გუშინ ოპერასთან "გაზპრომის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და რამდენიმე პირი "გაზპრომის" საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრის დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე იქნა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
თამარ ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი გუშინვე უნდა გამართულიყო, თუმცა ის დღეისთვის გადაიდო. ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს, 16:00 საათზე კანცელარიის შენობასთან "გაზპრომის" წინააღმდეგ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. "ტაბულას" დირექტორის თქმით, იგი ადვოკატებთან კონსულტაციებს გადის და არ არის გამორიცხული უკანონო დაკავების მოტივით საჩივარი მოამზადოს.
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):"ვფიქრობ, რომ მხოლოდ პლაკატების გაკვრის გამო ადამიანის დაკავებას გამართლება არ აქვს. სიმართლე გითხრათ, საქმის დეტალები არ ვიცი, ამიტომ არც ის ვიცი ამ პლაკატებზე რა შინაარსის მინაწერი იყო გაკეთებული. თუკი აქ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებაა და ხელისუფლების დამხობისკენ შემცველი ტექსტია, მაშინ - კი, ბატონო. სხვა შემთხვევაში დაკავებას მაინცა და მაინც არ მივესალმები.
"ვფიქრობ, ეს გარკვეული გაფრთხილება იყო. ალბათ სასამართლო პატარა ჯარიმის სახით შემოიფარგლება. საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ დაკავება კარგი გადაწყვეტილება არ იყო."
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): "საერთოდ, ასეთი ამბების ატეხვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მეთოდია. სულ, როცა სურთ, რომ ხალხი შეკრიბონ, ათასგვარ მიზეზებს იგონებენ, ხან "არა ოკუპაციას" დაარქვეს, ხანაც "არა "გაზპრომს", თუმცა, დიდი ვერაფერი მოიგეს. ახლა ვითომ პუტინისა და "გაზპრომის" წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს აფიორაა და მეტი არაფერი.
"რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებას, ვფიქრობ, ეს ისევ მათგან წამოსული პროვოკაცია იქნებოდა, ვინაიდან მისი დაკავება არავის არაფერში სჭირდება.
"ესაა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია, რომელსაც არავინ უნდა აყვეს. ჩემი აზრით, არც ის უნდა დაეკავებინათ, ვინაიდან ამით ხვალ უფრო მეტი ყვირილის საშუალება მისცეს."
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი):"ზოგადად, ეს "გაზპრომის" საკითხი თითიდან გამოწოვილი თემაა, თუმცა, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება ჩერგოლეიშვილს, რატომ არ უნდა დაეჭირათ - რა, სხვა ადამიანებისგან რაიმეთი გამოირჩევა, თუ ხელშეუხებელია?! თუ მან კანონის რომელიმე მუხლი დაარღვია და ამისთვის ჯარიმას ან დაკავებას იმსახურებდა, რატომაც არა?
"ნებისმიერ მოქალაქეს ასე უნდა იქცეოდნენ და აქ ჩერგოლეიშვილი არაფერ შუაშია. რადგან ის გიგა ბოკერიას ცოლია ან "ტაბულას" რედაქტორი, რამეთი გამოირჩევა? არა, ბატონო, ასე არაა, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია."
ბაია დვალიშვილი (მსახიობი): "მათ პლაკატები გააკრეს ისეთ ადგილას, სადაც ასეთი უამრავი პლაკატი და განცხადებაა. რატომ ითვლება მაინცა და მაინც ჩერგოლეიშვილი დამნაშავედ, არ მესმის, მაშინ სხვებიც დააკავონ. ზოგადად, პლაკატებით დედაქალაქი ძალიანაა დამახინჯებული და ამის მომხრე არ ვარ, თუმცა ეს სხვა თემაა.
"გაზპრომის" საწინააღმდეგო პლაკატს მეც სიამოვნებით გავაკრავდი და საპროტესტო აქციაზეც წავალ. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის დაკავება გამართლებულად ნამდვილად არ მიმაჩნია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე