ნინო ქეთელაური
16.11.2015

 "სახლიდან ნუ გავალთ, ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია განმეორება" - ასეთია საერთო განწყობა ქართველ ემიგრანტებში, რომლებიც ამჟამად პარიზში იმყოფებიან.

ისინი "მთელ კვირასთან" პარიზში არსებულ მდგომარეობაზე და განწყობაზე საუბრობენ. მათი რეაქცია პარასკევს მომხდარ ტრაგედიაზე განსხვავებულია. ამბობენ, რომ არასდროს უნახავთ პარიზის ქუჩები ასეთი ცარიელი და მოსახლეობა შეშინებული. მათი თქმით, შაბათს ქალაქი პარალიზებული იყო, მუშაობდა მხოლოდ გადაუდებელი დახმარების ცენტრები და მეტრო, ისიც შეზღუდვებით.

"ახლა მაღალ მატერიებსა და სულიერ სიღრმეებზე ფიქრები კი არა, ერთადერთი სიცოცხლის ვიღაც ნაძირლებისგან უეცარი ხელყოფის შიში კლავთ ადამიანებს და მეც. რასაკვირველია, მეც მეშინია.

"ჩემ წინ თავსაბურავიანი მაჰმადიანი ქალი იჯდა მატარებელში. ხელებში ვუყურებდი. თუ საეჭვოდ გაინძრეოდა, ვეცემოდი ყელში. მართლა ვარ ამისი ჩამდენი. ყველა მაჰმადიანი ტერორისტი მგონია უკვე.

"ისტერიკა მაქვს გულისრევის მოუშორებელი შეგრძნებით, გვიან ღამიდან ამ წამამდე. წარმომიდგენია, როგორ ვხოცავ ისლამისტებს და ვახრჩობ, შიოს, სხვა ბავშვების, სხვა ხალხის, თავის გადასარჩენად და მაზიდებს, რომ სიმწრისგან ამის ჩადენა ალბათ მეც შემიძლია!" - ეს პარიზში მცხოვრები ქართველის ლელა ლაშხის რეაქციაა 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

მისი თქმით, ქალაქში სრული პანიკაა და მოქალაქეებს შიში აქვთ, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულდება:

"ისტერიული ფონია მთელ ქალაქში. ადამიანები დადიან და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ არის და ელიან დარტყმებს. ლე პენი უარესად აქეზებს და ოლანდს მეჩეთების დახურვისკენ მოუწოდებს. ეს უფრო მეტად გაამწვავებს ვითარებას. დეპორტაცია დავიწყოთო, სერიოზული ომი მოჰყვება ამას", - ამბობს ლაშხი "მთელ კვირასთან" საუბრისას.

მას მხოლოდ 2 მეგობარი ჰყავს პარიზში და ორივე მათგანი კარგადაა, დანარჩენი ქართველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრენა აღდგა, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით და ისიც, გამკაცრებული ზომების დაცვით.

დაკარგულად ითვლებოდა საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ პარიზში. ერთდღიანი ძებნის შემდეგ საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავშირება ორივე მოქალაქესთან მოხერხდა:

"2 საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ეძებდა საქართველოს საელჩო საფრანგეთში ახლობლების შემოსული ზარების საფუძველზე, ნაპოვნია. იმყოფებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე, უსაფრთხოდ", - განაცხადეს საქართველოს საელჩოში.

რაც შეეხება საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანი დაშავებულთა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არ არის.

"ტერორიზმს მიზეზი არ სჭირდება!" - განუცხადა "მთელ კვირას" პარიზში მცხოვრებმა ნინო თუთბერიძემ, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილი ან დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ ყველა იქ მცხოვრები ქართველი სალჩოს მხრიდან ინფორმაციის გავრცელების მოლოდინშია.

"ვფიქრობ, პანიკის პროვოცირების დრო არ არის. პირადად არ მაქვს ინფორმაცია რომელიმე ქართველის შესახებ, რომელიც ამ ვითარებას უშუალოდ შეესწრო. ზოგადად, ყველანი იმ კადრებით ვეცნობით სიტუაციას, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა და თქვენც გაქვთ წვდომა.

"ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ეს არის უდიდესი ტრაგედია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება თანამედროვე მსოფლიოსთვის. ტერორიზმს მიზეზი არ სჭირდება. სიტუაციას გააჩნია, ცოტა ხნით ადრე თუ "შარლი ებდოს" კარიკატურები დაედო საფუძვლად სისხლთაღვრას, ახლა უდანაშაულო ადამიანები, სამშვიდობოდ შეკრებილები, კონცერტზე გასართობად მისულები ვერ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში", - აცხადებს ნინო თუთბერიძე.

პარიზში მცხოვრები გრიგოლ გაგოშიძე "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ტერორისტულ აქტამდე რამდნიმე დღით ადრე პოლიციამ განსაკურებული კონტროლი დააწესა და ყველას უკვირდა მათი ამგვარი ქმედება.

