რუსეთის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე სიდიდით მესამე კომპანია "ვიმპელკომს" აქციონერები უჩივიან. ისინი კომპანიას შეცდომაში შეყვანასა და ინფორმაციების დამალვაში ადანაშაულებენ. "ვიმპელკომის" მიმართ საქართველოში ინტერესი ძალიან დიდია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "კავკასუს ონლაინის" ყიდვას აპირებს. თუ ეს გარიგება შედგა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას შეძლებს.
"რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მობილური ოპერატორის, "ვიმპელკომის", აქციონერებმა კოლექტიური სარჩელი შეიტანეს და კომპანიის მენეჯმენტს ბრალი დასდეს, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში - 2011 წლის 30 ივნისიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე - შეცდომაში შეჰყავდათ.
რწცფკვ პ თქშერ-ის საადვოკატო ბიუროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ აქციათა ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, "ვიმპელკომის" ინვესტორებმა დიდი ზარალი განიცადეს და ეს მიმდინარე გამოძიებითაც დადასტურდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ აღნიშნული პერიოდის განმვლობაში მოპასუხეები ცრუ ან შეცდომაში შემყვან განცხადებებს ავრცელებდნენ და არ განუმარტავთ, რომ კომპანიის ბიზნესსაქმიანობა არსებული კანონების დარღვევით მიმდინარეობდა.
აქედან გამომდინარე, "კომპანიის განცხადებები მის ბიზნესსაქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო", - ნათქვამია რელიზში.
"ვიმპელკომის" საქმეს ამჟამად ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია, აშშ იუსტიციის დეპარტამენტი და ნიდერლანდების სახელმწიფო პროკურატურა იძიებს. საქმე ეხება კომპანიის საქმიანობას უზბეკეთში. კერძოდ, აშშ-ში იკვლევენ "ვიმპელკომისა" და ორი სხვა კომპანიის - ქწიშდუ ეუდუთნთეუქ ზოთს-ისა და ეუდშფთწტუკფ ფი-ის საქმიანობას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კომპანიებმა ასობით მილიონი დოლარი გადაიხადეს ქრთამის სახით, რათა უზბეკეთის ბაზარზე დამკვიდრებულიყვნენ.
აქედან გამომდინარე, ნორვეგიის სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელენორის" განცხადებით, კომპანია გეგმავს გაყიდოს თავისი კუთვნილი წილი "ვიმპელკომში" და ამიერიდან თავის ძირითად ოპერაციებზე მოახდინოს ფოკუსირება.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ნორვეგიის პროკურატურამ "ვიმპელკომის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯო ლუნდერი დააკავა (რომელიც კომპანიას ხელმძღვანელობდა 2011-15 წლებში). იგი კორუფციაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დაიკითხა. ყოფილი დირექტორი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს.
პარასკევს "ვიმპელკომმა" განაცხადა, რომ მესამე კვარტალში მისმა საერთო ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ვინაიდან კომპანიამ გადაწყვიტა 900 მილიონი დოლარი გადაედო გამოძიებასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების დასაფარავად.
რწცფკვ პ თქშერ-ის რელიზის თანახმად კი, "ვიმპელკომის" ინვესტორებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ კოლექტიურ სარჩელში, შუამდგომლობა უნდა აღძრან 2016 წლის 4 იანვრამდე, რათა მოხდეს მათი მოსარჩელეებად დაფიქსირება.
რაც შეეხება, საქართველოს ინტერნეტ სივრცეში "ვილპელკომის" შემოსვლას, "რეზონანსი" პირველი იყო, რომელმაც კომპანიის ამ სურვილის შესახებ დაწერა. "ვიმპელკომს" "კავკასუს ონლაინის" შეძენის დიდი სურვილი რომ აქვს, "რეზონანსთან" საუბრისას "კავკასუსის" დამფუძნებელმა მამია სანადირაძემაც დაადასტურა. იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგა და ბაზარზე რუსული კომპანია შემოვიდა, მაშინ მისი ხელში აღმოჩნდება მთავარი კაბელი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამით კი რუსეთს ყველა მიმოწერის, სატელეფონო ზარის გაკონტროლება შეეძლება.
"მაქვს ინფორმაცია, რომ "კავკასუს ონლაინის" შეძენას აპირებს "ვიმპელკომი". თუ ასე მოხდა, მაშინ რუსეთი ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს", - განაცხადა მამია სანადირაძემ.
საქმე ეხება 1200-კილომეტრიან კაბელს, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. მისი მეშვეობით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე მისი გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.