"რუსთავი 2"-სა და ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზეა დანიშნული. დღეს სავარაუდოდ სასამართლო მოდავე მხარეების საბოლოო სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.
განაჩენის გამოსატანად კანონით 3 დღეა განსაზღვრული, თუმცა გამორიცხული არაა, მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადოს.
როგორ ფიქრობთ, სასამართლოს როგორი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი?" - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "ძალიან რთულია, ერთმნიშვნელოვნად გაეცეს კითხვას პასუხი მაშინ, როდესაც საზოგადოება უკვე პოლიტიზირებულია ამ სასამართლო პროცესით. "რუსთვი 2"-ის სასამართლო პროცესი ფაქტობრივად უკვე გასცდა სასამართლო პროცესს. აქედან გამომდინარე, რთულია გააკეთო დასკვნა, როგორი იქნება შედეგი.
"მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს, თუმცა ვიცი, რომ "რუსთავი 2"-მა, თავისი დაარსებიდან დღემდე, უამრავი მეპატრონე გამოიცვალა, თუმცა სარედაქციო პოლიტიკა ყოველთვის მიმართული იყო მხოლოდ ერთი პატიის ინტერესებისკენ. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ "რუსთავი 2" გადაეცეს ქიბარ ხალვაშს, მას დასჭირდება სერიოზული მტკიცებულება და დასაბუთება საზოგადოებისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი. ამის დამტკიცება არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც დასჭირდება.
"თუ სასამართლო კანონის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას და "რუსთავი 2"-ს მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს, მე როგორც რიგით მოქალაქეს, არ მექნება პრეტენზია, მაგრამ თუ ეს კანონის დარღვევით იქნება მიღებული, მაშინ ეს უკვე მთლიანად პოლიტიზირებულ სახეს იღებს და პოლიტიზირებული არც ერთი საინფორმაციო საშუალების, არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილების მომხრე არ ვარ".
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): "სასამართლომ თავად უნდა შეისწავლოს ეს საქმე. მე როგორც მახსოვს, "რუსთავი 2" რამდენჯერმე გაიყიდა და ეს იმდენჯერ მოხდა, რომ მტყუან-მართალს ვეღარ გაარჩევ. საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, ვინ არის სინამდვილეში მესაკუთრე. რამდენს ჩამოართვეს და რამდენს გადასცეს, რთული გასარკვევია.
"ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რასაც ნამდვილად ვხედავ. ტელევიზია არ უნდა დაიხუროს, ტელევიზიამ და ჟურნალისტებმა უნდა გააგძელონ მუშაობა, მაგრამ ტელევიზია ვისიც არის, იმას უნდა გადაეცეს და არ უნდა ატყდეს ამაზე არანაირი ამბავი, ბარიკადები და უბედურება".
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე ვისურვებდი, რომ სასამართლომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს გონივრული გადაწყვეტილება კი "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ არის. მე მიჩნდება გონივრული ეჭვი, რაც მდგომარეობს შემდგეში - 3 წლის განმავლობაში თაროზეა შემოდებული უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოძიებულა და მით უმეტეს, არ გახსნილა. ამ დროს, რაღაც რიგითობის დარღვევით, გამოჩნდა ვინმე ხალვაში და იწყება ეს სასამართლო პროცესი. ხალხი 3 წელია, ითხოვს საქმეების გამოძიებას, დამნაშავები არ არიან დასჯილი და ამ ფონზე, მგონი სამართლიანია, რომ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი - რა ხდება? რასთან გვაქვს საქმე?
"ვისურვებდი, რომ გაეთვალისწინებინათ საზოგადოების აზრი და ეჭვი ამ რიგითობის დარღვევასთან დაკავშირებით. რა დამსახურებით განიხილეს მისი საქმე, როცა ხალხი ამდენ ხანს ელოდება სხვა დანაშაულების გამოძიებას?
"მე სუბიექტურიც მინახავს "რუსთვის 2" და ობიექტურიც, ყველა მედიასაშუალება მინახავს სუბიექტური და წყენაც მქონია, მაგრამ ეს არაფერ შუაშია. მთავარია, არსებობდეს ალტერნატული აზრი.
"ყველაზე საშიში, რაც შეიძლება იყოს, ეს მედიის ერთგვაროვნებაა და თუ ის დღე დადგა, რომ საქართველოში ალტერნატული აზრი, თუნდაც ვიღაცისთვის მიუღებელი ან სუბიექტური, არ იარსებებს, მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფრი ქვეყანას წაიყვანს ერთგვაროვანი, ავტორიტარული რუსული რეჟიმისკენ. ყველაზე საშიში ეს არის.
"მე აბსულუტურად ვემხრობი, რომ ეს მედიასაშუალება იყოს დამოუკიდებელი. ძალიან ობიქტურად მოხდეს საქმის გადაწყვეტა და მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა დამსახურებით ჩააყენეს ურიგოდ "სამართლებრივ მწყობრში" ხალვაშის საქმე".
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა დეტალურად განიხილეს მოწინააღმდეგის მტკიცებულებები, ცხადი გახდა, რომ ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის მცდელობა მედიაზე. ხელისუფლება ცდილობს, რომ დრო გაიყვანოს და მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, საზოგადოებაზე რაღაც ფარული ჩანაწერებით მოახდინოს ზეგავლენა.
"არ მგონია, რომ ეს სიკეთით დამთავრდეს ამ ხელისუფლებისთვის. ცალსახა იქნება საერთაშორისო, დემოკრატიული ძალებისთვის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მედიაზე საბოლოო კონტროლის დასამყარებლად.
ჯერ კიდევ დრო აქვს ხელისუფლებას, რომ სასამართლოზე არნახული ზეწოლა მოხსნას და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, როგორიც მართლა სამართლიანი იქნება. მე კიდევ ვიმედოვნებ, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე