თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინება მიიღო. ტელეკომპანიაში დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნნენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე საზოგადოების ნაწილში მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. პარალელურად, "რუსთავი 2"-ის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავენ - ისინი იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის ცხადია, რომ მთელი სახელმწიფო ივანიშვილის დირიჟორობით მუშაობს იმისათვის, რომ ერთადერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომელიც ოპოზიციურ აზრს აჟღერებს, სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გადაიყვანონ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. აქედან გამომდინარე, აქ საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედი წყდება, აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო ძალიან დიდი ხნით შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს დაშორდეს."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ეს გადაწყვეტილება სამართლიანად მიმაჩნია, იმიტომ, რომ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაბლოკილი იყო. თავის დროზე დვალს რომ "რუსთავი 2" წაართვეს, ეს ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, მენეჯმენტი იმან უნდა განახორციელოს, ვისაც ეს ტელევიზია ეკუთვნის. მარტო "რუსთავი 2" კი არა, უამრავი სხვა შემთხვევაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს და ქონება თავის პატროს დაუბრუნდეს."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდებას" დამფუძნებელი): "ეს გადაწყვეტილება მხოლოდ არასამართლიანი კი არ არის, არამედ მოსამართლემ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო. უსამართლობაზე უკვე აღარ ვსაუბრობ. მოსამართლემ და მისმა დამკვეთმა ბიძინა ივანიშვილმა კონსტიტუცია დაარღვიეს და საქართველოში ფაქტობრივად საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყვეს."
ქეთი ბექაური (იურისტი): "განჩინებას არ ვიცნობ, მაგრამ, როგორც ვიცი, მოსამართლემ სამოქალაქო კანონის მორიგი ნორმა გამოიყენა. როდესაც დაუყოვნებლივი აღსრულება არ ხდება, მოსამართლეს უფლება აქვს, მოცემული ნორმა გამოიყენოს და დროებითი მმართველი დანიშნოს, რათა ქონება არ დაიკარგოს.
"სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, მაგრამ აღნიშნული ნორმის შესახებ ვიცი. ამდენად, ეჭვის საფუძველი არ მაქვს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება კრიტიკულად შევაფასო. მოსამართლის გადაწყვეტილების ნდობა უნდა ვისწავლოთ, ვიდრე ამ გადაწყვეტილების უკანონობას ზემდგომი ინსტაციები არ დაამტკიცებენ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე