ლარის გაუფასურებამ ბიზნესის განვითარება მკვეთრად შეაფერხა. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ მათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერეს. მომავალ წელს ბიზნესის ბედი და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა სწორედ სტაბილურ და მყარ ვალუტაზე იქნება დამოკიდებული.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2015 წლის სექტემბერში დევალვაციის მასშტაბმა 40%-ს მიაღწია. ვალუტის კრიზისმა, მოსახლეობასთან ერთად, მძიმე დღეში ჩააყენა ბიზნესი.
კომპანია "დიოს" ხელმძღვანელი თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ მათი პროექტების განხორციელებას პრობლემა შეექმნა და მენეჯმენტი იძულებული გახდა ბიზნეს გეგმის კორექტირება მოეხდინა.
"ეკონომიკური ზრდა შეფერხდა, ვალუტა გაუფასურდა, ამიტომ იძულებულნი გავხდით, ბიზნეს-გეგმის კორექტირება მოგვეხდინა. იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან მშპ უფრო მეტად გაიზრდება, კურსიც დასტაბილურდება და რეალური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცემა. თუკი, გაისად მდგომარეობა დასტაბილურდა, შესაფერისად განვსაზღვრავთ საინვესტიციო პოლიტიკას და ახალი პროექტების განხორციელებასაც დავიწყებთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თამაზ დაუშვილმა.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ წარმოების განვითარებას არა მხოლოდ არასტაბილური კურსი, არამედ მთავრობის არასწორი განცხადებებიც აფერხებს. მაგალითად, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვალუტის გაუფასურების პიკზეა და შემდგომში ვარდნა აღარ მოხდება, მათ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. ამ განცხადებების შემდეგ ლარის მორიგი დაცემა მთავრობის წევრების მიმართაც უნდობლობას იწვევს და ბიზნესს კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს.
"ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს სწორ "მესიჯებზე". როდესაც საუბრობენ, რომ ლარის კურსი ზღვარზეა და მისი შემდგომი გაუფასურება აღარ მოხდება, ამ სიტყვებზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს - ეს იქნება ფინანსთა მინისტრი თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ჩვენ მხოლოდ მათ განცხადებებს ვენდობით და როდესაც მათი პროგნოზი არ მართლდება, აღარ ვიცით ვის დავუჯეროთ. უნდობლობის ფაქტორი კიდევ უფრო მეტად აზიანებს გარემოს", - ამბობს თემურ ჭყონია და დასძენს, რომ ბიზნესი უნდა დარწმუნდეს, რომ ლარის შემდგომი გაუფასურება აღარ მოხდება და მოქმედებას ამის შემდეგ დაიწყებს.
იგი აღნიშნავს, რომ წლევანდელი წელი ბიზნესისთვის ძალიან მძიმე იყო, რამდენიმე პროექტზე პარტნიორებთან ვალდებულება უკვე აღებული ჰქონდათ, ამიტომ მათი შეჩერება კომპანიას მეტად აზარალებდა.
"სერიოზული პრობლემა შეგვექმნა. რამდენიმე პროექტი დიდი ხნის დაწყებული გვქონდა და მათი გაჩერებით უფრო დიდ ზიანს მივიღებდით. ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, რუსთავის "მაკდონალდსის" პროექტს ვახორციელებთ. ლარის დევალვაციით შექმნილი რთული ვითარების გამო, სამინისტრომ ანგარიში გაგვიწია და მიწა შეღავათით შეგვასყიდა. შემდეგი პროექტია ახალი ჩეხური ბრენდის შემოსვლა ლუდის ბაზარზე. ესეც დიდი ხნის დაწყებული გვქონდა და გაჩერება არასერიოზული იყო", - აცხადებს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ყველა პროექტი გააჩერეს, მათ შორის, ისეთი დიდი მეურნეობა, როგორიც არის საქონლის ფერმა.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი ინდუსტრიული ფერმა არ არსებობს. 600 სული საქონელია და მსოფლიოს ყველა უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი გვაფინანსებდა. ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ფერმა გვაქვს, მაგრამ ლარის გამო გავაჩერეთ გაფართოება, არადა მესამე და მეოთხე ფაზა გვქონდა დაგეგმილი. ვალუტაში ვყიდდით, დოლართან მიბმულია პროდუქციის ფასი, გადამამუშავებელი კი უკვე ვერ აძლევს თავს უფლებას გადაიხადოს ასეთი თანხა. საცალო ვაჭრობაში ვერ ზრდიან ფასს, ამიტომ მოგვიწია პროცესის შენელება. 10 მილიონი დოლარი ჩავდეთ ინვესტციის სახით და კიდევ 10 მილიონს ვაპირებდით", - ამბობს პაპაშვილი "კომერსანტთან" ინტერვიუში.
