ლიკა ამირაშვილი
29.10.2015

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის აზრით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას. ეს განცხადება აბაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"ძალიან მძიმე წარსული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". გვინდა-არგვინდა, ეს ყველაფერი მასთან ასოცირდება. ძალიან რთულია შექმნილი სიტუაცია თვითონ მოქალაქეებისთვის, ამიტომ არ შეიძლება ამ კადრების გავრცელება. მე მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება - სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს. ამას თვითონ პრემიერ-მინისტრიც არ უარყოფს. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ის უნდა დასრულდეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, მთავრობა არა "წარსულში ქექვით", არამედ იმ პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

გჯერათ თუ არა, რომ წამების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნინო ჩხობაძე  (ეკოლოგი): წამების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ვინ დგას, ვერ გეტყვით. თუმცა ფაქტია, რომ ვიღაცას ეს კადრები აქვს. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ხელისუფლება არც იყოს. ზოგადად კადრები რომ ნელ-ნელა გამოჩნდება, ამის დიდი ეჭვი მაქვს.

2016 წელს სხვადასხვა საიტზე ალბათ კიდევ ვიხილავთ ახალ კადრებს. სამწუხაროდ, იმ ფაზაში შევდივართ, როცა მთელი ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება. ამიტომ ამ აჟიტირებას გააგრძელებენ. თუმცა ხელისუფლება ამის შეჩერებას როგორ მოახერხებს, უკვე არ ვიცი.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): წამების ამსახველი კადრების გავრცელებაზე სხვადასხვა აზრი გამოითქვა. ამის უკან ვინ დგას, არ ვიცი. ეჭვებზე საუბარი კი არასერიოზულად მიმაჩნია. მართლა მაინტერესებს, ვინ დგას, მაგრამ ვერ ვხვდები, ამ კადრების გავრცელება ვის ინტერესშია. შესაძლებელია, ასლებიც არსებობდა და სულ სხვას აქვს. ასეთ რაღაცას რომ იღებდნენ, აუცილებლად ასლებსაც გააკეთებდნენ. თუმცა, რატომღაც არ მგონია, რომ ხელისუფლება იყოს გარეული.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ჩემი აზრით, მცდარია აზრი, რომ კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას. ამას უკრაინული ძალები ავრცელებენ, რომლებიც სააკაშვილთან არიან კონფროტაციაში. ვერ გამიგია, ეს ხალხი წამების ამსახველი კადრების გამავრცელებლებს უნდა ებრძოდეს თუ ამ წამების დამკვეთებს, რომლის უკანაც იდგა "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით?! აქედან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატების" მიერ თავიანთი სულიერი ძმების, "ნაციონალური მოძრაობის" გამართლების მცდელობა ყოვლად უბადრუკ მცდელობად მიმაჩნია.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ბოლოს, რასაც ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" განაწყენებული პარტიის სახე აქვს. ცდილობენ იმ მთავრობას, რომლის წევრებიც იყვნენ, როგორმე ჩირქი მოსცხონ. ამდენი წელი ერთად იყვნენ, ყველაფერი კარგად იყო, მათი აღფრთოვანება "ქართული ოცნების" მიმართ მახსოვს, მერე უცებ როგორც კი თანამდებობები დატოვეს, თურმე ამ მთავრობაში ყველაფერი ცუდია.

ასეთი რადიკალური ცვლილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხალხი განაწყენდა. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი, ვინც არ უნდა იყოს, პირველ რიგში, დიპლომატი უნდა იყოს. ასე აშკარად მათი განაწყენება სამთავრობო სტრუქტურის მიმართ არ უნდა ჩანდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×