სამსახურის ძიებისას განსაკუთრებული დაკვირვება გმართებს - შენმა არჩევანმა, შესაძლოა, განსაზღვროს შენი მომავალი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. არ ვიცი, სხვასთან ეს როგორაა, თუმცა, ჩემთან ეს წესი 100 პროცენტით მუშაობს.
ასე იყო შორეულ 1992 წელს, როდესაც 19 წლის სტუდენტი, რომელსაც ბევრი დრო ჰქონდა და თავგადასავლები იტაცებდა, გაზეთ "რეზონანსის" რედაქციაში მივედი. გაზეთი ის-ის იყო, თავის ადგილს იმკვიდრებდა საქართველოს პრესის ბაზარზე და ექსპერიმენტებს ატარებდა, მათ შორის, კადრების შერჩევის კუთხითაც - მაგალითად, გაზეთის წამყვან ძალად მიიჩნეოდნენ ისინი, ვისაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან შეხებაც კი არ ჰქონდა. აქ იყვნენ ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ბიოლოგები, ასევე ფილოსოფოსები და ისტორიკოსები, მაგრამ არა დიპლომირებული ჟურნალისტები.
კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც მაშინდელ "რეზონანსს" ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან გამოარჩევდა, მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდების თავისებური სტილი იყო - მოკლე და ლაკონიური. ბოლო-ბოლო, თავად "რეზონანსი" მხოლოდ ოთხი გვერდისგან შედგებოდა, სადაც მიჯრით იყო მიწყობილი ათობით სტატია. ფოტოზე, კარიკატურასა ან დიაგრამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
"რეზონანსი" იყო იმდროინდელი მომხმარებლის ჯიბეზე ზუსტად მორგებული პროდუქტი, რაც მალე აისახა კიდეც ტირაჟზე. ეს იყო ერთგვარი ცნობის ფურცელი, სადაც ინფორმაციის გარდა სხვა საინტერესო ჟურნალისტური ნამუშევრების წაკითხვაც შეგეძლოთ. მოკლედ, ეს იყო ახალი სიტყვა იმჟამინდელ ქართულ მედიაში. ამდენად, სასიამოვნო იყო იმის აღქმა, რომ ამ სიახლის მონაწილე შენც იყავი.
1992 წლის ნოემბერში "რეზონანსის" თანამშრომელი გავხდი. რედაქტორმა გადმომცა პრესის წიგნაკი, ე.წ. "ქსივა", რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბევრ კარებს აღებდა ჩემნაირი დაუპატიჟებელი სტუმრისთვის. მაშინ სტუდენტი ვიყავი და როდესაც ლექციები სრულდებოდა, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი რედაქციაში, იქიდან - სტატიის მოსამზადებლად. ინფორმაციის მოსაგროვებლად დავდიოდი თბილისის ერთი ბოლოდან მეორეში. კარგად მესმოდა, რომ "ქსივას" ქონა ბევრს არაფერს ნიშნავდა, აუცილებლად უნდა დამემტკიცებინა რედაქციისთვის და პირველ ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, რომ ჩემს მცდელობას შედეგი აუცილებლად მოჰყვებოდა.
ახალ გატაცებაში განსაკუთრებით ის მომწონდა, რომ არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდა და გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ნაცნობების წრე, რომლებიც სიამოვნებით მიზიარებდნენ ამა თუ იმ კულუარულ ინფორმაციას. რა სჯობს, როდესაც ფლობ ისეთ ცნობებს, რომელსაც გაზეთებში ვერ ამოიკითხავ. მალე ჩემი ნაცნობების წრეში აღმოჩნდნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვის პროცესებში. მომხდარა ისე, რომ ინსტიტუტში გამოცდების დროს ლექტორებს ჩემ მიერ ნასწავლი კი არა, სამთავრობო კულუარული ამბები უფრო აინტერესებდათ. ცოდვა გამხელილი სჯობს და ამით ბევრჯერ მისარგებლია კიდეც.
მალე დადგა დრო, როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა - ან სერიოზულად უნდა მოვკიდებოდი ჟურნალისტურ საქმეს, ან ინსტიტუტისთვის მეტი დრო უნდა დამეთმო და უკეთესი ინჟინერ-ტექნოლოგი უნდა გამოვსულიყავი. ერთმა შემთხვევამ აღნიშნული დილემა თავისით გადაწყვიტა.
1993 წლის ივნისში ერთ-ერთი ჩემი "წყაროსგან" ხელში ჩამივარდა იმხანად სკანდალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველო დსთ-ს ეკონომიკურ კავშირში წევრიანდებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამეგობრობაში საქართველო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევიდა, ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქცია მოჰყვებოდა ასეთი დოკუმენტის პრესაში გამოქვეყნებას. მით უფრო, რომ მას ხელს აწერდა საქართველოს მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი. "რეზონანსმა" მისი ხელმოწერის ფოტო პირველ გვერდზე გამოიტანა. სკანდალი შედგა. "რეზონანსის" ყველაზე მეტი ეგზემპლარი იმ დღეს ალბათ პარლამენტში გაიყიდა. მარგიანის ქმედება, რომელიც იმხანად საქართველოში არ იმყოფებოდა, დეპუტატთა დიდმა ნაწილმა ერის ღალატად შეაფასა.
მე, როგორც სკანდალური სტატიის ავტორი, ძალიან ამაყი ვიყავი. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, მთელი პოლიტიკური ელიტა საუბრობდა იმ ცნობებზე, რომელიც მე მოვიპოვე. მას შემდეგ, რაც გაზეთის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა შემაქეს, თითქოს ფრთები გამომესხა. რამდენიმე დღეში იმ ადამიანთან შეხვედრა მომიწია, რომელმაც სკანდალური დოკუმენტი გადმომცა. ის მარგიანის აპარატში მუშაობდა და როგორც ეტყობოდა, ძალზე ნანობდა, რომ დოკუმენტების ასლი სახლში გამატანა.
მალე ჩვენი დიალოგი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. როგორც მოგვიანებით შევიტყე, ჩემი მეტოქე პროფესიონალი სპორტსმენი ყოფილა. მისგან მუშტი კი ვიგემე, მაგრამ სირბილი მე უკეთესი მცოდნია... ერთს მივხვდი, რომ კანცელარიის შენობიდან ვერ გავასწრებდი, ამიტომ ინციდენტის ადგილის სიახლოვეს ერთ ჩემი ნაცნობი მოხელის ოთახში შევვარდი და დახმარება ვთხოვე. იმ დღემ რამდენიმე ახლო მეგობარი შემძინა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანი, მათ შორის, ნიკო ორველაშვილი, დღეს ჩვენ შორის აღარ არის.
ჩემი ისტორია იმ დღესვე გახდა ცნობილი მთელი მედია და პოლიტიკური წრეებისთვის. ჩემი გვარი გაისმა საქართველოს მაშინდელ პარლამენტში, სადაც გაკეთდა ჩემი დამცავი განცხადებები. ყოველივე ეს სერიოზული მინიშნება იყო იმ ხალხისთვის, რომლებიც იმ კონკრეტულ დღეს ჩემთან ანგარიშსწორებას ცდილობდნენ. საშიშროებამ ჩაიარა.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა კარგად მახსოვს, როდესაც გვიან ღამით ჩემმა ახლადშეძენილმა მეგობრებმა გასაიდუმლოებული ბინიდან სახლში მიმიყვანეს, ზუსტად ვიცოდი, რომ მე ჩემი მომავალი პროფესია უკვე ნაპოვნი მქონდა.