"რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის პარალელურად, უკრაინულ საიტზე ისევ გამოჩნდა ფარული ჩანაწერები. გავრცელებულ მასალებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საუბრებია ჩაწერილი. ჩანაწერებში კვლავ რუსთავი2-სა და მის ირგვლივ მოვლენების განვითარების შესაძლო ვერსიაზეა საუბარი.
რუსთვი2-ის გენერალური დირექტორი ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული.
აღნიშნულ ჩანაწერს "ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეს" უწოდებს მომღერალი სოფო ნიჟარაძეც და ამბობს, რომ გამოქვეყნებული აუდიომასალა ღირსების შელახვასა და ქვეყნის იმიჯის ტალახში ამოსვრას ემსახურება.
"როგორ ფიქრობთ, უკრაინულ საიტზე რა მიზნით ვრცელდება ფარული ჩანაწერები და იწვევს თუ არა ეჭვს მათი ავთენტურობა?," - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "წინა ჩანაწერებს თუ გავითვალისწინებთ, რომელზეც თავად საუბრის ავტორები ადასტურებდნენ ჩანაწერის ავთენტურობას, ეს ჩანაწერიც დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან. თუმცა, ჩანაწერს ექსპერტიზა სჭირდება, რა თქმა უნდა.
რაც შეეხება ჩანაწერის გავრცელების მიზნებს, უკრაინაში მიდის ძალიან დიდი ბრძოლა ხელისუფლებისთვის და ალბათ კიდევ ძალიან ბევრს გამოუქვეყნებენ ასეთ ჩანაწერს."
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "ავთენტურობის თვალსაზრისით, გასაგებია, რომ ეს მათი ხმა არის, მაგრამ შეიძლება ფრაზები ამოკრიფო, დაჩეხო და დაამონტაჟო, რაზეც თავად ნიკა გვარამიაც საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს ასეა.
თუმცა, ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, მთავარი ის არის, რომ ეს იყო ხელისუფლების კიდევ ერთი პანიკური რეაქცია, რომელიც გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ბოლო მოუღო არაკეთილმოსურნეების სურვილს, რომ ერთი დაშანტაჟებული მოსამართლით გადაეწყვიტათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება.
ეს გადაწყვეტილება რომ გადაფარულიყო, იმიტომ გაავრცელეს ეს ფარული ჩანაწერები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჩანაწერებში გამოთქმული აზრების სიმძაფრე იკლებს, როგორც ჩანს, აზრიანი ჩანაწერები აღარ აქვთ. სრული უაზრობაა ეს ჩანაწერი. უნდა გამოიძიონ, ვინ აქვეყნებს, როგორ აქვეყნებს და, შესაბამისად, დაისაჯოს კიდეც".
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ავთენტურობის დადასტურება არცაა საჭირო, თავად თქვეს, ვისაუბრეთო. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსმენის უფლება ჰქონდათ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და ეჭვმიტანილი. შესაბამისად, ასეთ ხალხს უნდა მოუსმინო".
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "პირველი ჩანაწერი არავის დაუყენებია ეჭვქვეშ და ახლა იმის თქმა, რომ ეს არ არის ჩემი საუბარიო, რომელიც აბსოლუტურად ჯდება წინა საუბრის კონტექსტში და ერთი და იგივე შინაარსის არის, უკვე დაგვიანებულია და პირადად ჩემთვის არაფრის მომცემი".
ქეთი ბექაური (იურისტი): "ალბათ, ჯერ გასარკვევია აუდიოჩანაწერების რელევანტურობა. როგორ იქნა მოპოვებული, ესეც უნდა დადგინდეს. ეს არის იურიდიული საკითხები, რომლის დადგენის გარეშეც რამე შეფასების მიცემა ძნელია.
ერთი შეხედვით, ძალიან ცუდად ხვდება ყურს, როდესაც მოდით ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი იძლევა მითითებას, რათა მეზობელ ქვეყანაში მოეწყოს არეულობა. თუ დავაკვირდებით გამოყენებულ ტერმინოლოგიას, ეს აშკარად არის მოწოდება მასობრივი არეულობისკენ.
ალბათ, იმაზე უფრო უნდა ვიფიქროთ, რა მიზნით შედგა ეს საუბრები. წინა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირებმა არ უარყვეს, რომ ეს საუბარი შედგა და ჩემთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდებოდათ ეს?! - აქედან უნდა დავიწყოთ.
ხელისუფლებამ თუ მოიპოვა და მიაწოდა უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში. მეტიც, ხელისუფლება ვალდებულია, პრევენციული ღონისძიებები მიიღოს.
პირველ რიგში, უნდა გაირკვეს იურიდიული ნიუანსები, რასაც ჩვენი სამართალდამცავები, მე იმედი მაქვს, რომ მოახერხებენ და შემდეგ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე