გვანცა ღვედაშვილი
21.10.2015

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "რესპუბლიკის" რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება", - განაცხადა თიბილოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები უარყო.

როგორც "რია ნოვოსტის" რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე დსთ-ის ქვეყნების საკითხებში ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა, "გულდასმით უნდა განვიხილოთ, რამდენად მომწიფდა ამის საჭიროება. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ძალზე მწვავე იქნება."

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს.

"ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ - 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე არ ცნობს საერთაშორისო სამართალი," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

არსებობს თუ არა შიდა ქართლში ყირიმის სცენარის განვითარების შესაძლებლობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): გააჩნია, რას იზამს საერთაშორისო საზოგადოება და ქართული სახელმწიფო. რუსეთისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. ეს არაპროგნოზირებადი ქვეყანაა. საქართველო უნდა იყოს შეურიგებელი ამ მოვლენების მიმართ. შესაძლებელია, რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგას და ამით ერთგვარად "დასაჯოს" საქართველო, თუ ის აქტიურად გააგრძელებს ევროპისკენ სვლას.

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ძალიან დიდი შანსია, რომ სამხრეთ ოსეთში მოვლენები ყირიმის მსგავსად განვითარდეს. რუსეთი ხომ მხოლოდ ძალის გამოყენებით მოქმედებს. რამდენი საშინელებაც გააკეთეს, იმდენი შერჩათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აფხაზებსა და ოსებს თავი თავისუფალი ეგონებათ და თავს დიდ საფრთხეში ჩაიგდებენ, რადგან აღარც თავიანთი ეროვნება შერჩებათ და აღარც დამოუკიდებლობა.

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ყირიმი თავის დროზე რუსეთის ტერიტორია იყო. 1954 წელს ხრუშოვის განკარგულებით ყირიმი უკრაინას აჩუქეს. ასე რომ, ეს სულ სხვა პრობლემაა და მათი შედარება არ არის სწორი.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ის ვერ შეუერთდება რუსეთს, რადგან არსებობს ჩრდილოეთ ოსეთიც. მაშინ ჯერ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი უნდა გაერთიანდეს და შემდეგ შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. საერთო ჯამში, რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთის შეერთება არ იქნება დადებითი მოვლენა და ეს მათ ბევრ პრობლემას შუქმნის.

 

 გია ბუღაძე (მხატვარი): რეალურად არის საშიშროება, რომ სამხრეთ ოსეთში ყირიმის სცენარი განვითარდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება. რუსეთის არაპროგნოზირებადობა ყველასთვის ცნობილია და ის, რომ მისგან რაიმეს არ ველოდოთ, სწორი ნამდვილად არ იქნება. მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ შესაშინებლად არის ნათქვამი, არასწორად მიმაჩნია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×