სერგეენკო: "ჩვენ შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს"
მაკა ხარაზიშვილი
20.10.2015

 გაისად პენსიების გაზრდის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. "ქართული ოცნების" დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაპირების შესრულებასა და პენსიების გაზრდას ითხოვენ. მთავრობა კი მზად არის ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური რესურსი მოიძიოს და პარლამენტის მოთხოვნა შეასრულოს.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. თუმცა, გაისად არჩევნებია და "ქართული ოცნება" იძულებულია 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებაზე უარი არ თქვას. ამიტომაც, მთავრობის გადაწყვეტილება პენსიების იგივე დონეზე დატოვებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ფინანსთა სამინისტრომ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდებოდა.

"ვფიქრობ, უნდა მოიძებნოს რესურსი, რათა პენსიები მომავალ წელსაც გაიზარდოს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არ გაიზრდება, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კომიტეტებში არ განხილულა", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი გათვლით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შეინიშნება, ბიუჯეტს წლევანდელთან შედარებით ნაკლები ვალი ექნება გადასახდელი. "10-მილიარდიან ბიუჯეტში შეიძლება მოინახოს რესურსი, რომ ჩვენს პენსიონერებს შევუმსუბუქოთ ყოფითი მდგომარეობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგიენკოს განცხადებით, მთავრობა შეასრულებს იმას, რასაც პარლამენტი გადაწყვეტს. "მე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოვადგენ, ხოლო ბიუჯეტზე საბოლოო მსჯელობა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს", - განაცხადა სერგეენკომ.

ფინანსთა-მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გარკვეული კატეგორიების პენსიების ზრდა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ზოგიერთი მიმართულებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ხარჯები შემცირდება. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო მზად არის ამ საკითხზე იმუშაოს.

"ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის. გარკვეული შიდა გადანაწილებებით, მათ შორის სამინისტროებს შორის. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება, თუმცა ეს არის რთული სამუშაო პროცესი. მთავარია, პარლამენტთან ერთად გადაწყდეს რა არის პრიორიტეტი და რომელი უფრო სწრაფად დასაფინანსებელია 2016 წლის განმავლობაში", - განაცხადა კაკაურიძემ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თუკი იქნება საშუალება, კარგია, რომ პენსიები გაიზარდოს, თუმცა არც ის იქნება სწორი, რომ ყველაფერი მხოლოდ სოციალური კუთხით გადავქაჩოთ და ამით მეორე მხარეს კრიზისი გამოვიწვიოთ.

"ბიუჯეტი ამჟამად კომიტეტებში განიხილება. თავმოყრილი შენიშვნები ჩვენს კომიტეტში იქნება წარმოდგენილი. დასკვნითი განხილვა 20 რიცხვში გაიმართება და შემეძლება უფრო დეტალურად ვისაუბრო იმ წინადადებებზე, რასაც კომიტეტი მთავრობას წარუდგენს. პენსიონრების რიცხვის ზრდა და მათში სიკვდილიანობის დონის დაწევა, ალბათ, ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა", - განაცხადა მეჭიაურმა და დასძინა, რომ გაისად პენსიონერთა რაოდენობა 40 ათასზე მეტია იქნება.

"ჯანდაცვის ყოფილი" მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის ბიუჯეტში პენსიის 50 ლარით ზრდა შესაძლებელია. იგი ამბობს, რომ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას 420 მლნ ლარი სჭირდება.

"რომ არა ბიუროკრატიის "გამოსაკვებად" გათვლილი უამრავი არაფრისმომცემი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული და რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია, "ქართული ოცნების" მიერვე წარმოდგენილ 2016 წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პენსიის 50-ლარიანი ზრდა", - განმარტავს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და გაჭირვებულ ფენას პენსიონრები მიეკუთვნებიან, რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. "10%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, 7%-ით - კომუნალურ გადასახადებზე. ასეთ პირობებში პენსიონერთა დიდი ნაწილისთვის იგივე თანხის დატოვება მათი სიღატაკისთვის გაწირვას ნიშნავს", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პარლამენტში შეტანილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, პენსიების ზრდა მხოლოდ მთიანი რეგიონის მოსახლეობას შეეხება და ისიც 2016 წლის სექტემბრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×