გვანცა ღვედაშვილი
19.10.2015

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ("ენდიაი") მიერ ჩატარებული გამოკითხვის იმ ნაწილმა, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ეხება, პოლიტიკურ წრეებსა და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

"ენდიაის" გამოკითხვით, პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიიღო. კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 13%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა, "ქართული ოცნება" კი - მხოლოდ 11%-მა.

აღნიშნულ გამოკითხვაზე კომენტარი არაერთმა დეპუტატმა გააკეთა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკუამ განაცხადა, რომ "ენდიაის" კვლევები ვერასდროს აჩვენებს იმ განწყობებს, რაც საზოგადოებას აქვს და არჩევნების რეალურ შედეგებთან ახლოსაც არასდროს ყოფილა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა პირველ ადგილზე ყოფნა. მისი განცხადებით აღნიშნული კვლევებითქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ უნდა წავიდეს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. რესპონდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი "ძალიან კარგად მუშაობს", 16%-ის აზრით - "კარგად". ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 14% "კარგად", 52% "საშუალოდ", 16% კი "ცუდად" აფასებს.

თქვენი აზრით, რამდენად ასახავს რეალობას "ენდიაის" კვლევის შედეგები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი, "დემოკრატიული  ინსტიტუტუს" დამფუძნებელი): "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რეიტინგი დაეცა, ეს პროცენტი მაინც არ არის რეალური. შეუძლებელია "ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ მიემხროს ხალხი და ის პირველ ადგილზე იყოს. მათი რეჟიმი ხოცავდა, მასობრივად იჭერდა, აწამებდა და ქონებას ართმევდა ხალხს.

"ფაქტია, "ენდიას" შედეგები კვლავაც რჩება არადამაჯერებლად და ის რეალობისგან ნამდვილად შორს დგას."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "გამოკვლევები არასდროს არ ასახავს რეალობას. ეს კი არ არის არსებითი, არამედ ის, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გამარჯვების სურვილი აქვს, დადოს ისეთი დაპირებები, რომლებსაც შეასრულებს და ხალხი მუდმივ დაპირების რეჟიმში არ ეყოლება.

"მე არც ერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ვენდობი, რადგან, როგორც წესი, გამოკითხვისას ხალხი არ არის გულწრფელი".

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ნამდვილად ასახავს რეალობას. ეს არის ის შედეგები, რასაც ველოდით და რის შესახებაც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას. ეს მათი ინერტული ტემპის შედეგია. რაც არ უნდა თავი გაიმართლონ, ხალხი ყოველთვის ობიექტურად აფასებს შედეგებს.

"ეს არის იმ მცდარი ტემპის შედეგი, რომელიც "ოცნებამ" აირჩია. ამ შედეგებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ" კი არ შემობრუნდა ხალხი, არამედ "ოცნების" ნდობა დაკარგა. ოპოზიციამ კი ისარგებლა "ოცნების" უნიათობით და ეს ასეც უნდა იყოს".

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "საერთოდ არაფერი არ მჯერა მე და ჩემნაირი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი იქნება.

"რაც შეეხება კვლევებს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "ოცნება" 11% აქვს და "ნაციონალებს" - 13%. "ოცნებას" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" 20%-ით მეტი მხარდაჭერა მაინც ექნება. "ენდიაიმ" ამ ცხრა წლის განმავლობაში ისეთი გაკვეთილები მოგვცა, ვერაფრით დავუჯერებ, სულ რომ მართლები იყვნენ მაინც".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×