ინვესტიციების შეჩერებაზე ამახვილებს ყურადღებას ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის "ჯი-თი ჯგუფის" ხელმძღვანელი ლევან გოგსაძე. არსებულმა სავალუტო კრიზისმა და მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ "ჯი-თი ჯგუფის" მენეჯმენტი აიძულა, რომ წელს დაგეგმილი პროექტები, უკეთესი მომავლის იმედით, 2016 წლისთვის გადაედო.
"ჩვენი კომპანია 11 წლისაა, რომელმაც საქმიანობა მცირე ბიზნესით დაიწყო და ამ დროისთვის დიდ მასშტაბს მიაღწია. სულ მუდამ ახლის ძიებაში ვართ. წელსაც გვინდოდა გარკვეული პროექტების განხორციელება, მაგრამ თავი შევიკავეთ და მომავალი წლისთვის გადავდეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ უკეთესი ეკონომიკური პირობები იქნება.
ვალუტის გაუფასურების გამო, რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე აწევამ ლარში სესხი გაგვიძვირა. გარდა ამისა, ბანკები უარს ამბობენ ეროვნული ვალუტაში სესხის გაცემაზე, ამასთან მკვეთრად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. თუ დოლარში კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 9%-ია, ლარში - 17-18%-ია. ამ შემთხვევაში ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტია", - განმარტავს ლევან გოგსაძე.
ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს, სავალუტო კრიზისთან ერთად, პრობლემას დაყადაღებული კომპანიებიც უქმნის. იგი ამბობს, რომ ყადაღის საკითხი დღემდე ვერ გადაწყდა, რაც ახალი პროექტების განვითარებას კიდევ უფრო აფერხებს.
"ბუნებრივია, ლარის დევალვაცია ახალი პროექტების დაწყებასა და ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. უშუალოდ ჩვენ სხვა პრობლემებიც გვაქვს. დაყადაღებულია ჩვენი კომპანიები. ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმში ვართ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დადებითად უნდა გადაწყდეს.
თუკი ყველაფერი კარგად დასრულდა, ახალი წლიდან 3 დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ერთია სამშენებლო მასალის წარმოება, მეორე კერემიკა და მესამე ყავის წარმოება. სამივე საკმაოდ დიდი წარმოებებია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ვნახოთ, რა იქნება", - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.
ლარის დევალვაციით გამოწვეული რისკის გამო კომპანია "წყალი მარგებელის" მენეჯმენტი ბაზრების დივერსიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს, რათა მონეტარული რეზერვი შექმნას. კომპანიის ხელმძღვანელ ავთანდილ სვიმონიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ნეგატიურად იმოქმედა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე, თუმცა ზოგიერთ ფინანსურ პარამეტრზე ამ პროცესს დადებითი გავლენაც ჰქონდა.
ასე რომ, თუკი მთავრობა მოახერხებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობასა და გამყარებისკენ სვლას, მომავალ წელს ქვეყანაში სერიოზული პროექტების განხორციელებას უნდა ველოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენები ამბობენ, რომ მორიგ გაუფასურებას ვეღარ გაუძლებენ და ბევრი კომპანია ბაზარს დატოვებს.