თაკო მათეშვილი
31.10.2015

უკრაინული გამოცემა "უარევიუ" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარს აქვეყნებს. ისინი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასა და მოვლენების ძალადობრივი გზით განვითარებას განიხილავენ.

გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციის სცენარს სთავაზობს. იგი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში "სროლით დასრულდება".

რაც შეეხება სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს, იგი აქაც ბარიკადების მშენებლობაზე საუბრობს. ჩანაწერის თანახმად, ექსპრეზიდენტი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე დიდ განცხადებას აკეთებს. სააკაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.

აღსანიშნავია, რომ ამ საუბრების სამივე მონაწილემ დაადასტურა ამ ჩანაწერების ავთენტურობა.

თქვნი აზრით, არის თუ არა ეს ჩანაწერები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობის მტკიცებულება? - "რეზონანსმა" ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (აკადემიკოსი, მეცნიერებათა  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი):"ჩანაწერში თავად ამბობენ მოვლენები რევოლუციური სცენარით უნდა განვითარდესო და მე რაღა დავამატო? ექპრეზიდენტი თავად ახსენებს რევოლუციურ სცენარს."

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი):"როგორც ტექსტიდან გავიგე, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად "შეკერონ თემა", რათა ეს "იდიოტი უცხოელები", როგორც თავად უწოდებენ, მეტად აღშფოთდნენ. ამ ტექსტიდან პირდაპირ არ მოდიოდა, რომ აქ შეიარაღებულ შეთქმულებაზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი. თუმცა, რაც ითქვა, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ გამოძიებულ იქნეს, რადგან ეს ფაქტობრივად სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დაუმორჩილებლობის მოწოდება იყო. მანამდე გვარამიამაც ხომ თქვა, რომ არ დაემორჩილებიან და წინააღმდეგობას გაუწევენ.

"აბსოლუტური სისულელე მგონია იმის თქმა, რომ თუ ეს ჩანაწერები კანონიერი გზით არაა მოპოვებული, ისინი მტკიცებულებად ვერ გამოდგება. როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, იურიდიულ წვრილმანებს მნიშვნელობა არ აქვს."

 გიგა ნასარიძე (არასამთავრობო ორგანიზაციის  "საქართველო არ იყიდება" დამფუძნებელი):"ჩანაწერებში არანაირ რევოლუციაზე არაა საუბარი. იქ მხოლოდ ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის ხელისუფლების აღვირახსნილობისაგან დაცვაზეა ლაპარაკი. ესაა და ეს.

"მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რჩევას აძლევს, რომ "რუსთავი 2" ყველა ძალით დაიცვას და პირადად მე სააკაშვილს ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ ტელევიზია, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად თავისუფლება ქვეყანაში, უნდა დავიცვათ."

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ პიროვნებების თავში ბინძური აზრები ტრიალებდა. მათ სურდათ მოდელირებული სახით კიდევ ერთხელ გაემეორებინათ ის ამბები, რაც საქართველოში 1991-92 წლებში მოხდა. უდავოა, რომ ესენი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას აპირებდნენ.

"დარწმუნებული ვარ, მათ ქართველი ხალხი სძულთ, თუკი ხელისუფლებაში თავად არ იქნებიან. ჩემი შეფასებით, ესენი მანიაკი ადამიანები არიან, რომელთაც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სისხლის მორევში ჩათრევა სურთ. ეს ე.წ. "ტროიკა" აუცილებლად უნდა გასამართლდეს".

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):"ეს სცენარი მას შემდეგ იწერებოდა, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო. საინტერესოა, კიდევ ვინ მონაწილეობდა ხელისუფლების დამხობის სცენარის წერაში.

"ისიც მიკვირს "ნაცმოძრაობამ" არჩევნების წაგება და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა როგორ დაუშვა. მათ ხომ სასამართლო და ყველანაირი რესურსი ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ ფიქრობდნენ, რომ ეს მთავრობა თავის საქმეს ვერ შეასრულებდა და ისევ უკან მობრუნდებოდნენ. ამას სააკაშვილი ღიადაც ამბობდა. ხომ ნახეთ რამხელა მატერიალური რესურსები აღმოაჩნდათ. როცა რესურსი გაქვს, რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა ძნელი არაა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×