გვანცა ღვედაშვილი
26.10.2015

ბოლო პერიოდში "რუსთავი 2"-ის სასამართლომ და წამების კადრების გავრცელებამ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბა. ამას ემატება პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ახალი და მწვავე დაპირისპირება პრეზიდენტთან. შეგახსენებთ, რომ ჯერ პარასკევს საპარლამენტო უმრავლესობამ თქვა უარი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციის გავლაზე, შაბათს კი პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, რომელშიც გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის "ხალხს ხვდება".

ვითარებას ასევე ამწვავებს უკრაინულ ინტერნეტ საიტზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ საიტზე განთავსდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა, რომელიც, საიტის მტკიცებით, 22 ოქტომბერს სტამბულის ათათურქის აეროპორტში შედგა და რომელშიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი.

თქვენი აზრით, არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დადგომის საფრთხე?

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ეს უფრო პოლიტიკური ვითარების გამწვავებაა და არა კრიზისი. როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური ვითარება არჩევნების წინ ყოველთვის მწვავდება ხოლმე. მე მაინც მგონია, რომ ძალიან მალე ყველაფერი უნდა მოგვარდეს და დაწყნარდეს.

"ეს ყველაფერი ხელოვნურად არის გამოწვეული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამის საბაბს იძლევა თუნდაც იმიტომ რომ, იმთავითვე დაჰყვა ამ კოაბიტაციის პოლიტიკას, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო.

"შეუწყნარებელია ის, რომ დღემდე არ არიან დასჯილნი ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ და რაიმე კავშირში იყვნენ ვიდეოჩანაწერებთან. არ ვიცით დასჯილნი არიან თუ არა ადამიანები, ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და საზოგადოებამ დაინახოს, რომ ხელისუფლება ზრუნავს მოსახლეობაზე."

 ირაკლი კაკაბაძე (ფილოსოფოსი): "ეს უფრო სოციალური კრიზისია, ვიდრე პოლიტიკური, რაც გაცილებით მძიმეა. სოციალურ კრიზისში ვგულისხმობ, რომ ადამიანები ძალიან გაღატაკებულნი არიან, აგრეთვე გრძელდება სააკაშვილის პოლიციური რეჟიმი, ადამიანებს იჭერენ და ართმევენ ქონებას, ქვეყანა ძალიან მძიმე სოციალურ პირობებშია.

"აუცილებელია დაიწყოს მრავალხმიანი პოლიტიკა, ჩაიდოს ინვესტიციები, დაკავდეს მოსახლეობა საქმით და პოლიციური რეჟიმისგან დაზარალებული მოსახლეობა არ გამოსახლდნენ საკუთარი სახლებიდან.

"იმას, თუ ვინ იქნება "რუსთავი 2"-ის მმართველი, ჩემთვის არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. ტელევიზიები უნდა იყვნენ სააქციო საზოგადოების და არა კერძო მფლობელის განკარგულებაში."

 გია ბუღაძე (მწერალი): "პირდაპირ თქმა გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ მოსალოდნელია, რადგან იმდენად დაბალი დონის, უსინდისო და არაფრისმაქნისი ხელისუფლება გვყავს, რომ პირიქით - მიკვირს, რომ უფრო მძიმე ვითარება არ არის. ქვეყანაში არ არის ხელისუფლება, რომელიც სწორად წარმართავს ქვეყანას.

"გაიარონ ხალხში და გაიგონ რა პრობლემებია, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, რაც ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის ბრალია."

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან ძლიერია და ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი ისტერია, რომელიც ოდესიდან იმართება. გაიხედეთ ქუჩაში - სად არის კრიზისი, რა კრიზისზეა საუბარი...

"ეს არის "ნაციონალებისა" და მარგველაშვილის ბოდვა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობაა და მით უმეტეს პოლიტიკური კრიზისია. მარგველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო.

"ბოლო სამი წელია სტაბილურობაა. მართალია მცირე ინფლაციაა, მაგრამ ესეც "ნაციონალური"მოძრაობის" მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრალია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×