ლიკა ამირაშვილი
04.11.2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება. აღსრულების პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაიწელება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ აღსრულების ნორმა შეაჩერა. ქიბარ ხალვაშის ხელში "რუსთავი 2" საბოლოოდ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადავა.

"რუსთავი 2"-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის ფონზე მოელით თუ არა რაიმე დაპირისპირებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ვფიქრობ, ამ ეტპაზე დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, დაპირისპირებას არჩევნებისთვის მოველი. "რუსთავი 2"-ის პოზიციას ვიზიარებ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ამ ტელეარხმა სახე შეიცვალოს. ის უნდა იყოს კრიტიკული და გარკვეული თვალსაზრისით დაპირისპირებული. რაც შეეხება დაპირისპირებას, არჩევნებისთვის დაპირისპირების ნიშნებს ვხედავ და ვგრძნობ.

 

 

 

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): დაპირისპირებას არ უნდა ველოდოთ, რადგან რუსთავი 2-ს ძალიან მცირერიცხოვანი დამცველები ჰყავს. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიდის და საქართველოში სამართალი ზეიმობს. მიშა სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველო სისხლის მორევში ჩართოს, მაგრამ ეს არ გამოუვა. მალე ისე მოხდება, რომ მიშა სააკაშვილი და მისი ამფსონები - გვარამია, ბოკერია, წიკლაური - საბრალდებო სკამებზე დასხდებიან. ვფიქრობ, რომ იგივე მოსამართლე ურთმელიძეს მოუწევს მათი შავ-ბნელი საქმეების გამოაშკარავება და მათთვის შესაბამისი სასჯელის დაწესება.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აღსრულება შეჩერდეს. თუმცა, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან მაინც ისე გაკეთდება, როგორც სასამართლომ მიიღო. სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და ტელეკომპანია კანონიერ პატრონს დაუბრუნდა. სხვა საქმეებშიც ასე უნდა მოხდეს. ეს უბრალოდ გახმაურებული საქმეა. უამრავი ადამიანია დაზარალებული და თავისი ქონება ყველას უნდა დაუბრუნდეს.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, დაპირისპირება არ უნდა მოხდეს. მიმაჩნია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" თავის სტატუსს შეინარჩუნებს. რაც შეეხება დაპირისპირებას, არ ველოდები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×