ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ: "გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
წერილში საუბარია აგრეთვე "რუსთავი 2"-ზე, რომ შესაძლოა ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. რაც მათი აზრით, საფრთხეს შეუქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.
ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა და წევრთა სამართლებრივი დევნის, ასევე საგამოძიებო ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარი შერჩევისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო.
ხელისუფლებას მოუწოდებენ ოპოზიციის რეგიონულ ოფისებზე თავდამსხმელები დაუყოვნებლივ იპოვონ და პასუხისგებაში მისცენ.
"მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ხელმძღვანელობას და მმართველ კოალიციას, შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას სერიოზული საშიშროების ქვეშ აყენებს", - ნათქვამია განცხადებაში.
"მოახდენს თუ არა ზეგავლენას ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე განვითარებული მოვლენები?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (მწერალი): "რამის შეგნება, გონება და აზრი დღევანდელ გაჯიუტებულ ხელისუფლებას არ აქვს და კატასტროფისკენ მიაქანებენ ქვეყანას. მე გაკვირვებული ვარ იმ ინტელიგენტი ადამიანებით, რომლებსაც პრეტენზია აქვთ განათლებაზე - ჩვენი გადარჩენა და ხსნა ევროპისა და დასავლეთისკენ სწრაფვაა, სხვა გზა რუსეთისკენ მიდის, რაც დაუშვებელია. ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს, ან წავიდეს. მართლა აღშფოთებული ვარ ჩვენი მთავრობის ქცევებით და იმ ქმედებებით, რასაც ისინი სჩადიან."
ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი, დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი): "დამნაშავეთა დასჯა და სასამართლოს სამართლიანობა ვერ მოახდენს გავლენას ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე. პირიქით ევროპარლამენტი თავად არის იმ იდეოლოგიის მატარებელი, რომ სამართლიანობა აღდგეს.
რაც შეეხება დაუსჯელობის სინდრომს, ვფიქრობ, საზოგადოების გაღიზიანება სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი ის ადამიანები, რომლებსაც არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი წინა ხელისუფლების დროს."
ირაკლი კაკაბაძე (პოეტი): "მათ რა ჭკუა უნდა გვასწავლონ, სჯობს სირიელ ლტოლვილებს მიხედონ და მათ მისცენ საკვები და თავშესაფარი, თუ უნდათ კარგად იყვნენ საქართველოსთან, თავად უნდა მოიქცნენ სათანადოდ. თავიანთ თავებს მიხედონ, ჩვენ ჭკუას ნუ გვასწავლიან, თავადაც უამრავი პრობლემა აქვთ და სჯობს, თავიანთ თავებს მიხედონ."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ევროპარლამენტის წევრებს მგონი იმაში უხდიან ფულს, რომ ჩვენს გაკეთებულში კარგი არაფერი დაინახონ. 2016 წელს, როცა ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება, იქნებ მერე მაინც თქვან კარგი.
ახლა მიმაჩნია, რომ მთელი მსოფლიოც რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე აღსდგეს, სამართლიანობამ მაინც უნდა იზეიმოს და ტელევიზია დაუბრუნდეს მის სამართლიან პატრონს, რადგან ხელისუფლებას ევროპარლამენტი არ ირჩევს, მას ჩვენი საზოგადოება ირჩევს. ხელისუფლებამ უნდა დაუბრუნოს ტელევიზია თავის კანონიერ პატრონს, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე