გვანცა ღვედაშვილი
08.11.2015

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება.

"აშშ ღრმად არის შეშფოთებული "რუსთავის 2"-ის საკითხით და მისი მნიშვნელობით საქართველოში მედია თავისუფლების, პოლიტიკურ პლურალიზმისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

"სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანიის მმართველობის შეცვლის მცდელობას ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელი უნდა შეეწყოს კრიტიკულ აზრს და არა დუმილს. როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საფუძველია და კვლავ გადამწყვეტი რჩება საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", - განაცხადა კირბიმ.

მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი):  "ევროატლანტიკური ორიენტაცია არის საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და საქართველო მუდმივად ადასტურებს, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა. პრინციპში, სხვა ალტერნატივა მას არც აქვს. ასე რომ, ეს არანაირად არ იმოქმედებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებზე."

 

 

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "შეშფოთებას ეგენი სოხუმზე და სამაჩაბლოზეც გამოთქვამდნენ, სულ ეგრე არიან - ხან შეშფოთდებიან, ხან აღშფოთდებიან და მერე დამშვიდდებიან.

"არ მესმის, ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს რატომ ადებენ. ორი მეპატრონე ერთმანეთს ედავება წილებზე. რომ არ დაებრუნებინათ პატრონისთვის, მაშინ რას იზამდნენ, ან მაშინ რატომ არ შეშფოთდნენ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს ართმევდა ბიზნესებს, მაშინ რატომ არ გვექმნებოდა საფრთხე ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე?!"

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "რუსთავი 2"-ის გამო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციას საფრთხე ნამდვილად არ შეექმნება. "რუსთავი 2" არ არის იმ რანგის კონფლიქტი და, ამასთან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროპელებისთვის გასაგები არის ის, რომ ადამიანს უნდა, დაიბრუნოს თავისი ქონება. ვინც ამას სხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევს, ძალიან მაინტერესებს, საიდან მოაქვს.

"როდესაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნეს ქონება, მაშინ არ იყო ზეწოლა ტელევიზიაზე? მაშინ რა დააშავა ქიბარ ხალვაშმა, რატომ არ უნდა დაუბრუნდეს ქონება მას?!

"ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე გავლენა იქონიოს ამ პროცესებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე."

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "არ მგონია, რაიმე გავლენა იქონიოს ევროპასთან ურთიერთობაზე. ყველა ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ჩაიხედავს ამ საქმეში, ვერ იტყვის, რომ თავისუფალ სიტყვას მათ ვინმე უზღუდავს.

"მას მერე, რაც მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, "რუსთავი 2"-ზე მუდმივად მიდის ამ მთავრობის ლანძღვა თავის მოსამართლიან, პროკურორიან, უმცროსიან-უფროსიანად და მეტი სიტყვის თავისუფლება რაღა უნდათ, ვერ გავიგე.

"ტელევიზიას რომ მაღალი რეიტინგი აქვს და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ეს ფაქტია, რადგან ყველა ტიპის გადაცემა მაღალ დონეზე აქვთ გაკეთებული - გასართობი პროგრამიდან ნიუსებამდე. სხვა საკითხია ის, თუ როგორ მიჰყავთ ნიუსის ხაზი. თუმცა, ფაქტია, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის გადაცემები აქვთ.

"ეს ყველაფერი არის უკვე ნერვების თამაში. რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამაში ხელს ნამდვილად ვერ შეუშლის მიმდინარე მოვლენები."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×