გვანცა ღვედაშვილი
28.10.2015

"ძალიან მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო, მან დიდი საქმეები გააკეთა", - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ "მაესტროს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის წევრ" გიორგი კანდელაკთან დებატებისას გააკეთა.

მისი თქმით, სტალინი უდიდესი ადამიანი იყო და მის აზრს ძალიან ბევრი იზიარებს. როგორც თოფაძემ განაცხადა, სტალინი საქართველოსთვის საამაყო კაცია.

"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წლისაა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები. კარგი კაცია და შეიძლება ვაპატიოთ. თუ გნებავთ, ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია," - ასეთი კომენტარი გაუკეთა თოფაძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილმა.

იყო თუ არა გოგი თოფაძის განცხადება უბრალო წამოცდენა თუ ამას უფრო ღრმა პოლიტიკური ფესვები გააჩნია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): არ მგონია, ყველა კაბინეტში გაიკრას სტალინის სურათი, რადგან მრავალ ოჯახს სტალინის პერიოდი ძალიან მძიმედ ახსოვს. ჯერჯერობით არავის გაუკრავს მისი სურათები. რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, ვინც სტალინის პიროვნებით მოხიბლულია.

ადამიანს ალბათ უბრალოდ მოსწონს ეს პიროვნება და ეს მისი ნებაა, თუმცა არ მგონია, ამას რაიმე პოლიტიკური საფუძველი გააჩნდეს.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  არავითარი პოლიტიკური სარჩული ამას არ გააჩნია. კაცმა თქვა თავისი აზრი. ვის სურათსაც უნდა, იმისას დაიკიდებს ოთახში. მე პირადად არ დავიკიდებ, მაგრამ თოფაძეს მოსწონს. მან გამოთქვა თავისი პირადი აზრი და აქვს იმის უფლება, ვინც უნდა, ის მოსწონდეს.

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ეს პოლიტიკური გუნდი ამ ფასეულობებს იზიარებს. ეს არა მარტო გოგი თოფაძემ, არამედ არაერთხელ განაცხადა ბატონმა ბიძინამაც, რომ სტალინი გამორჩეული პიროვნება იყო.

ამასვე ამბობენ მეჭიაური, ტყემალაძე. ძალიან ბევრი ადამიანი ამ პოლიტიკური გუნდიდან იზიარებს სტალინის იდეოლოგიას და მას წარმოგვიდგენენ, როგორც დიად პიროვნებას. აქედან გამომდინარე, ეს არ არის არანაირი წამოცდენა, ეს არის მათი პოლიტიკური შეხედულება და იმ იდეოლოგიის გაზიარება, რომელსაც სტალინი ატარებდა.

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი):  არ მგონია, ამას რაიმე პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, რადგან ამას "ქართული ოცნების" არცერთი წევრი არ იზიარებს. ყველა აღიარებს, რომ იგივე ალექსანდრე მაკედონელი იქნება, სტალინი თუ ნაპოლეონი დიდი პიროვნებები იყვნენ, თუმცა მათ დადებით კონტექსტში არავინ იხსენიებს. საქართველოში ძალიან ბევრი არის აღფრთოვანებული სტალინით, გოგი თოფაძემ უბრალოდ ეს ხმამაღლა თქვა.

ყველამ ვიცით, რომ სტალინის დროს საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო და ომი და ათასი უბედურება. ისე, სტალინი შეიძლება უფრო "ნაციონალებს" მოსწონდეთ, რადგან მათ ბოლშევიზმი დააბრუნეს. დახვრეტა და წამება მაგათი საქმე იყო და შეიძლება სიმპათია მათ უფრო ჰქონდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×