია, ჩვენ გვექნება გამოკვეთილი ფუნქცია და მთელი ევროპა და მსოფლიო დაინტერესებული იქნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და დადებითი მოვლენაა ჩვენთვის."
გიგა ნასარიძე (ა.ო. საქართველო არ იყიდება): "საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა, "აბრეშუმის გზა" არის ძალიან კარგი იარაღი და თუ მას სათანადოდ გამოიყენებს ხელისუფლება, ქვეყნის განვითარებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება".
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "უდიდესი მოვლენაა თავისთავად, ამაზე საუბარი ახალი არ არის; თუ ისე წავიდა ყველაფერი, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ძალიან კარგი იქნება. თუ "აბრეშუმის გზა" სწორი აზროვნებით წარიმართა, ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის."
ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი): "თუ აღნიშნული გზის გავლენა გაიზრდება სხვადასხვა სოციალურ სფეროში, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში რამდენად გამოჩნდება მისი დადებითი როლი ეკონომიკაში, ეს ცალკე თემაა - მაგრამ რასაკვირველია, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია დადებითად აისახება ქვეყანაზე".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე