მოლდოვას ყოფილი პრემიერი, საბანკო "აფიორის" ბრალდებით, დააკავეს; ისლანდიაში, ფინანსურ კრიზისთან კავშირის გამო, 26 ბანკირი დააპატიმრეს; ორიოდე წლის წინ ამერიკის ფედერალური რეზერვებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაიკარგა, სულ ახლახანს კი "საქართველოს ბანკიდან" 10 მლნ გაქრა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საბანკო მაქინაციებისა, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი აფიორისგან არც განვითარებული და მით უფრო, არც განვითარებადი ქვეყნები დაცულები არ არიან. აუცილებელია, საქართველოში გამკაცრდეს უსაფრთხოების წესები და ამოქმედდეს მომხმარებელთა დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა.
რამდენიმე დღის წინათ მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, საბანკო მაქინაციებში, მოლდოვის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელშეწყობით მონაწილეობდა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებმაც ერთი მილიარდი დოლარი მოიპარეს.
"ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, დოკუმენტები, ჩვენებები. მათი მეშვეობით დასტურდება პრემიერობის დროს ფილატის კავშირი დაკარგულ ერთ მილიარდ დოლართან", - განაცხადა მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა.
ისლანდიაში კი, ფინანსურ კრიზისთან კავშირის გამო, 26 ბანკირი დააპატიმრეს. მათ ისეთი პირობების შექმნაში ედებათ ბრალი, რომლებმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ და რეიკიავიკის სასამართლომ "ლანდსბანკინის" სამ ტოპმენეჯერს, "კაუპბინგის" ორ ტოპმენეჯერსა და ერთ მსხვილ ინვესტორს დაუმტკიცა დანაშაული. ფინანსური მუხლით გასამართლებული ბანკირების რაოდენობამ 26, მათთვის მისჯილი წლების რაოდენობამ კი 74 შეადგინა. ბანკირების უმეტესობას 2-5 წელი მიესაჯა.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში ფინანსური დარღვევებისთვის მაქსიმალური სასჯელი 6 წელია, თუმცა ამ დროისთვის სასჯელის გამკაცრების საკითხი განიხილება.
2001 წელს ისლანდიამ ფინანსური ბაზრების რეგულაციაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, ბანკირების საქმიანობამ ქვეყნის საგარეო ვალის ზრდა და შედეგად 2008 წელს მთელი საბანკო სექტორის ნგრევა გამოიწვია.
ისლანდიის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტზე ათჯერ დიდი გახდა. ამან კრონის დევალვაცია და ბანკების ნაციონალიზაცია გამოიწვია. დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, ისლანდიის ხელისუფლებას დიდი ოდენობით ფულის სესხება მოუწია. სავალუტო ფონდის მიმართ დავალიანების გადახდა ამ დრომდე გრძელდება.
შექმნილ ვითარებაზე განცხადება ისლანდიის პრეზიდენტმა ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა გააკეთა: "ჩვენ 30 წლის განმავლობაში გვყოფნიდა სიბრძნე, დასავლური ფინანსური სამყაროსთვის ტრადიციული დოგმები არ მიგვეღო. ჩვენ შემოვიღეთ კონტროლი, მივეცით ბანკებს გაკოტრების საშუალება და პირველ ყოვლისა მოსახლეობას დავუჭირეთ მხარი. ჩვენ არ მიგვიღია მკაცრი ზომები, რომელსაც ევროპაში ვხედავთ".
რამდენიმე წლის წინათ ამერიკის ფედერალური რეზერვებიდან, დაახლოებით, 9 ტრილიონი დოლარი გაქრა. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, ამ ფულის ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია.
გარდა მსხვილი მაქინაციებისა, მსოფლიო საბანკო სისტემაში წვრილი თაღლითობაც ხშირია და ის, ძირითადად, ბანკების თანამშრომლთა მიერ არის ჩადენილი. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა იხსენებს, რამდენიმე წლის წინათ "სოსიეტე ჯენერალიდან" 5 მლრდ ევრო დაიკარგა. ამის მიზეზი იყო ბანკის ბროკერის მიერ ფასიანი ქაღალდებით უგუნური და თაღლითური ვაჭრობა.
ასევე ორიოდე წლის წინ ამერიკის ბანკიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოსახლეობის პენსიებიდან 2 მლნ-მდე დოლარი მიითვისა. ბანკის თანამშრომელი ყველა პენსიონერის კუთვნილი პენსიიდან რამდენიმე ცენტს ხსნიდა და ამით აგროვებდა ფულს:
"ეს საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი პენსიის ბოლო ცენტამდე აღება მოითხოვა. ამ დროს ბანკის ხელმძღვანელობამ გამოიძია საქმე და აღმოაჩინა, რომ მისმა თანამშრომელმა თაღლითური მეთოდით 2 მლნ დოლარი დააგროვა", - აღნიშნა ლია ელიავამ.
ბოლო დროს საქართველოში ბანკების ფილიალების დაყაჩაღების ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. მართალია, დამნაშავეს მალევე პოულობენ, გატაცებულ ფულსაც იბრუნებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციას ყოველთვის გაუმართლებს. ამის დასტურია სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ "საქართველოს ბანკის" კუთვნილი 10 მილიონის გაუჩინარება. დანაშაულებრივი სქემა დღემდე გაშიფრული არ არის, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ამაზე განცხადება არ გაკეთებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფულის დაკარგვაში ბანკის თანამშრომლების ხელი ურევია.
სხვათა შორის, ბანკიდან ფული გუშინაც დაიკარგა, ამჯერად ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს და დიდი ოდენობით ფული წაიღეს. დეტალები ისევ უცნობია.
რამდენად შესაძლებელია, რომ მოლდოვის, ისლანდიის ან თუნდაც ამერიკის მსგავსი მცენარი საქართველოშიც მოხდეს, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებს ერთი პასუხი აქვთ - ეს შეიძლება არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან ჩაიდინონ, მაგრამ აქ საფრთხე უფრო დიდია, რადგან საბანკო სისტემა ნაკლებადაა დაცული.
"საბანკო მომსახურების სისწრაფე გაზრდილია. ის დაკავშირებულია ინტერნეტთან და რამდენადაც საფრთხის შემცვლელია ინტერნეტი, იმდენად საფრთხილოა საბანკო ანგარიშებიც. დღეს უკვე აღარავინ ქურდობს, სახლში არავინ შედის და ყველაზე სარფიანი სწორედ საბანკო ანგარიშებზე ნადირობაა. ეს მთელ მსოფლიოში ხდება. ანგარიშების მართვა, გადარიცხვა და მაქინაციები ყველა ქვეყნის პრობლემაა.
რაც შეეხება დაცვას, მხოლოდ ერთი გარანტია არსებობს - ეს არის მთელი საბანკო ანგარიშების დაზღვევა. მხოლოდ ასეთი სისტემითაა შესაძლებელი, რომ ადამიანებმა გადაარჩინონ საკუთარი ფული.
მეორე და მნიშვნელოვანი გამოსავალი საკუთარი კომპიუტერების ოფიციალური პროგრამებით უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ, საქართველოში ოფიციალურ პროგრამებს ძალიან ცოტა იყენებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საბანკო სფეროს სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა.
ლია ელიავა კი ამბობს, რომ კომერციულ ბანკებში თაღლითობა მუდმივად ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანა განვითარებულია თუ განვითარებადი. თაღლითობა შეიძლება ჩაიდინოს ბანკის თანამშრომლებმა ან კლიენტებმა.
"რაც შეეხება ბანკების თუ ინკასაციის მანქანების დაყაჩაღებას, ევროპამ და ამერიკამ ეს პერიოდი უკვე გაიარა. იქ იმდენად კარგადაა დაცვის მექანიზმი დამუშავებული, რომ ბანკის დაყაჩაღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
საქართველოს ჯერ კიდევ გასავლელი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც გაიარა დასავლეთმა. ჩვენთან ბანკის ფილიალის დაყაჩაღება და იქიდან ფულის წაღება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ფული არ უნდა იყოს ღია წვდომაში. ის უნდა იყოს ტყვიაგაუმტარ შუშის იქით სპეციალური სალაროში მოთავსებული.
ბანკის ზარალი არ უნდა აისახოს დეპოზიტარებზე. იგი უნდა იყოს იმდენად ძლიერი ფინანსურად, რომ მისთვის 5-10 მლნ-ს დაკარგავა, თუნდაც მისი თანამშრომლების მიერ, არ უნდა იწვევდეს უარის თქმას მოსახლეობის ანაბრების მომსახურებაზე", - განაცხადა ელიავამ.
საქართველოში საბანკო მაქინაციებისა თუ დაყაჩაღების რისკი საკმაოდ მაღალია. იმისათვის, რომ საქართველოში მეანაბრე იყოს დაცული, აუცილებელია, ქვეყანაში ამოქმედდეს მოსახლეობის ანაბრების სახელმწიფო დაზღვევის სისტემა.
"ასეთი სისტემა, საქართველოს გარდა, თითქმის მთელ მსოფლიოში მოქმედებს, მათ შორის, ჩვენს სამეზობლოში. თუ ბანკი იმდენად დაზარალდა, რომ ის გაკოტრების პირამდე მივიდა, მეანაბრეს ფული არ უნდა დაეკარგოს. სახელმწიფო უნდა იღებდეს ვალდებულებას, რომ გარკვეული ოდენობით თანხას მეანაბრეს დაუბრუნებს. ამერიკაში და ევროპაში მაქსიმალური თანხა არის 150 ათასი დოლარი და ევრო. საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ბანკის მენეჯმენტი მუშაობს ცუდად ან ეროვნული ბანკის ზედამხედველობა არის სუსტი", - დასძინა ელიავამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.