"მე არ შევსწრებივარ ამ ყველაფერს და არცერთი ჩემი მეგობარი. სავსებით შესაძლებელი იყო ესეც, რადგან პარასკევ საღამოს ყველა სადღაც მიდის განტვირთვისთვის. იმ დღეს კი ყველა სახლში აღმოჩნდა, მათ შორის ჩემი მეგობრებიც. მადლობა ღმერთს, მაგრამ შოკი იყო ის, რაც მოხდა. ისინიც ჩვენნაირი ახალგაზრდები იყვნენ, ვინც დახოცეს არაფრის გამო.

"ქართველებისგან არავინ გამიგია რომ დაშავებულიყოს. პანიკას რაც შეეხება, ზოგი პანიკაშია, ზოგი ვერც აცნობიერებს, რა მოხდა. შიში ყველას ექნება, ბუნებრივია, რადგან ეს ისე მოულოდნელად მოხდა. მითუმეტეს პარიზის პოლიცია ძალიან აქტიურად მუშაობდა. ზოგჯერ ხალხს მეტროს ამოსასვლელში ხვდებოდნენ და ჩხრეკდნენ", - ამბობს გრიგოლ გაგოშიძე.

როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც ფლობდა ტერაქტის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას და წინა ღამეს საზღვარზე ჯარის მობილიზებაც მოახდინეს.

"ქუჩაში, სადაც ხალხმრავალი ადგილებია, ყველგან ავტომატით შეიარაღებული პოლიციელები დადიოდნენ. ჰქონდათ ალბათ მოლოდინი. ამ ფონზე როგორ მოახერხეს ისლამისტებმა ამის გაკეთება, ცოტა წარმოუდგენელია.

"ჩემს მეგობარს მეზობელმა უთხრა წინა დღეს, რომ საფრანგეთმა ჯარი ჩააყენა საზღვართანო. ეს არ მოხდებოდა უმიზეზოდ, ვფიქრობ, მოლოდინი ნამდვილად ჰქონდათ.

"ზუსტად არ ვიცი, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ტერაქტი, მაგრამ როგორც მე გავიგე, საფრანგეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებდა სირიაში, ამიტომაც შესაძლებელია ამის გამო იძიეს შური", - აცხადებს გრიგოლ გაგოშიძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ფრანგულად გამართულად საუბრობდნენ. ამასთანავე, ერთი დაკავებული ტერორისტიც საფრანგეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გრიგოლ გაგოშიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს ყველა ტერორისტი მეორე-მესამე თაობის მიგრანტები იყვნენ:

"მეც გავიგე იმის შესახებ, რომ ტერორისტები ფრანგულად საუბრობდნენ. ამბობენ, ისინი მეორე-მესამე თაობის მიგრანტები იყვნენო. ალბათ ამის შესახებ გააკეთებენ განცხადებას", - აცხადებს გრიგოლ გაგოშიძე.

ტერაქტის განმეორების შიში აქვთ გერმანიაში მცხოვრებ ქარველებსაც და ამბობენ, რომ გერმანიის მიმართაც იყო მუქარა. იმ ფაქტს, რომ ტერაქტი საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო გუნდების თამაშის დროს მოხდა, ემიგრანტები მინიშნებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ თავდაცვითი ზომების გამკაცრება გერმანიაშიც საჭიროა.

ამას დაერთო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ტერაქტის საფრთხე არის, მაგრამ არავის უნდა ეშინოდეს.

ტერაქტის გერმანიაში განხორციელების საფრთხეზე საუბრობს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარიამიც. მისი თქმით, მოსახლეობა ამაზე აქტიურად მსჯელობს:

"მე ქალაქ ფრანკფურტთან ვცხოვრობ, თუმცა ახლა იმასაც ავრცელებენ, რომ გერმანიაშიც შეიძლება იგივე მოხდეს და საყოველთაო თავშეყრის ადგილებს მოერიდეთო. აფეთქება სამ ადგილას მოხდა და ერთ-ერთი აფეთქება სწორედ იმ სტადიონთან მდებარე კაფეში იყო, სადაც ფეხბურთის თამაში მიმდინარეობდა გერმანია-საფრანგეთს შორის", - ამბობს მარიამი.

კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის, თაკოს თქმით, გერმანიაში განსაკუთრებით შეიცვალა ადგილობრივების მხრიდან ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულება:

"ძალიან ბევრი ლტოლვილი შემოუშვეს ქვეყანაში ყოველგვარი კონტროლის გარეშე. ამ ტერაქტის შემდეგ ადგილობრივების მხრიდან ლტოლვილების მიმართ აგრესიამ იმატა. დიდად ვერ ვერკვევი პოლიტიკაში, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო ცუდს უნდა ველოდოთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×